понедельник, 29 февраля 2016 г.

გემრიელი დიეტური საკვები


ეჭვი არ მეპარება, რომ ამ სათაურმა იმედი ჩაგისახათ ან, სხვა თუ არაფერი, ინტერესი მაინც გაგიღვივათ, მაგრამ უნდა გაგაწბილოთ, რამეთუ, ჩემი აზრით, (ხაზს ვუსვამ, რომ ეს ჩემი აზრია, იმედის სახელით! J ) არც ერთი დიეტური საკვები გემრიელი არ არის!

რატომ?

ადამიანების გემოვნებას რაკი აღზრდა, ქვეყნის კულტურა და ტრადიციები აყალიბებს ( რომელიც თავის მხრივ, კულტურის ნაწილია) ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს სწორედ ამ ნიშნით განვითარებული გემოვნება გვაქვს. ამიტომაც, ჩვენი საკვები, რომელსაც ყოველდღიურობაში მოვიხმართ, ყოველთვის ჩვენი პირის გემოს ( ანუ გემოვნების) გათვალისწინებით არის მომზადებული.

მაინც რას მიირთმევენ საქართველოს მოქალაქეები ჩვეულებრივ, არასადღესასწაულო სუფრასთან?



პირველ ადგილზე ამ ჩამონათვალში, იმედი მაქვს, დამეთანხმებით, რომ ხაჭაპური უნდა შევიტანოთ. რაკი ჩემი მკითხველების უდიდესი ნაწილი მანდილოსნები ბრძანდებით, იმისი იმედიც მაქვს, რომ ყველა შესაძლებელ შემთხვევაში, თქვენც, ჩემი არ იყოს, ოჯახს აუცილებლად ანებივრებთ ქართული კულინარიის ამ საოცრებით. მით უმეტეს, რომ ამ ‘’ნებივრობაში’’ ყველაფერი გვიწყობს ხელს. პირველ რიგში კი მთელს საქართველოს ინფექციასავით მოდებული სწრაფი კვების ობიექტები, სახაჭაპურეები, რომელთა უმრავლესობა, ისევ ჩემი აზრით, სასწრაფოდ არის დასახური, ეგება და რამენაირად გადავირჩინოთ თავი უვარგის ცხიმზე დამზადებული, ჩვენი ჯანმრთელობისთვის ამიტომაც საზიანო, მაგრამ საკმაოდ გემრიელი საკვებისგან.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ კარგი და თავდადებული დიასახლისების დიდი ნაწილი, იმის ნაცვლად,რომ ოჯახს დილაობით წყალზე მოხარშული სასარგებლო ჰერკულესის ფაფით ან კარგად გახუხული ტოსტის პურით და ერთი ნაჭერი ყველით გაუმასპინძლდეს, ხშირად იწუხებს თავს ხაჭაპურის ცხობით. ამ უალტერნატივო საკვების ცდუნებას კი ძალიან ცოტა ადამიანი თუ უმკლავდება.

ჰოდა, ბევრი ფიქრის გარეშეც შემიძლია ''ვურჩიო'' ჯანმრთელობის სამინისტროს _ თუ მას საკუთარი ერის ჯანმრთელობისტთვის უძგერს გული, შეუძლია დღესვე დაიწყოს ანტიხაჭაპურული კომპანია, რომელიც ჩვენი ერის სისხლძარღვებსაც საგრძნობლად მოუმატებს გამავლობას და ერს შეთხელებაშიც დაეხმარება J

მეორე ადგილზე, რაკი ოჯახურ მენიუზე ვსაუბრობთ, მინდა იმ წვნიანების ჩამონათვალი განვიხილოთ, რომელსაც ნორმალური დიასახლისები ხალისით ვუმზადებთ ოჯახის წევრებს.



უკრაინული ბორში, სუპ ხარჩო, მაწვნის სუპი( ეს თბილისელების საყვარელი კერძია), ქათმის ბულიონი, ჩიხირთმა.
მშვენიერი ჩამონათვალი, რომელიც კი არ გვაჯანსაღებს, არამედ გვასუქებს.

რატომ?

იმიტომ რომ, ამ კერძების მოსამზადებლად ჩვენ ხორცის ცხიმიან ნახარშს ვურევთ ბოსტნეულთან, ქათმის ნახარშს ვამატებთ ფქვილს, კვერცხს, ყველაზე უწყინარ მაწვნის სუპსაც კი ჩვენ ბევრი კარაქის, არაჟნის, კვერცხის და ზოგ შეთხვევაში ფქვილის დამატებით ვამზადებთ.

მესამე ადგილი:



ყველაზე იოლი გამოსავალი დიასახლისისთვის, რომელსაც საკუთარი დრო ეძვირფასება:
კატლეტი.
რითი ვამზადებთ ამ კერძს?

კატლეტზე ცხონებული ბიძაჩემი გამახსენდა, რომელმაც ჭეშმარიტად იცოდა კულინარიის და პირის გემოს ფასი. მას ხშირად ვეკითხებოდი სხვადასხვა კერძების რეცეპტს, ჰოდა, როცა მისი გასაოცარი გემოს კატლეტის რეცეპტი ვიკითხე ( ხუთსულიანი ოჯახი ჰყავდა), სწავლება ასე დაიწყო: ვიღებთ სამ კილოგრამ საქონლის ხორცს და ორ კილოგრამ ღორის ხორცს... დღემდე მეცინება, იმიტომ, რომ იმ ჯერზე ვერაფერი გავიგე იმის არდა, რომ ჩემი ბიძია, რომელიც კვირაში სამჯერ მაინც დადიოდა ბაზარში, თვლიდა, რომ ხუთსულიან ოჯახს მხოლოდ კატლეტის მოსამზადებლად, ორდღიანი მარაგისთვის, 5 კილოგრამი ხორცი სჭირდება. J მაშინ ისიც გავიგე მისი პირიდან, რომ თურმე, კატლეტი, რომელიც ძალიან რთული შემადგენლობისაა, მარწყვივით იჭმევა, ამიტომ ბევრი უნდა იყოს, გავლა-გამოვლაზე თავისუფლად რომ შეგეძლოს აღება. დიახ, სამწუხაროდ, კატლეტი რთული შემადგენლობის საკვებია რაკი მასში ღორის, საქონლის ხორცის გარდა, პურს, ბოსტნეულს, კვერცხს, მწვანილს, სანელებლებს ვუმატებთ და შემდეგ ორცხობილაში ამოვლებულს დიდი რაოდენობით ცხიმში ვწვავთ ( კარაქში და ერბოში უფრო გემრიელია, მაგრამ არც ზეთია ურიგო, მაგრამ ორი კილოგრამი რომ შეწვა, ისევ სამწუხაროდ, ნახევარ ლიტრამდე ზეთი უნდა შეასრუტინო... აი კარაქისა კი არ ვიცი, რადგან ვცდილობ ეს მაინც არ გავაკეთო. )

ახლა წარმოვიდგინოთ, ეს ძვირფასი, ჭეშმარიტად ყოველდღიურობისათვის შესანიშნავი საკვები რასთან ერთად უნდა მივართვათ ოჯახს?  გარნირად კარტოფილის პიურე ან მაკარონი მოგწონთ? გნებავთ წიწიბურა იყოს... გითხრათ ამით რას ვაშავებთ? რას და, ღმერთო მაპატიე ესენი რომ მაქვს მრავლად ნაკეთები... ამით ჩვენ სრულიად შეუსაბამო კომპონენტებით ‘’ვტენით’’ საყვარელ ადამიანებს. L  


მეოთხეადგილოსანი კერძი, რომელსაც ხშირად ვამზადებთ დიასახლისები, ქართველთა და არამარტო ქართველთა საყვარელი აჯაფსანდალია J და თუ შეიძლება ახლა მაინც არ გაგიხეთქოთ გული, არა?! J

კერძი _ ‘’ბოსტნეულის ზეიმი’’, რომელის ყველაზე გემრიელი ვარიანტიც ამ კერძის ყველა კომპონენტის ჯერ სათითაოდ შეწვას და შემდეგ მათ შერევას გულისხმობს.
მაგრამ ამოცანა გვეკითხება, თუ ყველა ამ კომპონენტს ერთმანეთში შერევამდე სათითაოდ შევწვავთ, რამდენი  მზესუმზირის, ან გნებავთ სიმინდის თუ ზეითუნის ზეთის გამოყენება დაგჭირდებათ ამისათვის?

წარმოიდგინეთ სანახევროდ დაცლილი ზეთის ბოთლი?

ჰოდა, რა გამოდის?

გამოდის,  რომ რაკი ქართველის და არა მარტო ქართველის, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქის პირის გემო ნოყიერ, რთული შემადგენლობის საკვებს აღიარებს მხოლოდ, ჩვენ იმდენს ‘’ვახერხებთ’’, რომ ჩვენს ყოველდღიურობაში ჩვენი სამზარეულოდანაც და უცხო ქვეყნების სამზარეულოდანაც მხოლოდ ის კერძები გამოვიყენოთ, რომელიც ჩვენთვის მოსაწონ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

ისევ იმით გავაგრძელებ, რითიც დავიწყე და ახლა ჩემი ჩამოთვლილი რჩეულების დიეტურ, ყოველდღიურობაში, გონიერთათვის მოსხამარ ვარიანტს შემოგთავაზებთ. J

ხაჭაპური. J

ის ვერასოდეს გახდება დიეტური საკვები. ამიტომაც, თუკი დიეტა და გახდომა განიზრახეთ, როდესაც მისი სუნი გეცემათ, თავი დახარეთ ( თვალებს ნუ დახუჭავთ, ქუჩაში საშიშია ) და სასწრაფოდ გადადით ქუჩის მეორე მხარეს.... მაგრამ იმისათვის, რომ დეპრესია არ აიკიდოთ მისი მონატრებისგან, შეგიძლიათ დილაობით ორი სამი ნაჭერი ყველი უცხიმოდ დადოთ ტაფაზე ( კერამიკულ, ტეფალის, ნებისმიერ, რომელიც არ იკრობს უცხიმოდ) და კარგად გააცხელოთ. ის აუცილებლად მოგიკლავთ ხაჭაპურის ჟინს. ან მიირთვათ მხოლოდ ერთი ნაჭერი ხაჭაპური, რომელიც ჩემი ‘’გენიოსობის’’ მიუხედავად, ვერასდროს მოვახერხე.

წვნიანები. J

დღევანდელი ჩემი ჩანაწერი სწორედ ასეთი წვნიანის დამსახურებაა, ამიტომაც ''ცხელ კვალზე'', უცებ მოგიყვებით როგორ მოვამზადე ის, სანამ ''წერად დავჯდებოდი'':

ერთ კოვზ ზეითუნის ზეთში მოვხრაკე ერთი თავი ხახვი, შემდეგ იმავე ქვაბში ჩავყარე დაჭრილი სტაფილო, დავასხი წყალი, ჩავამატე დაფნის ფოთოლი და ვადუღე 3- 5 წუთით. ამას დავამატე ზუსტად ერთი სუფრის კოვზი ბრინჯი და როცა მივხვდი, რომ ბრინჯი მოიხარშა, ქვაბში ჩავუშვი წვრილად დაჭრილი თითო წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა, ერთი პატარა მწვანე, მწარე წიწაკა, ბროკოლი (დაახლოებით 100 გრამი), ორი მცირე ზომის პომიდორი. როცა ეს ყველაფერი კარგად ადუღდა და პომიდორი მიითუთქა, დავამატე ყველანაირი მწვანილი რაც კი გამაჩნდა. ბოლოს ჩავამატე ნიორი და დავასხი ვაშლის ძმარი. J

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ‘’ჯადოქრობისგან’’ მიღებული წვნიანი გადასაყლაპად ვარგისი ნამდვილად იყო, მაგრამ მას არაფერი ჰქონდა საერთო არც ბებიაჩემის მომზადებულ ჩიხირთმასთან არც დედაჩემის საყვარელ შჩისთან.

კატლეტი J

ეს კერძი, სამწუხაროდ, ყოველდღიურობიდან დასავიწყებელი გახლავთ. ან მისი დიეტური ვარიანტის მოსამზადებლად დიდი ოსტატობა უნდა გამოვიყენოთ, რადგან დიეტური კატლეტის მხოლოდ საქონლის უცხიმო ხორცით მომზადებაა შესაძლებელი, ისიც ორთქლზე. ეს კი ჩემს ძალებს აღემატება, ამიტომაც დავივიწყე კატლეტი და მხოლოდ მოხარშული ხორცით ვკმაყოფილდები.

აჯაფსანდალი.

დიეტურად ჯაფსანდალის მომზადების გენიალური ხერხია მისი შემადგენელი კომპონენტების (ბადრიჯანი, კარტოფილი, ხახვი, ბულგარული, სტაფილო) ჯერ ქურაში, ზეთის გარეშე შეწვა. სხვათა შორის, ძალიან კი შეგაშინეთ, მაგრამ ასე მომზადებული აჯაფსანდალი, ყველაზე მეტად აგიჩუყებთ გულს ჩემნაირ გურმანებს.
როდესაც ყველაფერი შეიწვება ( ქურაში უზეთოდ) პროდუქტები შეგიძლიათ მოათავსოთ ქვაბში, მოასხათ ერთი კოვზი ზეთი, დაასხათ პომიდორი,მიაყაროთ მწვანილი, თავი დაახუროთ, დადგათ ცეცხლზე და ქურაში გამომშრალი და გაბრიგინებული ბოსტნეული ორთქლში ჩაარბილოთ J



რაც შეეხება ჩემს მიერ ზემოთ ნახსენებ გარნიერებს _ მაკარონს, კარტოფილის პიურესა და წიწიბურას, მათი საწინააღმდეგო არაფერი აქვთ დიეტოლოგებს, მაგრამ ისინი დამოუკიდებელ კერძებად უნდა განვიხილოთ და არა გარნირებად. 

J დაგღალეთ?

პრინციპში, ვინც ბოლომდე მომყვა, იმედი ამქვს, არ ინანებს, რადგან მე ახლა ჩემი წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება გაგიზიარეთ, რომელიც ჩემთვის აუწონავ სიმდიდრედ გადაიქცა, რადგან თავისუფლად შემიძლია ვიხუმრო საკუთარ გურმანულ მისწრაფებებზე და ჩემი ოჯახის წევრებს, სასარგებლო საკვები შევთავაზო. 

შევხვდებით.

მანამდე კი იმედით, რომ სწორედ გამიგეთ, გთხოვთ დამიმეგობრდეთ ფეისბუქზე, რათა ერთად განვიხილოთ წონის კორექციასთან დაკავშირებული პრობლემები.

воскресенье, 28 февраля 2016 г.

ყველაფერი კარგად იქნება



ჩემი ათდღიანი ‘’შვებულება’’ ‘’სტიმულიდან’’ სახლში, ჯერაც ძალაშია.


რთული თვე იყო თებერვალი. ორი საყვარელი ადამიანი გავაცილე დიდი ხნით.

 ‘’ის’’ თბილისის აეროპორტიდან გაფრინდა. გზაზე ვსაუბრობდით სულ სხვა თემაზე და არაფერი გვითქვამს ნაღვლიანი. ერთადერთი, რაც ძალიან ნაღვლიანად მომეჩვენა, ის იყო, რომ დამშვიდობებისას მითხრა, ყველაფერი კარგად იქნებაო. ანუ ყველაფერი არც თუ ისე კარგად არის?

ჩემი შვილი კი ქუთაისის აეროპორტიდნ გაფრინდა მეორე დღეს, ამიტომაც ოკრიბას ავტოსადგურამდე მივიყვანე. გზაზე ჩვენი საუბარი ერთი ერთში იმეორებდა ''იმერული ესკიზების'' ერთ ეპიზოდს: ‘’მატარებელი რომ გაჩერდება, მერე ჩამოდი’’

იქაც და აქაც ვიცინოდი და ვცდილობდი არ მეტირა.

იქაც და აქაც მაგარი უნდა ვყოფილიყავი და რაც შეიძლება ლამაზი. ჩვენ ხომ არ ვიცით საყვარელი ადამიანებს ისევ შევხვდებით თუ არა, მე კი მინდა მათ ლამაზი ვახსოვდე.

ჩემმა ბიჭმაც მიმიხუტა და მითხრა _ დე, ყველაფერი კარგად იქნებაო.

ო, ყველაფერი არც თუ ისე კარგად არის, მაგრამ არ მინდა, რომ გამუდმებით ამაზე ვიფიქრო. როგორ შეიძლება ყველაფერი კარგად იყოს ოკუპირებულ ქვეყანაში? როგორ შეიძლება ყველაფერი კარგად იყოს ნაომარ, მეტიც, ომებწაგებულ ქვეყანაში, საიდანაც ყველა გარბის ვისაც კი გაქცევა შეუძლია ბედნიერების საძიებლად და ამას მუშაობას, სწავლას ეძახის?

როგორ უნდა იცხოვრო ასეთ ქვეყანაში?

ნუთუ ფანჯარასთან უნდა დაჯდე, ნაწნავი გვერდზე გადაიგდო და ნაღვლიანი თვალებით გზას დაუწყო ყურება?

ჰო, მაგრამ მე რომ ისეთი ძლიერი არ ვარ, რომ ასეთი სისუსტე ვაპატიო თავს?

საღამოს ყველაფერი დამილაგდა. იმანაც დამირეკა და ამანაც... ჩავედითო.
რაღაცეები მკითხეს, წვრილმანები. საბოლოო ჯამში, ორივემ ჩამაბარა ანგარიში _  უფროსმა წვრილმანების გამოკლებით, უმცროსმა თავისი წვრილმანებიანად. გამოდის, რომ სწორებას ჩემზე აკეთებენ?

J დიახ,მე დონ კარლეონე ვარ, რომელიც ყველაფერში გარკვეული უნდა იყოს? J 

რომ იცოდნენ რამდენ ენერგიას ვდებ იმაში, რომ მართლა არ დავიწნა თმა და ფანჯარას არ მივაჯდე ზლუქუნით, რომ იცოდნენ რამდენ ენერგიას ვდებ იმაში, რომ მათ გავუღიმო და მათი ღირსი ვიყო.

დამირეკეს და დავმშვიდდი.

ჰოდა, კითხვაც, ეხლა რაღა ვაკეთო, იმედი მაქვს სამუდამოდ გაქრა.

რა უნდა ვაკეთო და დაველოდო მათ, ოღონდ თვალცრემლიანი კი არა, საქმიანი.

უამრავი გეგმა მაქვს.

მთავარი ამ გეგმებში კი, როგორ სასაცილოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ჩემი წონაა J

ამ სტრიქონებს რომ ვწერდი, მეზობელმა მომიკაკუნა. ''თემატური კაკუნი იყო'' გავუღე კარი და შემოვიპატიჟე.

ჩემი წამხედურობით ისიც დიეტაზეა ( მარტო ის არა, კიდევ ბევრი ჩემი სხვა ნაცნობიც) ჰოდა, რაღაცეები მკითხა კარგი დიეტოლოგივით. 60 წლის ქალია და რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ჰქონდა ჭარბი წონა, მაგრამ ისეთი ქალურია და იმდენად სასიამოვნოა მასთან ურთიერთობა, ათ ზედმეტ კილოგრამს დაუფიქრებლად ''აპატიებ'' J მაგრამ ახლა ძალიან გასუქდა და შეწუხდა, ჰოდა, წარმოუდგენელ ნებისყოფას იჩენს, ზუსტად იმას აკეთებს, რასაც მე ‘’გამოვუწერ’’ ხოლმე.

მართალი რომ გითხრათ ცოტა შემეშინდა როდესაც პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე, ამიტომ, რაკი კერძო კლინიკაში მისვლის საშუალება არ ჰქონდა, ვაიძულე პოლიკლინიკაში მისულიყო და ის ანალიზები და კვლევები მაინც გაეკეთებინა, რაც საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში ეკუთვნის. ჩემს შიშს ისიც აძლიერებდა, რომ არტერიული ჰიპერტენზი აქვს და გამუდმებით სჭირდება წნევის დამარეგულირებელი საშუალებები... ოღონდ, ეს წნევაც და განწყობაც, დიეტის დაწყებიდან რამდენიმე დღეში უკეთესობისკენ წაუვიდა. რა თქმა უნდა, ის ხომ უმარილო დიეტას იცავს. ჰოდა, დღეს აწონვის დღე გვქონდა. იდეალური შედეგი აქვს _ ერთ თვეში მთელი 5 კილოგრამი დაიკლო.

სიხარულისგან ავცეკვდი...

მოკლედ, მერე ჩემს ამბებზე ვეჭორავე. ჩემი ბიჭის წასვლას როგორც განვიცდი, ეს ხომ ისედაც იცის, ჰოდა, იცით რა მოხდა?
ჩემი გასუქების მიზეზეზები გამახსენა.
განა რა დამემართა ამაზე მეტი შარშან?
შარშან სამსახური დავკარგე და ისინი საზღვარგარეთ გავისტუმრე... ჰოდა, დავჯექი და ჭამა დავიწყე.  ვერც კი მივხვდი ისე შემომადნა ხელში დროც და მომემატა წონაც. ახლა კი, ისინიც გავისტუმრე, არც სამსახური მაქვს, მაგრამ თევზს ვხარშავ, იმიტომ რომ დიეტა პატიოსნად დავიცვა.J

არა, ყველაფერი შეუძლია ადამიანს, ამიტომაც, თუ შეიძლება, ნუ შემიბრალებთ ნურც მე და ნურც საკუთარ თავს, თუკი წუწუნს დავიწყებთ და საკუთარ ღორმუცლობას დეპრესიას, უიღბლობას, ცუდ ცხოვრებას, იმედგაცრუებებს დავაბრალებთ.

მე ეს შეცდომა უკვე დაშვებული მაქვს. ჭკვიანი ადამიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, სულელი ადამიანები კი ვერც საკუთარ შეცდომებზე ახერხებენ რაიმეს სწავლას.

წინ კიდევ რამდენიმე ‘’უსტიმულო’’ დღე მაქვს. რა თქმა უნდა, გაცილებით კომფორტულია როდესაც ყოველდღიურად ხედავ შენს ექიმს, იცი, რომ შენთან ერთად ისიც ებრძვის შენს ცელულიტს, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა ისწავლო დამოუკიდებლად როგორ მიხედო თავს?

თანაც, კარგად გავიცანი თამუნა და ზუსტად ვიცი, რომ ის არასდროს ტოვებს თავის პაციენტებს ‘’უპატრნოდ’’. ჯერ ერთი, შესანარჩუნებელი დღეები აქვს დაწესებული და იმ პაციენტებს, რომელთაც ეს განსაკუთრებით სჭირდებათ ‘’აიძულებს’’ პროცედურის გასაკეთებლად 24 დღეში ერთხელ გამოცხდდნენ ‘’სტიმულში’’, ახლა ‘’სტიმულის’’ფეისბუქის გვერდიც გვაქვს. ეს  მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს...

მოკლედ, ყველაფერი კარგად იქნება. J

და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არ არის _

თუკი ჩვენ უკეთესი სიცოცხლისთვის დიეტაზე ვართ, პროცედურებს ვიკეთებთ, ვვარჯიშობთ, საზღვარგარეთ მივდივართ, რომ ვისწავლოთ ან სხვებს წავუკითხოთ ლექციები, ვშრომობთ ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ამას ''კაპიკებში'' გვინაზღაურებენ, მოკლედ, თუკი ქმნისა და განვითარების სურვილი გვაქვს, ნამდვილად იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

შევხვდებით



пятница, 26 февраля 2016 г.

გახდომის დაგეგმილი გრაფიკი


ძალიან ხშირად მეკითხებიან, როდის ველოდები საბოლოო შედეგს.
ამიტომ, იძულებული ვარ ამ საკითხზეც ვისაუბრო.

სიტყვა ''იძულება'' შემთხვევით არ წამომცდენია, პირიქით, შეგნებულად დავწერე, რადგან ჩემი ნებით არაფრით დავიწყებდი ამ საკითხზე საუბარს, მით უმეტეს წერას,
რადგან წარმოდგენა არა მაქვს რამდენ ხანს მოისურვებენ კიდევ ჩემი ცხიმის უჯრედები ჩემთან ერთად ყოფნას. ან როდის ისურვებენ რომ დამტოვონ J

წონის კორექცია ურთულესი პროცესია და ეს ლიტონი სიტყვები არ არის.

მართალი რომ გითხრათ, უკვე მრავალგზის წავიტეხე ცხვირი ამ ‘’გახდომის დაგეგმილი გრაფიკით’’ რადგან, ვერც ერთ ჯერზე ვერ მივიღე ის შედეგი, რასაც მე მპირდებოდა არჩეული დიეტა ან რასაც მე ვპირდებოდი საკუთარ თავს. დიახ, ცხვირი წავიტეხე, იმიტომ, რომ ნებისმიერი ასეთი მცდელობა წინასწარ განსაზღვრო რა ზომის ტანსაცმელს ჩაიცვამ ორი ან სამი კვირის გასვლის შემდეგ, ყოველთვის დიდი სტრესით მთავრდება, რომელიც, თავის მხრივ, ხელს გვიშლის მიზნამდე მშვიდად მივიდეთ.

გულახდილად გეტყვით, რომ როდესაც ‘’სტიმულში’’ დავიწყე პროცედურების კეთება და თამუნას დანიშნულ დიეტაზეც გადავედი, რა თქმა უნდა, მქონდა დათქმული სავარაუდო დრო და სავარაუდო წონა, სადამდეც ვაპირებდი, მაშინდელი გათვლით, მისვლას. ოღონდ ეს ჩემი აზრი და ჩემი გეგმა იყო და არა ჩემი ექიმის, რომელმაც გარკვევით მითხრა, რომ რა თქმა უნდა გავხდები, (20 კგ.კლებაზე გვქონდა საუბარი), მაგრამ ამას 3 თვე დასჭირდება თუ 5 მან არ იცის, რადგან წონის კლება ძალიან ბევრ ფაქტორზეა ერთდროულად დამოკიდებული და რადგან ყველა ადამიანი განსხვავებულად რეაგირებს ამ ფაქტორებზე, მათი წონაც განსხვავებულად იკლებს.

ასე მაგალითად:

სტიმულის 20 დღიანი კურსით, გოგოების უმეტესობა 6 დან 8 კილოგრამამდე იკლებს, მაგრამ ეს საშუალო ციფრია და ის შესაძლოა გაცილებით ნაკლებიც იყოს და მეტიც.
მაგრამ რაკი ''სტიმულის'' პროცედურებს სულ სხვა, კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვთ _სხეულის კორექცია, ამიტომ ამ პროცედურებით დაკლებული წონა გცილებით დიდ ვიზუალურ ეფექტს იძლევა ვიდრე მხოლოდ დიეტის წყალობით დაკლებული 6 ან 8 კილოგრამი მოგვცემდა. აქედან ჩვენი სიმშვიდეც.

მაგრამ რაკი’’წერად დავჯექი’’ და ეს შეკითხვაც გაჩნდა, როგორმე ხომ უნდა ვუპასუხო მას?
ჰოდა, ვიფიქრე და ასეთი გეგმაც დავსახე.

როცა ''სტიმულში'' მივედი, საოცრად ამბიციური გეგმა მქონდა. მინდოდა 70 კილომდე ჩამოვსულიყავი (1მ.74სმ. ვარ) მაგრამ ახლა ასე აღარ ვფიქრობ. ახლა მირჩევნია 80 კილოგრამამდე მივიდე, ფოტოსესიაც მოვაწყო, რომ განსხვავება გიჩვენოთ და ბლოგიც ამით დავამთავრო იმ იმედით, რომ უკვე საკმარისი მოტივაცია მივეცი ჩემს მკითხველს, საკუთარ თავს კი საბოლოო ''განაჩენი,'' მუდმივად ფორმაში ყოფნა, გამოვუტანე.

ვგეგმავდი, რომ ამას თებერვლის ბოლომდე მოვახერხებდი, მაგრამ კაცი როცა ბჭობს, იცით თქვენ რაც ხდება... ამიტომაც როდის აჩვენებს ჩემი სასწორის ციფერბლატი 80 კილოგრამს, ჯერ არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად ავტეხავ ამ ამბის გამო ერთ ამბავს J

კიდევ ერთი სიახლე.

‘’სტიმულში’’ ერთი ასეთი წესი გვაქვს _ პაციენტები გარკვეული რაოდენობის პროცედურების გავლის შემდეგ, დასვენების დღეებზე მიდიან. J

ეს, როგორც მივხვდი, სახლში გასატარებელ შვებულებას გავს, შენს ნამდვილ, რეალურ ცხოვრებაში დაბრუნებას, სადაც საკუთარი წონის მცველიც თავად ხარ.

ამ დღეებს ჩვენი ორგანიზმი ახალ რეალობაში გადაყავს და ის ერთგვარ გამოცდას გავს _ პაციენტის და ექიმის გამოცდას. 

აი როგორ ბარდება ეს ''გამოცდა''ან როგორ უნდა მიხვდეთ ეს წარმატებაა თუ დამარცხება?

ამას მარტივად იგებ, რადგან თუ ორგანიზმი მოგყვება და ყველაფერი კარგად არის, ''დასვენების დღეებში'' აუცილებლად აგრძელებს წონაში კლებას. ანუ პროცედურების წყალობით უკვე გაწყლოვანებული ცხიმი ყოველგვარი ჩარევის გარეშე დრენირდება ორგანიზმიდან, შარდის სახით გამოიდევნება და თქვენი წონაც დაბალი ნიშნულისკენ მიდის. რა თქმა უნდა, იგულისხმება, რომ ამ დროს პაციენტი გონივრულ კვების რეჟიმის ერთგულია. ამიტომაც გითხარით, რომ ეს ორივე მხარის გამოცდაა. J

ჰოდა, ათი დღით მეც ''შვებულებაში'' გამიშვეს.

ვნახოთ როგორ მოვიქცევი J

მჭირდებოდა ეს დასვენება... მოვდუნდი, მოვეშვი, ტელევიზორიც ჩავრთე J გუშინ მაია ასათიანსაც კი ვუყურე. J მოკლედ, ვიუსაქმურე და ვისაქმიანე. კარგი იყო ეს.

მთავარია არც მე და არც თქვენ არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც წონის მოწესრიგება გვინდა, ის კი არ უნდა დავუსახოთ თავს მიზნად, თუ როდემდე გავძლებთ დიეტაზე, არამედ ის, თუ სადამდე უნდა მივიდეთ. დროის თვლას რა აზრი აქვს? სამწუხაროდ, ჩვენს ორგანიზმში ჩაქვავებულ ცხიმს კარაქივით ვერ დავადნობთ და ვერ გადავღვრით.

ცოტა დაგვრჩა გამარჯვებამდე? 

მოვიკრიბეთ გოგოებო კიდევ ერთხელ ნებისყოფა და შევუტიეთ!


ხვალიდან გიამბობთ იმაზე, რაც გამომრჩა დიეტასა და პროცედურებს შორის J

შევხვდებით






четверг, 25 февраля 2016 г.

კომპლექსი, რომელიც ასუქებს


რატომ სუქდებიან ქალები გათხოვების შემდეგ საკმაოდ სწრაფად?

დარწმუნებული ვარ, ამ კითხვაზე პასუხს მტკიცედ ფეხმოკიდებული სტერეოტიპის სამრეკლოდან გავიგებთ.

  • ფეხმძიმობის შედეგად, რადგან ქალის ორგანიზმში უამრავი ცვლილება ხდება.
  • იმიტომ, რომ აღარავის ეპრანჭებიან.
  • იმიტომ, რომ მოდუნდნენ.
  • იმიტომ, რომ ოჯახის საზრუნავმა ჩაითრიათ და აღარაფერსა აქვს სხვას მნიშვნელობა.
  • ოღონდ შვილები უმყოფოთ ღმერთმა კარგად.

დიახ, სტერეოტიპი ასეთია.

შედეგი კი სხვისკენ თვალებდაბრეცილი ქმარი და უკეთეს შემთხვევაში სიმძიმისგან აჭრიალებული, უარეს შემთხვევაში კი გაცივებული ცოლ-ქმრული სარეცელია.

კიდევ უფრო უარესი სხვაა... თუ ამ სტერეოტიპს ნამდვილად მორჩილდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ სხვა ტიპის მორჩილებაში გადადიხართ და აღარც ის გაოცებთ, თქვენი ოჯახი რომ ინგრევა. არა, მარტო იმიტომ კი არა, რომ გასუქდით, ეს ამ მოვლენის ძალიან მარტივი ახსნა იქნებოდა, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, თქვენ სტერეოტიპებით ცხოვრობთ. თანამედროვე ტენდენციები კი გვეუბნება, რომ უიღბლო ქორწინებების რიცხვი დაუსრულებლად იზრდება.

დიახ, ადამიანი რთული არსებაა და ძალიან რთულია, მის ბედნიერებას ან უბედურებას მარტივი ახსნა მოუძებნოთ. ასევე შეუძლებელია ახლა რაც არ უნდა გითხრათ, ეს ჭეშმარიტება ან მასთან მიახლოებული რამ იყოს _ სტერეოტიპის დანგრევას კი ნამდვილად ვლამობ.

რადგან ჩემი აზრით, გათხოვების შემდეგ ქალის გასუქების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი იმედგაცრუება ან დანაშაულის კომპლექსია.

იმედგაცრუება გასაგებია _ ადამიანი ელოდა ერთს და მიიღო მეორე. და ამას სხვა შველა სჭირდება, მაგრამ თუ ჩვენი ოჯახის ყოფნა-არყოფნა ან ბედნიერება იმაზე ჰკიდია, რას განვიცდით, აპრიორი გეუბნებით, რომ დანაშაულის კომპლექსი სულ ტყუილად მიიწებეთ.

მაინც რა დანაშაულის კომპლექსზე ვსაუბრობ?

საკუთარ თავთან ჩადენილ დანაშაულზე მოგახსენებთ.

სამწუხაროდ, ქალების უმრავლესობა, მხოლოდ მას შემდეგ ხვდება რა არის ცხოვრებაში მთავარი, რაც ზურგზე ოჯახური თანაცხოვრების ძალიან დიდ ტვირთს აიკიდებს.

ხვდება, რომ ის ბორკილები, რომელიც მას წლების განმავლობაში აქვს ჟღრიალით სატარები ( ყოველ შემთხვევაში მანამ სანამ შვილებს მტკიცედ დააყენებს ფეხზე) ხელს უშლის განვითარებაში, რომელზეც გათხოვებამდე მხოლოდ იმიტომ ფიქრობდა, რომ მშობლები უბიძგებდნენ ამისაკენ ( სწავლა, კარიერა, პროფესიული ზრდა, ანუ დამოუკიდებლად ცხოვრების უნარები).

ხვდება, რომ სიყვარული, რომელიც ისევ არის მასთან, ტვირთად ექცა და ეს არც ისეთი უმატერიო განცდაა, როგორადაც ის გათხოვებამდე გამოიყურებოდა. დიახ, ხვდება, რომ შეყვარებულ ადამიანსაც ჭირდება ახალი ნივთები თუ წესიერი საკვები, ყველაფერი ის რასაც ყოფიერება ჰქვია.

კიდევ ერთი ძალან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ქალები ხმამაღლა თითქმის არასდროს ამბობენ. ყველა ქალი გათხოვებიდან გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ, აუცილებლად ხვდება, რომ ცოლ-ქმრულ თანაცხოვრებაში მოვალეობა უფრო მეტია ვიდრე სექსი და რაც ყველაზე ცუდია, ეს სექსიც იმდენად ჩვეულებრივი მოვლენაა (არადა არაჩვეულებრივს ელოდა, ღვთიურ ნეტარებას), რომ ამის გამო არა და არ ღირს ბორკილების ტარება.

ჰოდა, დანაშაულის კომპლექსიც მოქმედებას იწყებს. ისევ დავაზუსტებ: საკუთარ თავთან ჩადენილი დანაშაულის კომპლექსი.

თავიდან სარკეშიც აღარ იყურები. ან კი რა საჭიროა? სახლს სარკეში ჩახედვის გარეშეც დაალაგებ. სადილსაც გააკეთებ ამის გარეშე.

შემდეგ ისე, რომ ვერც კი ამჩნევ, ქინძის, ნივრის და მოხარშული ქათმისგან დაორთქლილი თმით წვები საწოლში.

მერე თვალწასულ ჩულქსაც არ თაკილობ(მაინც არ ჩანს ჩექმაში, ქმარი რომ ხედავს, არა უშავს, გიყიდოს ახალი, ხომ არ უშლი?)

ის, რომ ფრჩხილზე ლაქი არ გისვია და პედიკურის გაკეთებაც გეზარება, უკვე ჩავლილი ამბავია...

მერე და მერე მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად რთულდება და გარეგნობაზე გადმოსული განწყობა ნელ-ნელა კილოგრამებზე იწყებს ასახვას.

დამნაშავე ვარ და ვახინჯდები! ეს ჯერ არ ვიცი, უფრო სწორედ, ჯერ გააზრებული არ მაქვს, მაგრამ მე ღირსი ვარ, რომ დავისაჯო! განა დედაჩემი არ მეუბნებოდა, ჯერ ისწავლე და მერე გათხოვდიო? განა მამა არ მთხოვდა, არ იჩქარო, მამა, მერე ვეღარაფერს გიშველიო? ან არც გთხოვდა, მაგრამ თან გევლებოდა, გეფოფინებოდა, ხელის გულზე დაყავდი, შენ კი მამის ფოფინს იმ პატარა ბიჭის თავი ანაცვალე ახლა წელში რომ მოხარა ოჯახურმა ტვირთმა და იმისი თავიც აღარ აქვს, სამსახურიდან დაბრუნებულს, რომ შვილებს მოეფეროს.

დამნაშავე ხარ ამ ბიჭის წინაშეც. ისეთი პატარა იყო, ისეთი გულახდილი _ პირდაპირ გეუბნებოდა, რომ არაფერი შეეძლო შენი სიყვარულის გარდა, შენ კი ამას კეკლუცობაში უთვლიდი და ვერ იაზრებდი, რომ სიმართლეს ამბობდა.

დამნაშავე ხარ და მახინჯდები.

დამნაშავე ხარ შვილებთანაც.

ჯერ პატარები არიან და არც კი იცი, როცა გაიზრდებიან, როგორ უნდა შეძლო მათი ცხოვრების უზრუნველყოფა.

ან სულაც არ არის ასე საქმე.

კარგად გათხოვდი. ეს ‘’სიკარგე’’ ქმრის ოჯახის ძლიერებაში გამოიხატება.

დიდი ოჯახი, კარგი სახლი, ყველანაირი პირობა, მაგრამ შენ აქ არაფერი გესაქმება. თითქოს ზედმეტი ხარ, თითქოს ყველას უყვარხარ, კარგად გექცევიან, მაგრამ რაღაც, მთავარი აკლია ამ ყველაფერს _ უცხოობის განცდა გთრგუნავს.

ჰო, დამნაშავე ხარ. უნდა გეფიქრა რას აკეთებდი, როცა ამ ოჯახს უკავშირებდი ბედს. უნდა გეფიქრა შეძლებდი თუ არა მისი ღირსეული ნაწილი გამხდარიყავი, სასურველი რძალი, რომელიც მათ ტრადიციებს უსიტყვო მორჩილებით კი არ გააგრძელებდა მხოლოდ, არამედ საკუთარი შესაძლებლობებითაც განამტკიცებდა.

ან კიდევ უარესად არის საქმე: მიხვდი, რომ ქმარი არ გიყვარს, მაგრამ ვალდებულად თვლი თავს გაძლო... ჰოდა, დამნაშავე ხარ _ დამნაშავე ქმართან, თავთან, მშობლებთან, შვილებთან.

ეს კომპლექსი იმდენნაირი შეფერილობისა შესაძლოა იყოს, რადენი ადამიანი, რამდენი ოჯახი ან წყვილიც არის ქვეყანაზე, მაგრამ ამით მთავარი არ იცვლება _ ეს კომპლექსი, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ის გამოწვეული, სისუსტეა და მას გააზრება და თავიდან მოშორება სჭირდება. ბედნიერებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი _ იმისი გააზრება თუ რა ტიპის პრობლემა გვთრგუნავს და მისგან გათავისუფლება.

დღეისათვის სულ ეს იყო.

შევხვდებით.






რა გვჭირდება მსუქნებს? ანუ საუკეთესო ათეული


62 ჩანაწერი და 31109 ჯერ წაკითხული ''მსუქანი''
დიდებული შედეგია უცნობი, მეტიც, უსახელო ბლოგერისთვის.

მომილოცეთ! :)

გავიბღინძე და დღეს ცხვირაწეული ვივლი, ოღონდ არავის ეცოდინება რატომ ვარ ასეთი ამაყი! :)

დღეს გადავწყვიტე ''მსუქანი''-ს საუკეთესო ათეული წარმოგიდგინოთ. საუკეთესოები თქვენი, უკვე გამოჩენილი, ინტერესის მიხედვით დავალაგე. ვფიქრობ, ეს გაუადვილებს ახლად შემოერთებულ მკითხველს გაერკვას, თუ რა ხდება აქ. თქვენ შეგიძლიათ დააჭიროთ ჩემს მიერ გამოტანილ სათაურებს და გაეცნოთ რჩეულებს. :)

მაშ ასე, მე-10 ადგილი ჩემმა გულწრფელმა აღიარებამ მოიპოვა. პრინციპში, სამართლიანადაც, რადგან ეს პატარა ჩანაწერი სიტუაციის არსში გვარკვევს.

 მსუქანი ჩემი ფსევდონიმია! 


მე-9 ადგილი, ვფიქრობ, პრობლემის იოლად გადაწყვეტის მსურველებს მოეწონებოდათ. ანუ მათ ვინც ფიქრობს, რომ ერთ დღესაც დაიძინებს და მეორე დღეს 20 კილოთი ნაკლები გაიღვიძებს, ამაყად. :)

 რა როლი აქვს ძილს დიეტის დროს 



მე-8 ადგილზე მცირედ დეპრესიული შეფერილობის ჩანაწერი გახდა, სთაურით


როდემდე უნდა ვიდიეტო 



მე-7 და ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო ჩანაწერი თქვენი აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესის დასაკმაყოფილებლად გავაკეთე და დავისვენე კიდეც, რადგან თუ მაინც ვინმე მკითხავს რა ღირს ''სტიმულის'' პროცედურები, მე მას გავუგზავნი ლინკს სათაურით:

რა ღირს ''სტიმულის'' პროცედურები?


მე-6 ადგილზე იმთავითვე ''აღიარებული'' ჩანაწრია. მისი პოპულარულობა კი ადასტურებს, რომ ჩვენ, ქალები, გულთბილი რომანტიკოსები ვართ! :) ესეც ჩანაწერი:

როგორ გავხდი მეორედ

მე-5, სრულიად დამსახურებული ადგილი მოტივაციას ერგო. ანუ ჩანაწერს გემრიელი ნამცხვრით :)

რატომ უნდა გაუძლო შიმშილს

მე-4 ადგილი კი მგონი მშვენიერ ელენეს ერგო, სტიმულის თანამშრომელს, რომელიც ''აფორმებდა'' ბლოგს ძალიან უცნაური სათაურით_

იმაზე, თუ რა კავშირშია ღალატთან ჭარბი წონა


მივუახლოვდი პირველ სამეულს!

მაშ ასე:

მე-3 ადგილზეა

როგორ უნდა გამოიყურებოდე 30-40 წლისა



მე-2 ზე გუშინდელი ჩანაწერია, რამაც ძალიან გამახარა.

როგორ უნდა შევინარჩუნოთ დაკლებული წონა


ხოლო პირველი, ჩემი მკითხველისთვის ყველაზე საინტერესო ჩანაწერი აღმოჩნდა

შეცდომა, რომლის გამოც ვერ ვიკლებთ საძულველ წონას


ვფიქრობ ყველაფერი სამართლიანად დალაგდა.

ისევ შევხვდებით!

ვიმეგობროთ ფეისბუქზე! :)



























среда, 24 февраля 2016 г.

როგორ შევინარჩუნოთ დაკლებული წონა



წონის შენარჩუნება ის ურთულესი ამოცანაა, რომლის ამოხსნაც ყველამ იცის, მაგრამ ამ ცოდნის მიუხედავად, მაინც ძალიან მცირე პროცენტი ახერხებს მის ‘’ამოხსნას’’.

ის, რომ ამ კითხვაზე პასუხი სრულიად ნათელია, იმ მცირე აქტიურობიდანაც დადასტურდა, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ .

დიახ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ წარმატებული დიეტის შემდეგ, მიღწეულის შესანარჩუნებლად ისევ თავშეკავება და ცხოვრების ჯანმრთელი წესი თუ არ დავიცავით, ჩვენი ორგანიზმი სასწრაფოდ აინაზღაურებს ამ სიმწრით და ჯაფით დაკლებულ კილოგრამებს.

მაგრამ თუ ეს ასეა, რა გამოდის? ი,ს რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება ისევ დიეტაზე უნდა გავატაროთ?

ანუ ასკეტური ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ? :)

ასკეტური და უმეგობრო, რადგან აი, მაგალითად, ჩემი მეგობრები, არაფრით მომცემენ იმის უფლებას, რომ არასდროს მივირთვა ტკბილეული, არასდროს დავლიო ალკოჰოლი, იმიტომ, რომ ამით ჩვენ ერთად ყოფნის დროს ვისვენებთ. ისინი არც იმის ნებას დამრთავენ, რომ დავიძინო მაშინ როდესაც მათ ჩემთან ტელეფონით ლაპარაკი უნდათ უუუმნიშვნელოვანეს საკითხებზე ( ასჯერ, ათასჯერ და მილიონჯერ განხილულზე), ვირბინო დილაობით, როდესაც მათ ჩემთან ერთად ყავის დალევა სურთ, ვიცეკვო მაშინ, როდესაც მათი ცხოვრება პრობლემებით არის სავსე და ჩემგან თანაგრძნობას მოელიან...

ვაჭარბებ?

კი არ ვაჭარბებ, კიდევ მეტსაც გეტყვით. მე რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება ჯანსაღი ცხოვრების წესს თუ ჩემს ჯანმრთელობას მივუძღვნა, გამოდის, რომ მარადიულად არეული უნდა მქონდეს სახლი, იმიტომ, რომ უბრალოდ ვეღარ ვასწრებ საოჯახო საქმეს რაც ‘’ეს საქმე’’ წამოვიწყე, ვეღარ უნდა გავაკეთო ჩემი შვილებისთვის საყვარელი კერძები, რადგან ჯანმრთელი საკვების მომზადებას ძალიან ბევრი დრო სჭირდება, ამ დალოცვილ 24 საათში კი ამ 24 საათზე მეტი არა და არ ''ჩნდება''. გარდა ამისა, მარადიულად გაუუთოვებელი მაისურებით უნდა ვატარო ჩემი შვილები, იმიტომ რომ უთოობისთვის ისედაც მხოლოდ საღამოობით ვიცლიდი, ტელევიზორთან, ახლა კი ტელევიზორის და საუთოოს ნაცვლად სეირნობა მაქვს ‘’გამოწერილი.’’

კიდევ უფრო ვაჭარბებ?

მაშინ შემიძლია მეტიც გითხრათ J

და საერთოდაც, რა დროს მარადიულ დიეტასა და ჯანმრთელობაზე საუბრის დროა, როდესაც ჩვენს ირგვლივ ასეთი მძიმე სოციალური და პოლიტიკური ფონია?

ახლა ვინემე მეტყვის რომ ეს, რაც ახლა ვთქვი, ზედმეტი იყო და სპეკულაციას ვეწევი მტკივნეული ემოციებზით?

დიახ, სწორედ ასე ვიქცევი, რადგან ეს ყველაფერი, რაც აქ ჩამოვთვალე, მოუცლელობა, მეგობრები, საქვეყნო დარდები და პრობლემები, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სიზარმაცის გამართლებაა. და ამ სიზარმაცეს არც მეტი არც ნაკლები სიცოცხლის სიყვარულის დაზარება ჰქვია.

შეუბრალებელი ვარ?

არა, არავითარ შემთხვევაში, ეს უფრო რეალობისთვის თვალის გასწორებაა.
და თუ ამ რეალობას საკუთარ სახელს თამამად დავარქმევთ, არც იმაზე დარდი დაგვჭირდება, როგორ შევინარჩუნოთ წონა და ამას არც მარადიულ დიეტას დავარქმევთ.

-თამუ, როცა სასურველ წონას მივაღწევ, ისევ უნდა ვიდიეტო წონის შესანარჩუნებლად? _ 
ვკითხე დილაადრიანად ''სტიმულის'' დამფუძნებელს, რომელიც სწორედ ამ მიზნით, მიღწეული შედეგების დასაფიქსირებლად, თვეში ორჯერად, სავალდებულო პროცედურას უნიშნავს თავის პაციენტებს. ეს ''სტიმულიდან'' ''გაშვებული პაციენტებისთვის'' დანიშნული ოროცედურები ჩვენს ორგანიზმს სწორად ფუნქციონირებაში ეხმარება. ''სტიმულის'' პროცედურები ხომ რეფლექსოთერაპიაა, რომელსაც ჩვენი თავის ტვინი 24 დღის განმავლობაში იმახსოვრებს და ამ მახსოვრობით ორგანიზმს ''აიძულებს'' შეკუმშვის უნარი, რომელიც პროცედურების წყალობით შეიძინა, არაფრით დაავიწყოს. ამიტომაც არის, რომ პროცედურების დასრულების შემდეგ ისევ გრძელდება წონის კლება... მაგრამ ახლა ეს არ მაინტერესებს თამუნასგან, მისგან იმ ადამიანებისათვის მინდა რჩევა, რომლებიც დამოუკიდებლად ებრძვიან წონას. ჰოდა, პასუხი არ იგვიანებს.

_ კვირაში 7 დღე გვაქვს... თუ ერთხელ უკვე გასუქდა ადამიანი, ეს იმას ნიშნავს, რომ მას მეორედ და მესამედ ისევ აქვს იგივე და კიდევ უფრო დიდ წონასთან მიახლოვების შანსი. ამიტომაც, ასეთმა, წონამოწესრიგებულმა ადამიანებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ კვირის 7 დღიდან მათი მხოლოდ ორი დღეა. ანუ ამ ორ დღეს მათ მოშვების, ზომიერი თავმიცემულობის უფლება აქვთ, კვირის 5 დღე კი აუცილებლად უნდა მოახერხონ მხოლოდ ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტებით, ზომიერად იკვებონ.

_ თამუ,ანუ ამ ლოგიკით ისე გამოდის, რომ ადამიანს ერთი თვის, ანუ 30-31 დღის მანძილზე მხოლოდ 8 ბედნიერი დღე აქვს?

_ როგორ გითხრა, თუ ბედნიერება მხოლოდ ჭამაა, კი ბატონო, ასეა.

J ნახეთ რაები მითხრა? არადა თავად კი აპროტესტებს ამას, მაგრამ ჩემი აზრით, პოეტია თამუნა, დიახ, ძალიან კარგ ლექსებს წერს, მაგრამ ვერ მიხვდა ( არც მე ვუთხარი) რომ ეს კითხვები ინტერვიუსთვის მჭირდებოდა, ჩათვალა, რომ სისუსტემ შემომიტია და დამამუნათა.

სისუსტეები კი იცოცხლეთ, საკმაოდ მაქვს. ვინ ვინ და ეს კარაგდ იცის ჩემმა ექიმმა.J

აი, დღეს ორი  წერილი მივიღე.

რა თქმა უნდა, ვერ დაგისახელებთ მათი ავტორების ვინაობას, რადგან მათ რომ ამისი სურვილი ჰქონოდათ, პირადში კი არა, სახალხოდ მომწერდნენ ამ წერილებს.

პირველი წერილი დეპრესიის ელემენტებს შეიცავდა _ ახალგაზრდა, სიმპათიური გოგონა მწერდა, რომ ის მარტო გრძნობს თავის პრობლემასთან ( ჭარბ წონასთან) თავს, რაკი არსაიდან არ აქვს მხარდაჭერა... მისი სამსახური კი ( საოფისე საქმე აქვს) საშუალებას არ აძლევს აქტიური ცხოვრებით იცხოვროს.

მეორე წერილს კი პირდაპირ დაგიკოპირებთ:

გამარჯობა smile emoticon თქვენ პოსტებს თვალს ვადევნებ და ძალიან გგულშემატკივრობთ... შესაძლოა, ჩემი შემთხვევა განსხვავებულია, მაგრამ , ვფიქრობ, არ უნდა იყოს უინტერესო... ვარ 19 წლის.. ზუსტად ერთი წლის წინ ვიყავი 55 კილო, ახლა 47. ეს იყო ჩემი ოცნების წონა და მივაღწიე კვების სტილის რადიკალური შეცვლით. შესაძლოა, ათეულ ზედმეტ კილოგრამთან შედარებით სასაცილოდ გეჩვენოთ, მაგრამ დამიჯერეთ, არანაკლები ნებისყოფა და მონდომება იყო საჭირო... 

პირველ რიგში, ჩამოვწერე ის პროდუქტები და საკვები, რაც საერთოდ გამოვრიცხე. ეს იყო ყველაფერი, ზეთზე მომზადებული , ცომეული , ძეხვეული და საკონდიტრო ნაწარმი... 

დილას ვიწყებდი ჰერკულესის ფაფით, ვჭამდი ბევრ რძის ნაწარმს, განუსაზღვრელი რაოდენობის ხილს, და ვსვამდი მწვანე ჩაის... დღეში შესაძლოა 5–6 ულუფით მეკვება, მაგრამ მცირე რაოდენობით.. დესერტად ცოტა თაფლი , ან შავი შოკოლადი მქონდა... მაქსიმალურად ვცდილობდი, მემოძრავა ბევრი... ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია გარე მოტივაციაც.. ჩემი მობილური და კომპ გადაჭედილი იყო იდეალური ფიგურის მქონე მოდელების სურათებით, კედელზე, საწოლის წინ, დიდ პლაკატზე მეწერა : დიახ , მე შემიძლია ! ... და მართლაც შევძელი, სულ რაღაც 2 თვეში... სასურველი წონის მიღწევის შემდეგ, ტორტის ნაჭერზეც არ ვამბობდი უარს, არც ცომეულზე, მაგრამ ეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხოლოდ მცირე რაოდენობით... სასურველი წონა და ფიგურა ზრდის თვითშეფასებას და წარმატების საწინდარია. გისურვებთ იგივეს ! heart emoticon

როგორ ფიქრობთ რა რეაქცია შეიძლებოდა მქონოდა ამ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ წერილებზე?

ორივე შემთხვევაში საკუთრი თვი გამახსენდა.

დიახ, ამ ორი, განსხვავებული ადამიანის, ბოლომდე მესმის.

პირველის იმაში, რომ საკუთრ სისუსტეს სხვას (გარემოებებს) მიაწერს, მეორისა კი ძლიერებაში. ოღონდ ამ ორ ადამიანს ერთი რამ აერთიანებთ _ პროტესტის განცდა. მეორე წერილის ავტორს არაფერი უთქვამს საკუთარ წინასადიეტო ტანჯვიან ფიქრებზე, რადგან უკვე მიღწეული აქვს სანუკვარი შედეგი, მაგრამ მასაც მსგავსი ფიქრები ექნებოდა. დიახ, ყველაფერი პროტესტით იწყება. ის არის პირველი ნაბიჯი გამარჯვებისკენ. დავინახე პრობლემა და მე ის უნდა მოვაგვარო! დავინახე პრობლემა და მე მას უნდა ვაჯობო! იმედი მაქვს, მიმიხვდება პირველი წერილის ავტორი, რომ ახლა სიმართლეს ''ვღაღადებ'' და საკუთრ, უკვე გამოვლენილ პროტესტს სწორი ნაბიჯებით აღმოფხვრის და არა დანებებით, როგორიც ყველა შემთხვევაში არის დეპრესია ან დეპრესიასთან მიახლოვებული მდგომარება.

ხშირად მეუბნებიან მკითხველები კომპლიმენტად, რომ ისე ვწერ, თითქოს ეს მათი ამბავია... ეს წერილები როცა წავიკითხე, მე გამიჩნდა მსგავსი განცდა. დიახ, ეს ჩვენი ამბავია. ისიც კარგად ვიცით, რომ მიღწეულის შენარჩუნებასაც მხოლოდ ერთადერთი რამ სჭირდება_ სიცოცხლის სიყვარული, რაც თავის მხრივ პერპენტუმობილედ კი არ გადაგვაქცევს, იმისთვის, რომ ყველაფერი მოვასწროთ, არამედ ძალას მოგვცემს საიმისოდ, რომ ლამაზად ვიცხოვროთ.

შევხვდებით