суббота, 20 февраля 2016 г.

არავითარი შეზღუდვა!


ადამიანზე, რომელიც ქუჩას აღმა ან დაღმა მიუყვება და თავის თავს ელაპარაკება, დარწმუნებით თუ არა, დაეჭვებით მაინც ამბობენ, ხომ არ გაგიჟდაო.

მაგრამ კაცი, რომელიც სააბაზანოში მღერის მალულად, არც გიჟად ითვლება და არც სულელად _ უყვარს და მღერისო, ემღერება და მღერისო, ნიჭიერია და მღერისო, აბა რა ქნასო?! ეღიმებათ მასზე, მაგრამ არ კიცხავენ...

მაგრამ, როდესაც ადამიანს კი არ ემღერება, არამედ ეწერება... აი, ჩემსავით, და იმ უამრავი ადამიანივით, რომლებიც საქმეს, მოვალეობას, აუცილებლობას შორის, დღისა და ღამის გასაყარზე სიცოცხლეს წერისთვის ‘’ვწიწკნით’’ დროს, რა უნდა ვთქვათ? J

რა უნდა ვთქვათ მსუქან ბლოგერზე, რომლის ნააზრევსაც 27 165 კაცმა ერთხელ მაინც 
შეავლო თვალი?

დიახ, ზუსტად ასეა!

ხედავთ როგორ ვიწონებ თავს?

და მიუხედავდ იმისა, რომ ძალიანაც კარგად ვიცი, ეს ინტერესი პრობლემამ გამოიწვია და არა ჩემმა ნიჭიერებამ( ვინა ვარ, ვის დავკარგვივარ) მაინც ამაყი ვარ. J

და თავს ვალდებულად ვთვლი ის მოგაწოდოთ, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ.
თქვენი მთავარი საჭიროება კი როგორც მივხვდი, იმედია _ თვითდაჯერებულობა, საკუთარი თავის რწმენა.
კარგად მესმის ეს, რადგან მეც ერთ–ერთი თქვენგანი ვარ, ჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც თავს დაავალა, ძლიერი იყოს, ეს ‘’ვალდებულება’’ მაძლიერებს, მაგრამ ზოგჯერ, როდესაც რეალობას ვუსწორებ თვალს და ვაცნობიერებ, რომ წინ ''მთავარი ბრძოლა'' მელის, ძალიან ვითრგუნები, რადგან ყველაფერი ეს შეზღუდვებთან არის დაკავშირებული.

მაინც რა არის მთავარი წონის კლების დროს?
საკითხი, რომელსაც გავაცნობიერებთ თუ არა, მაშინვე დავამთავრებთ ამ პრობლემას.

შესაძლებელია თუ არა, რომ წონაში კლების პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს?

როგორც თქვენი წერილებიდან და კომენტარებიდან დავასკვენი, თქვენი აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ მათ დამოუკიდებლად შეუძლიათ მიაღწიონ მიზანს _ დიეტისა და ვარჯიშის ან მხოლოდ დიეტის საშუალებით.

კი ბატონო, ეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგრამ მხოლოდ პატარა შესწორებას შევიტან ამ მოსაზრებაში. უფრო სწორედ ერთ პრობლემაზე მიგითითებთ, რომელის წინაშეც ნებისმიერი ‘’დამოუკიდებელი მებრძოლი’’ დგება ერთ მშვენიერ დღეს.

ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი მკურნალობა, მათ შორის დიეტა, აუცილებლად შეიცავს აკრძალვის ელემენტებს.

ასე მაგალითად:

ისიც აკრძალვაა, როდესაც ექიმი გეუბნებათ, რომ ესა თუ ის მედიკამენტი მშიერ კუჭზე არ უნდა დალიოთ და ისიც, როდესაც საკუთარ თავს ოთხ საათში ერთხელ კვებას უწესებთ.

აკრძალვაა, როდესაც აწრიალებული კუჭის საპასუხოდ წყალს სვამთ, ( ანუ თქვენი მთელი დანარჩენი ცხოვრების წესს არღვევთ _ მშია და ვჭამ! )

აკრძალვაა, როდესაც უშაქრო ყავას მიირთმევთ, არადა თაფლით ან შოკოლადთან ერთად გირჩევნიათ. ან უცხიმო, უმარილო საკვებს იღებთ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან თქვენი სუფრის რაციონს მსუქანი, მოხარშული ღორის ხორცი ან თიფთიფა, დედლის ნახარშზე მომზადებული ჩიხირთმა შეადგენდა...

ანუ თქვენ საკუთარი ნებით ჩარჩოები იწესებთ და ამას დიეტას არქმევთ.

ჰოდა თქვენი ცხოვრებაც მდორე მდინარეს ემსგავსება აქა-იქ გამონათებული მზის სხივების ( დაკლებული კილოგრამების ) იმედად.

ჰოდა დღეებს ითვლით.

ერთი დღე გავუძელი

მეორე დღეც გავუძელი,

ერთი თვე გავუძელი

მეორე თვეც გავუძელი...

მაგრამ ამ გაძლებას, ამ მდორე მდინარეს, დიდი საშიშროება ელოდება _ წყალუხვობა, რომელიც აუცილებლად მოდის და ყველა ჯებირს გლეჯს. J

ადამიანები ასეთ დროს თავშეკავებისთვის საჭირო ყველა შესაძლო არგუმენტს ვკარგავთ და ეს ყველაზე მტკივნეულად სწორედ ჩვენს ორგანიზმზე აისახება. პირველ რიგში ფსიქოლოგიურად, რადგან ასეთი ერთი ‘’ამოვარდნა’’ 5–7 დღით ‘’გვისვრის უკან’’.

დიახ, ერთი შეხედვით უტვინო ცხიმის უჯრედებს, რომელსაც ჩვენი ორგანიზმის კეთილდღეობა აბარიათ, დიდი და დამთრგუნველი ფსიქოლოგიური ძალა აქვთ.

რაც შეიძლება ცოტა ცხიმი თუკი გახდომა გსურთ!

მინდა ეს მოსაზრება ჭეშმარიტებად აღიაროთ და ამით ძალიან გაიადვილოთ საქმე.

რაც შეიძლება ნაკლები შეზღუდვა, თუკი გნებავთ, რომ წონამ აღარასდროს შეგაწუხოთ.

ნახეთ რა საშიში სიტყვები დავწერე?

იმედი მაქვს გააგრძელებთ ამ ძალიან სასიამოვნო მოსაზრების შემდეგ ჩემი ჩანაწერის კითხვას, რაკი არ მინდა, ახლა წამოხტეთ და აჭარული ხაჭაპურის საჭმელად გაიქცეთ...

თუ შეზღუდვებს არ დავუწესებთ თავს, იოლად გავხდებით.

მაგრამ თუ ბევრს შევჭამთ, აუცილებლად გავსუქდებით.

ეს მოსაზრება რომელიც ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები და ნურც მოფრინდების სტილში გადის, დაფიქრებას და ანალიზს მოითხოვს... საიდანაც აუცილებლად უნდა მიხვიდეთ იქამდე, სადამდეც მე მიმიყვანა ჩემმა ექიმმა _ სიმშვიდემდე.

დაგაბნიეთ?

აი, არ მეზარება და ვიწყებ თავიდან, ფაქტობრივად ‘’გიღეჭავთ’’  იმას, რასაც მე მთავარს ვუწოდებ.

მთავარი ამ შემთხვევაში კი იმისი გააზრებაა, რა გვსურს და რა გვჭირდება.

მე მჭირდება ყოველ საღამოს ერთი აბი წნევის წამალი, რომლის დალევაც ნერვებს მიშლის, მაგრამ იმის შემდეგ, რაც გავიაზრე, რომ ჩემი არტერიული ჰიპერტენზია რისკის ქვეშ აყენებს ჩემს სიცოცხლეს, მე სრულიად მშვიდად და აბსოლუტურად მადლიერი ყოველ საღამოს 8 საათზე ვსვამ ერთ ტაბლეტ წამალს და ვცოცხლობ.

და რა გჭირდებათ თქვენ?

თქვენ გჭირდებათ 10–20–30–40–50 ან მეტი კილოგრამის დაკლება?

რატომ გჭირდებათ?

იმიტომ, რომ გალამაზდეთ დაფერად–ფერადი კაბები ატაროთ;

იმიტომ, რომ თავისუფლად სუნთქვა შეძლოთ;

იმიტომ, რომ თქვენი წონისგან შესიებული ფეხები აღარ გემორჩილებიან;

იმიტომ, რომ ცხიმმა, რომელსაც ტვინი არა აქვს, მაგრამ სამაგიეროდ აქვს უნარი თქვენი სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები ალყაში მოაქციოს და ფუნქციონირების საშუალება არ მისცეს მათ, უკვე დაგიზიანათ _ ღვიძლი, გული...

იმიტომ რომ... იმიტომ რომ თქვენი ცხოვრება არა და არ აეწყო, იმიტომ კი არა, რომ ვინმე თქვენზე უკეთესია, იმიტომ, რომ საკუთარი თავის რწმენა თავად გაქვთ დაკარგული და ეჭვით უყურებთ სამყაროს.


? გავაგრძელო

მგონი საკმარისია ჩემგან, ახლა შეგიძლიათ თავად გააგრძელოთ თქვენი ჩამონათვალი.

გააგრძელეთ და შემდეგ გაიაზრეთ რას ნიშნავს ის ფრაზა, რომელიც უკვე ვთქვი: 

არავითარი შეზღუდვა!

ეს ზუსტად ის ერთი ტაბლეტი წამალია, რომელიც ყოველდღიურად უნდა მიიღოთ.

აბსოლუტური სიმშვიდე, რომელიც მიგიყვანთ იმ კონდენციამდე, სადაც გაიაზრებთ _ დიეტაზე ყოფნა სიცოცხლის ჯებირებში მოქცევა კი არ არის, არამედ ის ამ ჯებირებიდან გათავისუფლებაა.

მსუბუქად სიარული... მეტიც, ცეკვის, ფრენის უნარი.

საკუთარი გარეგნობით ტკბობა,

ჯანმრთელობა!!!
და უფლება, იცოცხლო, უყურო, გიყვარდეს.

ნუ დავარქმევთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ფიქრს დიეტას, დავარქვათ ამას ჯანმრთელი ცხოვრების წესი და ვიცხოვროთ!

შევხვდებით.



Комментариев нет:

Отправить комментарий