ჩემი ათდღიანი ‘’შვებულება’’ ‘’სტიმულიდან’’ სახლში, ჯერაც ძალაშია.
რთული თვე იყო თებერვალი. ორი საყვარელი ადამიანი გავაცილე
დიდი ხნით.
‘’ის’’ თბილისის
აეროპორტიდან გაფრინდა. გზაზე ვსაუბრობდით სულ სხვა თემაზე და არაფერი გვითქვამს ნაღვლიანი.
ერთადერთი, რაც ძალიან ნაღვლიანად მომეჩვენა, ის იყო, რომ დამშვიდობებისას მითხრა,
ყველაფერი კარგად იქნებაო. ანუ ყველაფერი არც თუ ისე კარგად არის?
ჩემი შვილი კი ქუთაისის აეროპორტიდნ გაფრინდა მეორე დღეს, ამიტომაც ოკრიბას ავტოსადგურამდე მივიყვანე. გზაზე ჩვენი საუბარი ერთი
ერთში იმეორებდა ''იმერული ესკიზების'' ერთ ეპიზოდს: ‘’მატარებელი რომ გაჩერდება, მერე
ჩამოდი’’
იქაც და აქაც ვიცინოდი და ვცდილობდი არ მეტირა.
იქაც და აქაც მაგარი უნდა ვყოფილიყავი და რაც შეიძლება
ლამაზი. ჩვენ ხომ არ ვიცით საყვარელი ადამიანებს ისევ შევხვდებით თუ არა, მე კი მინდა
მათ ლამაზი ვახსოვდე.
ჩემმა ბიჭმაც მიმიხუტა და მითხრა _ დე, ყველაფერი კარგად
იქნებაო.
ჰო, ყველაფერი არც თუ ისე კარგად არის, მაგრამ არ მინდა, რომ გამუდმებით ამაზე ვიფიქრო. როგორ შეიძლება ყველაფერი კარგად იყოს ოკუპირებულ ქვეყანაში?
როგორ შეიძლება ყველაფერი კარგად იყოს ნაომარ, მეტიც, ომებწაგებულ ქვეყანაში, საიდანაც
ყველა გარბის ვისაც კი გაქცევა შეუძლია ბედნიერების საძიებლად და ამას მუშაობას, სწავლას
ეძახის?
როგორ უნდა იცხოვრო ასეთ ქვეყანაში?
ნუთუ ფანჯარასთან უნდა დაჯდე, ნაწნავი გვერდზე გადაიგდო
და ნაღვლიანი თვალებით გზას დაუწყო ყურება?
ჰო, მაგრამ მე რომ ისეთი ძლიერი არ ვარ, რომ ასეთი სისუსტე
ვაპატიო თავს?
საღამოს ყველაფერი დამილაგდა. იმანაც დამირეკა და ამანაც...
ჩავედითო.
რაღაცეები მკითხეს, წვრილმანები. საბოლოო ჯამში, ორივემ
ჩამაბარა ანგარიში _ უფროსმა წვრილმანების
გამოკლებით, უმცროსმა თავისი წვრილმანებიანად. გამოდის, რომ სწორებას ჩემზე აკეთებენ?
J
დიახ,მე დონ კარლეონე ვარ, რომელიც ყველაფერში გარკვეული უნდა იყოს? J
რომ იცოდნენ რამდენ ენერგიას ვდებ იმაში, რომ მართლა
არ დავიწნა თმა და ფანჯარას არ მივაჯდე ზლუქუნით, რომ იცოდნენ რამდენ ენერგიას ვდებ
იმაში, რომ მათ გავუღიმო და მათი ღირსი ვიყო.
დამირეკეს და დავმშვიდდი.
ჰოდა, კითხვაც, ეხლა რაღა ვაკეთო, იმედი მაქვს სამუდამოდ
გაქრა.
რა უნდა ვაკეთო და დაველოდო მათ, ოღონდ თვალცრემლიანი
კი არა, საქმიანი.
უამრავი გეგმა მაქვს.
მთავარი ამ გეგმებში კი, როგორ სასაცილოდაც არ უნდა
მოგეჩვენოთ, ჩემი წონაა J
ამ სტრიქონებს რომ ვწერდი, მეზობელმა მომიკაკუნა. ''თემატური კაკუნი იყო'' გავუღე
კარი და შემოვიპატიჟე.
ჩემი წამხედურობით ისიც დიეტაზეა ( მარტო ის არა, კიდევ
ბევრი ჩემი სხვა ნაცნობიც) ჰოდა, რაღაცეები მკითხა კარგი დიეტოლოგივით. 60 წლის ქალია და
რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ჰქონდა ჭარბი წონა, მაგრამ ისეთი ქალურია და იმდენად სასიამოვნოა
მასთან ურთიერთობა, ათ ზედმეტ კილოგრამს დაუფიქრებლად ''აპატიებ'' J მაგრამ ახლა ძალიან გასუქდა და შეწუხდა, ჰოდა, წარმოუდგენელ
ნებისყოფას იჩენს, ზუსტად იმას აკეთებს, რასაც მე ‘’გამოვუწერ’’ ხოლმე.
მართალი რომ გითხრათ ცოტა შემეშინდა როდესაც პასუხისმგებლობა
საკუთარ თავზე ავიღე, ამიტომ, რაკი კერძო კლინიკაში მისვლის საშუალება არ ჰქონდა, ვაიძულე
პოლიკლინიკაში მისულიყო და ის ანალიზები და კვლევები მაინც გაეკეთებინა, რაც საყოველთაო დაზღვევის
ფარგლებში ეკუთვნის. ჩემს შიშს ისიც აძლიერებდა, რომ არტერიული ჰიპერტენზი აქვს
და გამუდმებით სჭირდება წნევის დამარეგულირებელი საშუალებები... ოღონდ, ეს წნევაც და
განწყობაც, დიეტის დაწყებიდან რამდენიმე დღეში უკეთესობისკენ წაუვიდა. რა თქმა უნდა,
ის ხომ უმარილო დიეტას იცავს. ჰოდა, დღეს აწონვის დღე გვქონდა. იდეალური შედეგი აქვს
_ ერთ თვეში მთელი 5 კილოგრამი დაიკლო.
სიხარულისგან ავცეკვდი...
მოკლედ, მერე ჩემს ამბებზე ვეჭორავე. ჩემი ბიჭის წასვლას
როგორც განვიცდი, ეს ხომ ისედაც იცის, ჰოდა, იცით რა მოხდა?
ჩემი გასუქების მიზეზეზები გამახსენა.
განა რა დამემართა ამაზე მეტი შარშან?
შარშან სამსახური დავკარგე და ისინი საზღვარგარეთ გავისტუმრე...
ჰოდა, დავჯექი და ჭამა დავიწყე. ვერც კი მივხვდი
ისე შემომადნა ხელში დროც და მომემატა წონაც. ახლა კი, ისინიც გავისტუმრე, არც სამსახური
მაქვს, მაგრამ თევზს ვხარშავ, იმიტომ რომ დიეტა პატიოსნად დავიცვა.J
არა, ყველაფერი შეუძლია ადამიანს, ამიტომაც, თუ შეიძლება, ნუ შემიბრალებთ ნურც მე და ნურც საკუთარ თავს, თუკი წუწუნს დავიწყებთ და საკუთარ ღორმუცლობას
დეპრესიას, უიღბლობას, ცუდ ცხოვრებას, იმედგაცრუებებს დავაბრალებთ.
მე ეს შეცდომა უკვე დაშვებული მაქვს. ჭკვიანი ადამიანები
სხვის შეცდომებზე სწავლობენ, სულელი ადამიანები კი ვერც საკუთარ შეცდომებზე ახერხებენ
რაიმეს სწავლას.
წინ კიდევ რამდენიმე ‘’უსტიმულო’’ დღე მაქვს. რა თქმა
უნდა, გაცილებით კომფორტულია როდესაც ყოველდღიურად ხედავ შენს ექიმს, იცი, რომ შენთან
ერთად ისიც ებრძვის შენს ცელულიტს, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა ისწავლო დამოუკიდებლად როგორ
მიხედო თავს?
თანაც, კარგად გავიცანი თამუნა და ზუსტად ვიცი, რომ
ის არასდროს ტოვებს თავის პაციენტებს ‘’უპატრნოდ’’. ჯერ ერთი, შესანარჩუნებელი დღეები
აქვს დაწესებული და იმ პაციენტებს, რომელთაც ეს განსაკუთრებით სჭირდებათ ‘’აიძულებს’’
პროცედურის გასაკეთებლად 24 დღეში ერთხელ გამოცხდდნენ ‘’სტიმულში’’, ახლა ‘’სტიმულის’’ფეისბუქის
გვერდიც გვაქვს. ეს მოდუნების საშუალებას არ
გვაძლევს...
მოკლედ, ყველაფერი კარგად იქნება. J
და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არ არის _
თუკი ჩვენ უკეთესი სიცოცხლისთვის დიეტაზე ვართ, პროცედურებს
ვიკეთებთ, ვვარჯიშობთ, საზღვარგარეთ მივდივართ, რომ ვისწავლოთ ან სხვებს წავუკითხოთ
ლექციები, ვშრომობთ ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ამას ''კაპიკებში'' გვინაზღაურებენ, მოკლედ,
თუკი ქმნისა და განვითარების სურვილი გვაქვს, ნამდვილად იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი
კარგად იქნება.
შევხვდებით
მგონი ფეისბუქზე კომენტარების დაწერას აქვე დავწეროთ კომენტარები, აჯობებს. ფეისბუქის ფორმატი ისეთია, რომ იკარგება პოსტიც და კომენტარიც. ხომ არ ვცდები?
ОтветитьУдалить