ტაბურეტი
მე და ჩემი მეზობელი, ძალიან საყვარელი ქალბატონი, ''კარფურში'' ვიყავით ერთად.
ერთად,
ამ (და იმ) ყველაფრის ატანა უფრო იოლია. კოლმეურნეობის მოედნის ''კარფურზე'' ვამბობ, თორემ შორეული რეისები არ მიყვარს. არც ''კარფური'' მიყვარს ან მომწონს, რატომ არ ვიცი, ოღონდ მთრგუნავს იქაურობა, თავს ცუდად ვგრძნობ, მაგრამ მეზობელს უნდოდა და უარი არ ვუთხარი...
როცა, როგორც იქნა, გარეთ გამოვედით დაზურგულები,
ჩემმა მეზობელმა ქუჩაში გადაწყვიტა ყველის ყიდვა, იაფიაო და ჩადგა რიგში,
რომელიც მანქანის ახდილი საბარგულის კუთხეში, ყუთზე ჩამომჯდარ ქალთან იდგა. (რკინის დიდ ყუთზე, მგონი ზეითუნის ზეთის ყუთი იყო. ეს, ქალი როცა ადგა, მაშინ გავარჩიე, თორემ, სანამ იჯდა, არაფერი ჩანდა მისი მსუქან–მსუქანი ბარკლების გარდა).
მოკლედ, ვდგავართ, მე ნერვებს ვიშლი,
იმიტომ, რომ რიგია, გამყიდველი კი თავის თანმხლებ ბიჭს ესაუბრება. რაღაც საქმეს არჩევენ, მშვიდად, არც ერთს ნერვი რომ არ უტოკდება ისე. ჯერ არ ვუსმენ, რაში მაინტერესებს, ტელეფონში ვამოწმებ აქ ხომ არავინ მომწერა. მოკლედ, 5 წუთი გადის, მერე ათი, ჰოდა, ვხედავ,
რომ რიგი არ მთავრდება, არადა სულ სამი კაცი დგას. ესენი ისევ საუბრობენ, იძულებული ვარ მათ მდგომარეობაში შევიდე, ეტყობა მნიშვნელოვანი ამბავი აქვთ...
მოკლედ, მისმა ბიძაშვილმა ქალი რომ მოიყვანა (ანუ ცოლი შეირთო), იმას რომ ბაბუამისის ტაბურეტი ჰქონდა, იმ სახლში კი არა, ბიძაშვილთან ერთად რომ ცხოვრობდა, არა,
მაგისი დეიდაშვილის აშენებულ სარაიაში, კი, აი იქ რომ ედგა... დეიდაშვილი რომელია? ისა, კაცო, შავ–შავი. ჰო, არა, ეგ ცოლისძმაა, მეორე, კუნთიანი. ჰო, ჰო, ტაბურეტი,
ისეთი უნდა ისეთი, ჰოდა, ისეთი. კარგი ქალია კი, მისი ქალი.
ხო, მისას კი არ გავს...
ჰოდა,
მაპატიე უფალო... ვიჩხუბე.
ერთი ავჯაჯღანდი, ამას მოჰყვა სწორედ იმ ქალის წამოდგომაც.
დასჭირდა და ადგა, ცეცხლი შევუნთე და წამოდგა. ოღონდ მე პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა. მისი რკინის ყუთიც დავინახე. ჯვარი აქაურობას, ამას ნებისმიერი ტაბურეტი აჯობებდა.
ქალი?მუცელი, ფეხები, ჯაფით დაღლილი ხელები, დღემდე შემორჩენილი ნამზეური სახეზე, ხელებზეც. მობეზრება...
ჯერ ვფიქრობდი ნირვანაშია და არ გვიმჩნევს მეთქი, მერე მივხვდი, მართლა სჭირდებოდა ის თავისი ბიძაშვილის ნამზითვი ტაბურეტი. ან კიდევ უფრო მეტიც, არც ტაბურეტი სჭირდებოდა და არც ეს ნამზეური სახეზე. ამ ბიჭის გამოყოჩაღება სჭირდებოდა, იმდენად
გამოყოჩაღება მაინც, მოხუცი დედის ართრიტით დაგრეხილი თითებით ამოყვანილი ყველი
მის გარეშეც რომ გაეყიდა.
მომეშალა უფრო ნერვები.
მთელი გზა გავაგრძელე ჯაჯღანი, გარეთ რატომ ყიდულობ
მეთქი ყველს.
ყველიო, უსაფრთხო პროდუქტიაო... თავს იცავდა ჩემი ძირფასი მეზობელი. ძალიან საყვარლად, მიღიმოდა თან.
მერე მივხვდი... ესეც ხომ ქალია და საქართველოს მოქალაქე,
ჰოდა, ის, დაღლილი, ქუჩაში ყიდდა, ეს, დაღლილი კი ქუჩაში ყიდულობდა...
ავიშალე, ავირიე, სახლში მოვედი და ''სტიმულის'' ფეისბუქის
გვერდზე კომენტარი დამხვდა _ ნერვებს ნუ გვიშლი იმათ, ვისაც ექიმთან მისვლა არ
შეგვიძლიაო...
ერთი მეორეს აება და ყველაფერი ერთად დამეკიდა
კისერზე.
ოღონდ თურმე ჯერ სადა ვარ?
საღამოს დამირეკეს... გარდაიცვალაო.
ერთი ძალიან კარგი, ტკბილი, თბილი, ლამაზი ქალბატონი.
საბერძნეთში გარდაიცვალა, 68 წლისა, მოხუცების მოვლით არჩენდა თავის უკვე
დაბერებულ შვილებს საქართველოში. თავისზე უმცროს მოხუცებს უვლიდა... გაანათლოს
ღმერთმა, მაგრამ რატომ?!
რა თვითშეწირვის ასეთი სურვილი თუ უნარი გვაქვს ამ
ქართველ ქალებს? რატომ ვანაცვალებთ საკუთარ თავს, ჯანმრთელობას,
სიცოცხლეს ასე დაუნანებლად თუნდაც ჩვენს დოყლაპია შვილებს, მეუღლეებს?
ზუსტ
სტატისტიკას ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით 200 000 საქართველოს მოქალაქე
მუშაობს, მარტო საბერძნეთში, მომვლელებად და სხვა მძიმე სამუშაოზე. აქედან უდიდესი
ნაწილი ჩვენი დედების ასაკშია.
თუ ვინმეს ხელი მიუწვდება სტატისტიკაზე, ეგებ დამეხმაროს
და მომწეროს რამდენი მიცვალებული, რამდენი ლოგინად ჩავარდნილი ასეთი მოსავლელი მომვლელი
ჩამოყავთ საბერძნეთიდან საქართველოში რეანიმობილებით... ან ავტობუსებით, რადგან
რეანიმობილი ძალიან ძვირი ჯდება... ისე, უბრალოდ, რეალობას რომ თვალებში ჩავხედოთ
იმისათვის.
ეგება გამოვფხიზლდეთ და ჩვენი თავიც შევიყვაროთ?
საკუთარი თავის სიყვარული სულაც არ ნიშნავს, რომ ოჯახის
წევრები არ გიყვარს.ოღონდ თუ მე, თქვენ, სხვა ქალებიც საკუთარ თავზე იმდენს
მაინც ვიზრუნებთ, რომ ცხიმის აბჯარში არ მოვაქციოთ ჩვენი ორგანოები, ცოტას
ვივარჯიშებთ, ცოტას ვისეირნებთ, ასეთ რკინის ყუთებზე ჯდომის ნაცვლად, ტაბურეტებს მაინც მოვიმარაგებთ და იმ
ღარიბულ პენსიას როცა დაგვინიშნავენ, მაშინ მაინც თუ მივხვდებით, რომ ქალი ფაქიზი
არსებაა, ეს შვილებზე ზრუნვა არ იქნება?
არ იქნება ზრუნვა, თუკი ცოცხლები ვიქნებით
და შვილიშვილებს ზღაპრებს ჩვენ მაინც წავუკითხავთ? არ იქნება ზრუნვა, ლოგინად თუ
არ ჩავვარდებით და პამპერსში არ დავასრულებთ სიცოცხლეს? ვინ დაგვნიშნა ჩვენ,
ქართველი ქალები, ამ ქვეყნის მთავარ მუშა–ხელად?
აი, ისევ ვჯაჯღანებ...
ისევ ორშაბათი.
მე კი არ ვიწყებ ორშაბათიდან, არამედ ვაგრძელებ დიეტას,
პროცედურებს და ვემზადები ახალი ფოტოსესიისთვის, რომელიც, რაკი ძალიან გავმრავლდით
და გავიზარდეთ, ზოგისთვის სიახლეც იქნება.
დავივწყებ იმ რკინის ყუთიან, ფეხებატკივებულ ქალს, ამ
საცოდავ ქალსაც დავივიწყებ, მობერებული შვილები რომ გაასვენებენ ახლა ტკივილით.
ან არც დავივიწყებ, მაგრამ ამ მახსოვრობას იმისთვის
გამოვიყენებ, რომ გავძლიერდე.
გაძლიერდით თქვენც. ნერვებს გიშლით და გაღიზიანებთ ჩემი ჩანაწერებით?
მიხარია, რადგან ეს ნიშნავს, რომ თქვენი სიმები უკვე შევარხიე და დაგაფიქრეთ.
შევხვდებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий