ფეისბუქის გვერდის შექმნამ დიდი სარგებელი მომიტანა _ მკითხველის სურვილებს ჩავწვდი.
ნაწილობრივ ჩავწვდი, რა თქმა უნდა, მაგრამ იმ მიმოწერის წყალობით, რომელიც მათთან მქონდა ( აუცილებლად პირადული, რადგან ყველა მსუქანი ემალება სამყაროს) მივხვდი, რომ სრულიად სამსუქნეთის სურვილი საერთოა, წონის ელვისბური დაკლება...
მოკლედ, ჩემი მისამართით დასმული შეკითხვები ძირითადად ასეთი იყო:
რიტორიკული:
რამდენ დღეში შეიძლება 10 (ან მეტი) კილოგრამის დაკლება?
რამდენი დღე უნდა ვიშიმშილო, რომ 10 (ან მეტი) კილოგრამი დავიკლო?
დღეში რამდენი საათი უნდა ვივარჯიშო, რომ 10 (ან მეტი) კილოგრამი დავიკლო ერთ კვირაში?
უიმედო:
როგორ ფიქრობთ, შეიძლება, რომ ოდესმე გავხდე?
პროტესტით სავსე:
ვშიმშილობ, მაგრამ ვერაფერს ვიკლებ, რატომ?
ირგვლივ ყველა ჭამს ჩემს გარდა, მე კი ვსუქდები, ეს სამართალია?
წუწუნა:
მეტი აღარ შემიძლია, ეგებ მიშველოთ რამე!
დიახ, ზუსტად ამ სულისკვეთებით დასმულ შეკითხვებს ვუპასუხე გუშინ. :)
მართალია, ცოტათი უტრირებას ვაკეთებ, სახალისო რომ იყოს, მაგრამ ბევრს არაფერს ვაჭარბებ...
ახლა ვფიქრობ, ნეტავ შესწავლილი აქვს მედიცინას თუ როგორ ანგრევს ადამიანის ფსიქიკას სიმსუქნე?
რაკი ეს მდგომარეობა სტრესის ერთ-ერთ გამომწვევად შეგვიძლია, რომ შევაფასოთ, რა თქმა უნდა, შესწავლილი აქვს, მაგრამ ალბათ უპრიანი იქნება ჩვენც, მსუქნებმაც შევისწავლოთ ჩვენი ფსიქოლოგია, რადგან ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ დაავადების სამკურნალოდ. ჰოდა, სწორედ ამას ვცდილობ ამ ბლოგით... ხოლო რაც შეეხება სასწაულს, მინდა გითხრათ, რომ დიახ, თქვენ მშვიდად შეგიძლიათ დაელოდოთ სასწაულს, მაგრამ ამისთვის ბევრი ჯაფა უნდა დახარჯოთ!
როგორც ხედავთ აქ ორი ფოტოსურათია გამოჭიმული. მარცხენა ფოტო იმ დღეს გადავიღე, როდესაც ''სტიმულში'' მივედი პირველად, მარჯვენა ფოტო კი სულ ''ცხელ-ცხელია''.
ამ ფოტოების გამომზიურებაც მკითხველის შეკითხვებმა გადამაწყვეტინა, რადგან მივხვდი, მათ უმრავლესობას ძალიან ეჩქარება შედეგის დანახვა. იმედი მაქვს ჩემი ორთვიანი მონდომება ამ გზით შეფასდება და დაფასდება. :) ეს გახლავთ ის ''სასწაული'' რომელსაც ორი თვის განმავლობაში ველოდი მკლავებდაკაპიწებული. ეს არის ის 12 კილოგრამი, რომელსაც ჩემი, ჩემი ექიმის, ''სტიმულის'' მთელი კოლექტივის და იმ აპარატების წყალობაა, იტალიელმა მეცნიერებმა რომ შექმნეს.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ერთ კვირაში ათი კილოს დაკლება, ერთ თვეში ოცი კილოს დაკლება, მხოლოდ და მხოლოდ ოცნებებში ხდება და ეს ოცნებები იმდენად არარეალურია, სირცხვილია მათ დაემონო! თუმცა, სრულიად რეალურია ერთ თვეში სწორი კვების რეჟიმისა და ''სტიმულის''პროცედურების წყალობით 6-10 კგ მდე დაიკლოთ. ეს დამოკიდებულია თქვენს ასაკზეც. ახალგაზრდა ორგანიზმი გაცილებით იოლად ''ელევა'' წონას.
ოღონდ, წუწუნი, დარდი და უმოქმედობა არაფერს შველის.
ამაზე ხშირად ვფიქრობ ბოლო ხანებში. რაკი უსახელოდ დავიწყე ბლოგის კეთება, ძალაუნებურად ეს ნულიდან დაწყებას დაემსგავსა. რა თქმა უნდა, რაკი ვაკეთებ, მინდა ბლოგი წარმატებულიც იყოს, მაგრამ ამისთვის მე არ ვიყენებ ჩემს უკვე გაკვალულ გზას... პირიქით, იმ გზის დასაფარად ფოტოებს თავს ვაჭრი ან ნიღაბს ვუკეთებ... პირიქით რომ გამეკეთებინა მაშინ რა მოხდებოდა?
დიახ, დღეს მაკვარანცხული აზრები მაქვს, მაგრამ გამგები გამიგებს. დიახ, დღეს ნიღაბი მიკეთია :)
შევხვდებით
ვიმეგობროთ ფეისბუქზე
მსუქანი და გამხდარი
(თარგმანი პ. წერეთლისა)
ნიკოლოზის რკინიგზის სადგურზე ერთმანეთს შეხვდა ორი მეგობარი: ერთი მსუქანი, მეორე გამხდარი. მსუქანმა ეს არის სადგურში ისადილა და ერბომოდებული ტუჩები მწიფე ალუბლებივით უბზინავდა. მას ხერესია და ფლორ-დ’ ორანჟის სუნი ასდიოდა, გამხდარი კი ეს არის ვაგონიდან გამოვიდა და ჩემოდნებით, ბოხჩებით და ყუთებით იყო დატვირთული. მას ლორისა და ყავის ნალექის სუნი ასდიოდა. მის ზურგს იქიდან გამხდარი, გრძელნიკაპიანი ქალი - მისი ცოლი, და მაღალი, თვალმოჭუტული გიმნაზიელი - მისი ვაჟი, იცქირებოდნენ.
- პორფირი! – შეჰყვირა მსუქანმა, როდესაც გამხდარი დაინახა, - ეს შენ ხარ? ჩემო კარგო! რამდენი ხანია არ მინახიხარ!
- ღმერთო ჩემო! - გაიოცა გამხდარმა, - მიშა! სიყრმის მეგობარო! საიდან სადაო?
მეგობრებმა სამგზის გადაკოცნეს ერთმანეთი და ცრემლმორეული თვალებით მიაშტერდნენ ურთიერთს. მოულოდნელი შეხვედრით გამოწვეულმა სიხარულმა ორივე გააბრუა.
- ჩემო კარგო! - დაიწყო გამხდარმა ამბორის შემდეგ. - ამას არ მოველოდი! აი სურპრიზი! აბა ერთი კარგად შემომხედე! ისეთივე ლამაზი ხარ, როგორც იყავი! ისეთივე საყვარელი და კოხტა! ოჰ, ღმერთო ჩემო! როგორა ხარ? გამდიდრდი? დაცოლშვილდი? მე კი, როგორც ხედავ, ცოლიანი ვარ. ეს ჩემი მეუღლეა, ლუიზა, ვანცენბახის ქალი... ლუთერანი... ეს კი ჩემი შვილი ნათანაილია, მესამე კლასის მოწაფე. ეს კი, ჩემი სიყრმის მეგობარი! გიმნაზიაში ერთად ვსწავლობდით!
ნათანაილი ცოტა ჩაფიქრდა და ქუდი მოიხადა.
- გიმნაზიაში ერთად ვსწავლობდით! - განაგრძობდა გამხდარმა, - გახსოვს, როგორ გაბრაზებდით? ჰეროსტრატეს გეძახდნენ იმისათვის, რომ სახელმწიფოსაგან მოცემული წიგნი პაპიროსის ცეცხლით გამოწვი. მე კი ეთიალეტს მეძახდნენ, რადგან ენის მიტანა მიყვარდა. ხო-ხო... რა ბავშვები ვიყავით! ნუ გეშინია, ნათანია! მიდი, ძიას მიუახლოვდი... ეს ჩემი ცოლია, ვანცენბახის ქალი... ლუთერანი...
ნათანაილმა ცოტა ხანს იფიქრა და მამას ზურგს უკან მოეფარა.
- როგორ ცხოვრობ, მეგობარო? - ჰკითხა მსუქანმა, რომელიც აღტაცებით მისჩერებოდა მეგობარს, - სად მსახურობ? დაწინაურდი?
- ვმსახურობ, ჩემო კარგო! მეორე წელიწადია კოლეჟსკი ასესორი ვარ, სტანისლავიც მივიღე. ჯამაგირი ვერა მაქვს კარგი... მაგრამ არა უშავს! ცოლი მუსიკას ასწავლის, მე კი კერძოდ ვმუშაობ, ხის პორტსიგარებს ვთლი... შესანიშნავი პორტსიგარებია! თითოს მანეთად ვყიდი. ვისაც ათი ან მეტი ცალი მიაქვს, უფრო იაფად ვუთმობ. იოლად გამოვდივართ. დეპარტამენტში ვმსახურობდი, ახლა კი აქ გადმომიყვანეს იმავე უწყებაში მაგიდის უფროსად... აქ ვიმსახურებ. შენ კი როგორა ხარ? ალბათ სტატსკი ხარ? ა?
- არა, ჩემო კარგო, უფრო მაღლა ასწიე, - თქვა მსუქანმა, - ტაინი სოვეტნიკობას მივაღწიე... ორი ვარსკვლავიცა მაქვს.
გამხდარი უეცრად გაფითრდა, გაქვავდა, მაგრამ სახე მალე ისევ მოეღრიცა და ზედ ღიმილი მოეფინა; თითქოს სახიდან და თვალებიდან ნაპერწკლები გადმოსცვივდა, თვითონ კი მოიკუნტა, მოიკუზა, დაპატარავდა... მისი ბოხჩები, ჩემოდნები და ყუთებიც მოიკუნტნენ, მოიჭმუხნენ... ცოლის ისედაც გრძელი ნიკაპი კიდევ უფრო დაგრძელდა; ნათანაილი გაიჭიმა და მუნდირის ყველა ღილი შეიკრა...
- მე, თქვენო აღმატებულებავ... ძალიან სასიამოვნოა! ასე ვთქვათ, ბავშვობის მეგობარი და უეცრად ასეთი დიდი კაცი! ხი-ხი!
- გეყოფა! - დაიღმიჭა მსუქანი, - ეგეთი კილო რა საჭიროა? ჩვენ სიყრმის მეგობრები ვართ, აბა რის მაქნისია ხარისხისადმი ამგვარი მოკრძალება?
- რასა ბრძანებთ... - ხითხითით დაიწყო გამხდარმა და კიდევ უფრო მოიკუნტა, - თქვენი აღმატებულების მოწყალე ყურადღება... აიაზმის წყალსავით... აი ეს, თქვენო აღმატებულებავ, ჩემი შვილი ნათანაილია... მეუღლე - ლუიზა, ლუთერანი, ერთგვარად...
მსუქანს რაღაც საწინააღმდეგოს თქმა უნდოდა, მაგრამ გამხდარის სახე იმდენ მოწიწებას, სიტკბოსა და მოკრძალებას გამოხატავდა, რომ ტაინი სოვეტნიკს გული აერია. გამხდარს ხელი გამოსამშვიდობებლად გაუწოდა და ზურგი შეაქცია.
გამხდარმა მის სამ თითს ჩაჰკიდა ხელი, მთელი სხეულით მოიდრიკა და ახითხითდა: „ხი-ხი-ხი“. მეუღლემ გაიღიმა. ნათანაილმა ფეხი ფეხს ჰკრა და ქუდი ხელიდან გაუვარდა. სამივენი სიხარულისაგან გაბრუებული იყვნენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий