пятница, 22 января 2016 г.

რატომ უნდა გაუძლო შიმშილს?


დღეს 38–ე ჩანაწერს ვაკეთებ.

ხედავთ, როგორ გაიწელა ჩემი ბლოგი?
ეს ბუნებრივია, რადგან ის ფეხდაფეხ ჩემი წონის კლების პროცესს მიყვება, წონის მოშორება კი, უკვე ბევრჯერ ვთქვი, მაგრამ მაინც გავიმეორებ, რომ ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია.

ასე რომ არ იყოს, დარწმუნებული ვარ, დედამიწაზე მსუქანი ადამიანები საერთოდაც არ იარსებებდნენ.  მაგრამ არც ამისი ცოდნა და არც იმის გამეორება, რომ ეს რთულია საქმეს არ აიოლებს. არც დღეების თვლაა შვება, არც წერა და არც იმისი კითხვა თუ რა დაწერე.

ეხლა, როცა ასე შორს შევტოპე, პირიქითაც კი მგონია. მგონი ეს ნუმერაცია პირველიდან ოცდათვრამეტამდე, რომელიც მაიძულებს, რომ დავითვალო ჩემი დიეტის, ‘’სტიმულშის’’  ჩატარებული პროცედურების დღეები, ცოტა არ იყო ნერვებსაც მიშლის.

რაკი წარსულში ერთხელ უკვე დავიკელი წონაში ძალიან კარგად ვიცი, რომ სასურველ შედეგამდე მხოლოდ იმის შემდეგ მიდიხარ, რაც დიეტა, ვარჯიში ან პროცედურები, ცხოვრების წესი ხდება და ამაზე ფიქრსაც თავს ანებებ.

ამიტომაც გავიძახი, რომ სასწორზე წამდაუწუმ დგომა საჭირო არ არის. არ არის საჭირო ყოველ დილით საწოლიდან წამოფრინდე და ფეხშიშველი გაიქცე სასწროზე შესადგომად, რადგან თუ თქვენ იმ დღეს არაფერი გაქვთ დაკლებული, შესაძლოა დეპრესიამდეც მიხვიდეთ.

მაგრამ მეორეს მხრივ, ხომ უნდა იცოდე ის, რასაც აკეთებ, შედეგს გაძლევს თუ არა?

ჩემი მეგობარი, რომელსაც ჭარბი წონა აწუხებს, ამასწინათ ენდოკრინოლოგთან იყო ვიზიტით. თბილისში ხომ იცით როგორც არის, ჩვენ ყველა კარგი ექიმის სახელი და გვარი ვიცით, ასე რომ, ის ამ კუთხით ‘’დაზღვეული’’ იყო. მოკლედ, მივიდა ჩემი მეგობარი ძალიან კარგ და საზრიან ენდოკრინოლოგთან, ესაუბრა მას, გაიკეთა ყველა საჭირო ანალიზი და საკმაოდ კმაყოფილი, მაგრამ ცოტა შეცბუნებული დაბრუნდა სახლში. როდესაც შეცბუნების მიზეზი ვიკითხე, აღმოჩნდა, რომ ეს მისი ექიმის რჩევა იყო: ‘’ყოველ დღე ჩაიხედეთ სარკეში, უყურეთ თქვენს სხეულს და მერე აიწონეთ!’’
იმდენად გამაოცა ამ მოთხოვნამ თუ რჩევამ, რომ მაშინვე კომენტარიც ვერ გავაკეთე, მაგრამ ჩემი მეგობარი საკმაოდ საზრიანი ადამიანია და მან თავად ითავა ამ რჩევის ანალიზი: ‘’როგორც ჩანს, ჩემმა ექიმმა გადაწყვიტა, რომ მე ძალიან მომწონს ჩემი თავი და დამატებით სტიმულად, ჩემი ამ თავმნოწონების შერყევა და ‘’გონზე მოყვანა’’ განიზრახაო’’.

არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი... უფლება არ მაქვს მას ვედავო, ვისაც წლების გამოცდილება და ცოდნა უმყარებს გადაწყვეტილებების მიღების უფლებას. ან შესაძლოა, რომ მე მეშლება და ასეთი თერაპიაც არსებობს: ვუყუროთ რეალობას თვალებში.

ოღონდ მეც და თვენც უკვე ძალიან კარგად ვიცით, რომ როდესაც ადამიანი საკუთარი წონისგან იტანჯება, მას რეალურობის განცდა ტოვებს. მეც ასე დამემართა, როდესაც პირველად დავიკელი დიდი წონა. მახსოვს, მაშინ სრულიად შიშველი დავრჩი, რადგან ჩემი გარდერობი მთლიანად დამიპატარავდა, ჰოდა, ნელ–ნელა ახალი ნივთების შეძენა დავიწყე. ყველა ჯერზე, როცა კი მაღაზიაში შევდიოდი, ერთი ან ორი ზომით დიდ ტანსაცმელს ვიზომებდი. მე მაშინ რეალური წონისგან გავთავისუფლდი, მაგრამ ის ჩემს ფსიქიკაში დარჩა. მართალია ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც მაღაზიის გამყიდველი ყურადღებით ამათვალიერებდა და მერე თქვენ აი ეს გექნებათ კარგადო, პატარა ტანსაცმელს მაწვდიდა ხელში, მაგრამ მე საკმაო ხანს საკუთარ თავს მსუქან ადამიანად ვხედავდი.

სრულიად საპირისპირო მოხდა, როდესაც პირველად გავსუქდი. მე მაშინაც ''ტიტველი'' დავრჩი. იმ პერიოდის გახსენება საერთოდ არ მიყვარს, მაგრამ ახლა რაკი სიტყვამ მოიტანა, გიამბობთ. მაშინ თბილისში ტანსაცმლის მაღაზიები კანტი–კუნტად იყო, ჰოდა სადგურში, ბაზრობაზე წავედი. იქ ზრდილობითა და მყიდველისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით ბევრი არ გამოირჩეოდა, ამიტომ მახსოვს, საშინლად გავწვალდი. მთავარი დამნაშავე ამ წამებაში კი ჩემი არასწორი ხედვა იყო. მე გამუდმებით მოვითხოვდი ჩემთვის ისეთი სამოსი ეჩვენებინათ რომელშიც არ ვეტეოდი.

‘’ა, გოგო, აგი ჩაგეტევა მგონია!’’ 
მომაძახა ერთმა გადაფაშულმა გამყიდველმა და 
‘’ამაში მეც ვეტევი, ასეთი მაქვს სახლში’’ო, დაამატა. 

ის ქალი, ღმერთმა კარგად ამყოფოს, ისე გამოიყურებოდა, როგორც ბამბით გატენილი ტომარა. მე ვიდექი და ჯერ ჩემს საცოდავ, შიშველ ხელებს დავცქეროდი, რომელზეც არცერთი ბეჭედი აღარ მეტეოდა, მერე იმის ბეჭდებით ახურხლულ, ბალიშებივით დაბერილ თითებს.

‘’ნახავ გოგო? გადამრევს ეს ხალხი, რამ გაგაშეშა ადამიანო?!’’ 
გამიბრაზდა გამყიდველი.

გამოვართვი ის, რასაც მაწვდიდა.

ნაცრისფერი, სწორად აჭრილი, საკმაოდ განიერი კაბა იყო. არაფრიდან არაფერი, უსახო და ულაზათო. ერთადერთი რაც მის ღირსებად შემეძლო ჩამეთვალა ის იყო, რომ კარგი ხარისხის ნაჭრისგან იყო შეკერილი. არა, მეორე ღირსებაც ჰქონდა, ჩემი ზომა იყო. 

ვიყიდე. მერე მე დიდხანს ვატარებდი იმ კაბას როგორც სასჯელს... აი იქიდან ამოძრომის შემდეგ კი დიდხანს ვიშუშებდი შეგრძნებებს, განცდას, რომ ისევ მსუქანი ვარ.

ჰოდა, ვინ იცის, ეგებ მართალია ის ექიმი, რომელიც ჩემს მეგობარს რეალობის დასანახად ყოველ დილით სასწორზე დადგომას და სარკეში საკუთარი სხეულის თვალიერებას უნიშნავს წამლად?

ეგებ რეალობის აღქმა რომ ვისწავლოთ, უკეთ ვიპოვოთ გამოსავალიც?

იქნებ ის, რაც ჩემთვის წამალია, თქვენთვის შესაძლოა არაფრის მომცემი იყოს?

ან სად არის ზღვარი რეალობასა და შეგრძნებებს შორის?

დღეს 38–ე ჩანაწერს ვაკეთებ და ისევ იგივე ფიქრები მაქვს რაც პირველი ჩანაწერის გაკეთების დროს მქონდა. მაინც რა მინდა, რატომ ვიწვალებ ასე თავს?

რატომ მივდივარ ყოველ დღე ქალაქის მეორე ნახევარში და ‘’სტიმულის’’ პროცედურებს ვიკეთებ?

რატომ ვსვამ ყოველ დღე ორ ლიტრ წყალს?

რატომ ვჭამ უმარილო, უგემურ საკვებს?

რატომ ვითმენ შიმშილს?

რატომ ვატყუებ ჩემ თავს, რომ უშაქრო ყავა მიყვარს?

რატომ ან როგორ შემიძლია ავიტანო მოხარშული, უგემური საკვები და თანაც ვიძახო, რომ ის ძალიან გემრიელია?

როგორ შემიძლია მთელი დღეები ვიდგე და რაღაცა ბალახებს, ფუჩეჩებს და სისულელეებს ვჭრიდე, ვაზავებდე რომ საკვებად ასატანი გახდეს?..

განა ეს ჩემ ცხოვრებას შეცვლის?

ვითომ ამით მივიღებ სტაბილურობის შეგრძნებას?

ვითომ გამხდარი და ტანკენარი ადამიანებისთვის უფრო იოლია ამ მოწყენილ, უფერულ ქალაქში, ქვეყანაში ცხოვრება?

იქ სადაც გამუდმებით თავს გახვევენ ნეგარტივს?

J გავუტიე J

დიახ, გავუტიე, მაგრამ რას შეცვლის 40 წელს გადაშორებული ქალის ცხოვრებაში მინუს 20 კილოგრამი?

ამასწინათ ოცნებებსა და გეგმებზე, მათ განსხვავებაზე მომიხდა საუბარი.

მე ერთი ოცნება მაქვს, რომელიც მირჩევნია გეგმა იყოს.

ძალიან მინდა ერთ მშვენიერ დღეს თვითმფრინავში ჩავჯდე ჩემს შვილებთან ერთად და იმ ქალაქში დავდგა ფეხი, რომელზეც გამუდმებით ვუამბობ შვილებს.

ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამაზე. თავიდან ამ ფიქრში ახალგაზრდა ვიყავი, მერე ცოტა ასაკიც მომემატა, ახლა კი, დავუშვი, რომ ეს შესაძლოა ჩემი ცხოვრების ბოლოს, თეთრთმიანმა გავაკეთო. თითქოს ვხედავ ხოლმე ჩემს თავს. წელში გამართულს, ყელზე მოხვეული ბენდენით, რომელსაც ომის მერე იმიტომ ვინახავ რომ იქ ჩასვლისას გავიკეთო. და იმ ფიქრებში ყოველთვის ლამაზი  და გამხდარი ვარ.

J მართლა გავუტიე J მაგრამ რაც მინდოდა, გითხარით.

ყველაზე დიდი ოცნებები, ყველაზე დიდი თავგადასავლები, ყველაზე დიდი ბედნიერებაც და ეგებ უბედურებაც, ლამაზმა მინდა რომ განვიცადო.

ჰოდა, რა დროს ყოყმანი და რა დროს იმაზე მსჯელობაა რა და რისთვის. ჩვენ ხომ ყველაფერი გარკვევით ვიცით. ჩვენ სილამაზე გვინდა.

მე ამის მისაღწევად ჩემი ნებისყოფა და ჩემი ექიმი, სხეულისა და წონის კორექციის ცენტრი ‘’სტიმული’’ მეხმარებიან.

თუ რა ხდება ‘’სტიმულში’’ და რატომ მაქვს იმისი ფუფუნების უფლება, რომ 40–ს გადაშორებულმა, სხეულის იდეალურ ფორმებზე ვიოცნებო, ნახავთ აქ.

ისევ შემეშალა: არც ეს არის ოცნება, ესეც გეგმაა.

პ.ს.

როცა ფოტოს ვეძებდი ბლოგისთვის, აღმოვაჩინე, რომ დიეტის დამრღვევებად და მუცელღმერთებად, უფრო ხშირად ქალი მოდელები გამოყავთ. ამიტომ, გენდერული ბალანსის აღსადგენად, აი ეს კაციც ვიპოვე, თანაც ვიღაცას მაგონებს ძალიან :დ




შევხვდებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий