понедельник, 22 февраля 2016 г.

XXXL


ეროვნული მოძრაობა უკვე თავის აპოთეოზში იყო, როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე და მუშაობაც დავიწყე. უკვე გადატანილი გვქონდა 9 აპრილი და მეც, როგორც მაშინდელი ჩემი თაობის სტუდენტების უმრავლესობა ნამიტინგარი, ნანერვიულები, მაგრამ საოცრად იმედიანი ახალგაზრდა ვიყავი. აქტიურიც. ახლა მიკვირს რამდენ რამეს ვასწრებდი სამსახურის პარალელურად, მათ შორის სირბილსაც და ცეკვასაც. კვირაში სამ დღეს კუს ტბაზე დავრბოდი, სამ დღეს კი ქართულ ცეკვაზე დავდიოდი.  ბედიერი ვიყავი, ჩემი ქვეყანა კი თავისი არსებობის სულ სხვა, ახალ ფაზაში გადადიოდა.

მშვიდობა აუცილებელი პირობაა ნორმალური ცხოვრების წესი რომ დაიცვა. კუს ტბა და ცეკვაც სწორედ ამ მიზეზით დასრულდა. საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელიც ახლა ვიცი, რომ სამამულო ომის დასაწყისი იყო. ( რადგან ეს ყველაფერი რუსული გეგმის ნაწილი გახლდათ.)

ბარნოვის ქუჩაზე ვცხოვრობდით მაშინ. ბარნოვის იმ მხარეს მკაფიოდ ისმოდა ომის ხმა. ჩემი ბევრი ახლობელი იმ ძმათამკვლელ ომში იყო ჩართული _ აღარა აქვს მნიშვნელობა რომელ მხარეს, რადგან ორივე უპატიებელ ცოდვად მიმაჩნია. მაგრამ ეს მე მაშინვე ვიცოდითქო ვერ ვიტყვი, მაშინ მე ეროვნულ ხელისუფლებას ვუჭერდი მხარს, თუმცა არავითარი აქტიურობა არ გამომიჩენია, რასაც ძალიან განვიცდიდი და ამიტომაც თავი დავისაჯე და ყველა ის ტკივილიანი დღე მხოლოდ პურზე და წყალზე გავატარე. არა, მაშინ არ ვიცოდი რომ უნდა მელოცა, მხოლოდ დასასრულს ველოდებოდი.

აფხაზეთმა კი მთლიანად დაამთავრა ჩემი ნორმალური ცხოვრება. არა, ჩემი კი არა, ჩემი ქვეყნის ცხოვრებაც კალაპოტიდან ამოგლიჯა და უამრავი განსაცდელისა და ტკივილის გზაზე დაგვაყენა.

ხელებდაშვებული ვეღარ დაველოდებოდი ღვთის წყალობას, მეც უნდა მემოქმედა.

როდესაც მოქმედების სურვილი გაქვს ომის დროს, ეს იმას ნიშნავს, რომ ომში ერთვები. სწორედ ასე მოხდა. ჩემმა პროფესიამ და საკუთარ თავზე აღებულმა ვალდებულებებმა ამიტომაც ჩამიყვანეს ალმოდებულ, ალყაში მოქცეულ სოხუმში.

რაკი ჩვენი თემა ძალიან მსუბუქია ამ ყველაფერთან შედარებით, აღარ ჩავუღრმავდები დეტალებს და თავს არ მოგახვევთ მაშინდელ ემოციებს, მაგრამ ერთს კი გავიხსენებ. სოხუმში ძალიან ბევრი საქმე იყო გასაკეთებელი და მთელი დღე ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში დავდიოდი, უფრო ხშირად ფეხით, ენერგია მჭირდებოდა, ჰოდა ამ ენერგიას სწორედ იმ საკვებით ვიღებდი, რითაც თბილისის ომის დროს დავისაჯე თავი _ პურით და წყლით. ოღონდ ეს არ იყო შეგნებულად გდადგმული ნაბიჯი, თუ სხვა საკვები გამოჩნდებოდა, არც იმაზე ვამბობდი უარს, მაგრამ იყო დღეები, როდესაც მხოლოდ პურზე და წყალზე ვიყავი_ წყალი ბერძნების ჭიდან უნდა ამოგეღო... მოხუცი ცოლ-ქმარი იყო, მოქუფრულები, არასოდეს გაუღიმიათ ჩემთვის, მაგრამ ბოქლომით დაკეტილ ჭას კი მიღებდნენ ხოლმე...

როცა ბოლოსამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო და ჩემი ორივე თვალით ვუყურე როგორ გადიოდა სარკინიგზო გზით სოხუმიდან ჩვენი შეიარაღება, თბილისში დავბრუნდი.

მერე, ძალიან დიდხანს, ჩემი ცხოვრება  იმ ბურუსთან ბრძოლად გადაიქცა, რომელიც იმ შეუსაბამობის გამო დამეუფლა, რომელიც თბილისში ჩამოსულს დამხვდა _ როდესაც სოხუმიდან მოვფრინავდი, აეროპორტში, პირდაპირ ასფალტზე დაწყობილ საკაცეებზე დაჭრილი ჯარისკაცებიც ელოდებოდნენ თვითმფრინავს, აქ ჩამოვედი და თბილისის აეროპორტში უცხოეთიდან ჩამოტანილი ახალი ტელევიზორის ყუთებით დატვირთული, ნამზეურევი დამსვენებლების ჯგუფი დამხვდა... ბურუსი გაუგებრობისგან...

მოკლედ, ომის წაგებას თბილისში შევხვდი.

მერე დიდხანს ველოდე სვანეთის გზიდან წამოსულებს.

ყველა ვერ ჩამოვიდა.

მე ის თაობა ვარ, რომელმაც პირველმა ჩაიცვა შავი საქართველოს უახლეს ისტორიაში რუსეთის იმპერიის წყალობით.

მერე კიდევ ბევრი რამე მოხდა ჩვენს ქვეყანაში, ოღონდ იმაზე საუბრით, რაც ყველამ ისედაც უნდა იცოდეს, თავს აღარ შეგაწყენთ.

ეს ყველაფერი იმიტომდამჭირდა მომეყოლა, რომ სულ სხვა ამბავი გიამბოთ, რომელიც მალევე მოხდა...

ერთ დღეს ჭავჭავაძის გამზირზე მივდიოდი. საქართველოში სარეკლამო ბიზნესი მაშინ იწყებდა ფეხის მოკიდებას, ამიტომაც ქუჩაში გამოკრულმა წარწერამ XXXL უცებ ''დამანახა თავი''. წავყევი ამ წარწერას. დავაკაკუნე კარზე. ძალიან კულტურულმა, მოწესრიგებულმა და მშვიდმა ქალბატონმა გამიღო უბრალოდ მოხურული კარი. გამიღიმა, რაღაცნაირად ტკბილად და თანაც გაგებით მოეკიდა ჩემს წვევას. გულწრფელად ვუთხარი, ამ წუთას აღმოგაჩინეთ და მინდა გავიგო აქ რა ხდება მეთქი.

აღმოჩნდა, რომ ეს მსუქნების კლუბი იყო. იმ ადამიანების თავშესაფარი, რომლებიც ცდილობდნენ რეალობას შეგუებოდნენ და საკუთარი სიდიდისაგან გაჩენილი კომპლექსები მოეშორებინათ. რაკი მე ყოველთვის მერჩია წონა დამეკლო და არა შევგუებოდი, ვკითხე, ხომ არ აჯობებდა ასეთ ადამიანებთან სწორედ ამაზე ემუშავათ_ ანუ საპროტესტო მუხტის გამოწვევაზე.

არაო, მითხრა ამ ქალმა. საოცარი მოთმინება გამოიჩინა, სხვათა შორის... ჩემი მიზანი ის კი არ არის, რომ ამ ადამიანებისგან ტოპ მოდელები დავაყენო, ჩემი მიზანია ეს ადამიანები ბედნიერები იყვნენო.

რითი უნდა იყნენ მეთქი ბედნიერები, ვიკითხე. სამწუხაროდ, მაშინ არ ვიცოდი, რომ სიმსუქნე ბედნიერების იმ ნაწილშიც გვიშლის ხელს, სადაც ჯანმრთელობა გადის.

ცხოვრებითო... ისინი თავს ნებისმიერ შემთხვევაში კარგად უნდა გრძნობდნენ, მიუხედავად იმისა, როგორ უყურებს მათ საზოგადოებაო... ჰოდა, იმისთვის, რომ ეს მოსაზრება უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო, მან ამ კლუბის წევრების ფოტოებიც მაჩვენა. ცნობილი ადამიანების. გავვოგნდი, რადგან ფოტოებზე ის ადამიანები ვნახე, რომლებსაც ახლა ქვეყნის დალაგება ევალებოდათ და არა საკუთარ უკომპლექსობაზე ოცნება.

ახლა, როცა წლები გავიდა, ვიცი, რომ ის ქალი, რომელიც არ მახსოვს ვინ იყო, მაგრამ ძალიან სიმპათიური ქალბატონი კი ნამდვილად გახლდათ, მართალი იყო საკუთარ მოსაზრებებში, მხოლოდ ერთი რამე შეეშალა, არგუმენტად საკუთარი მომხმარებლები არ უნდა დაესახელებინა.

არც ის ადამიანები იყვნენ დამნაშავენი რამეში, რომლებიც მაშინ იმ კლუბის წევრებად ითვლებოდნენ. დიახ, ქვეყანა არეული იყო, სისხლი უკვე დაღვრილი და თურმე დასაღვრელიც, მაგრამ მათ ეს მკურნალობა მხოლოდ დაეხმარებოდათ უფრო საჭირონი ყოფილიყვნენ საკუთარი ქვეყნისათვის. აბა ომს როგორ მოიგებს, ან ქვეყანას როგორ ააშენებს კომპლექსებიანი კაცი?

დიდხანს ვესაუბრე იმ ქალბატონს და მერე, როცა მან ძალიან კეთილად მირჩია, რომ ერთი თეფშის პრინციპი გამომეყენებინა ჩემი რაციონისთვის ( ანუ დღეში სამჯერ იმდენი საკვების მიღება მირჩია, რაც ერთ თეფშზე დაეტეოდა.) მივხვდი, რომ სარკეში ცოტა კრიტიკულად უნდა ჩამეხედა... და ამეკრძალა თავისთვის ცარიელი პურით საზრდოობა, რადგან თავის დასჯის ღირსი ნამდვილად არ ვიყავი.

ჩავიხედე... ბევრი არაფერი, სულ 5-6 კილო მქონდა ზედმეტი. ავდექი ადრიანად, ავედი კუს ტბაზე, სადაც იმხანად ასვლა საკმაოდ სარისკო იყო და ვირბინე. იქ მეტჯერ აღარ ავსულვარ, სანამ საკუთარი შვილები არ წამოვზარდე, იმ დღეს კი, გიჟივით მარტომ, ამ სიმარტოვით შეშინებულმა და ოფლიანმა,  მთელი სიგრძე-სიგანით გავაცნობიერე _ რომ ომმა შავები ფიზიკურადაც ჩამაცვა და სულიერადაც, რომ ერთადერთი წინააღმდეგობა, რომელიც მომავალშიც შეიძლება შემხვდეს და რომელსაც ვერაფრით გავუმკლავდები, ისევ ომი იქნება. სხვა კი არაფერი შემაჩერებს. ამიტომაც გიამბეთ ეს ყველაფერი _ რაც საწუწუნოა და სადარდებელი, ყველაფერზე შავებს გვაცმევს ცხოვრება, დანარჩენის გამკლავება კი ჩვენი მოვალეობაა.

ახლა წლების შემდეგ, ისიც ვიცი, თუ რა სიკეთე გამიკეთა იმ ქალბატონთან შემთხვევითმა საუბარმა _ მან მაშინ ჩემი მეხსიერება დასვენების რეჟიმში გადაიყვანა და სულ სხვა, ჩემი ასაკისთვის, ჩემი სტატუსისთვის, მდგომარეობისთვის საჭირო თემასთან დამაბრუნა. დიეტასთან, გარეგნობასთან... ნეტავ მართლაც არსებობდა ის კლუბი თუ რაღაც მისტიური ხილვა მქონდა?

შევხვდებით




Комментариев нет:

Отправить комментарий