вторник, 29 декабря 2015 г.

შეჯამება




წლის ბოლოს, ჩვენდა უნებურად, ჩვევის, ცრურწმენების თუ რაციონალურად მომავალი წლის დაგეგმვის სახელით, ყველანი განვლილ წელიწადს ვაჯამებთ.

რადგან თქვენი სახით მკითხველი ანუ მომკითხველი მყავს, გადავწყვიტე, მეც გავაკეთო ჩემი მოკრძალებული ბლოგის შეჯამება და ეს, ამ შემთხვევაში უფრო რაციონალური ქმედება იქნება ვიდრე სხვა რომელიმე მიზეზი.

ჩემი ‘’წერად დაჯდომის’’ და ამ ბლოგის წარმოების მიზეზიც და საბაბიც ჩემი ჭარბი წონაც გახლდათ და რადგან, სამწუხაროდ, მე არ ვარ დედამიწის ერთადერთი ჭარბწონიანი, გადავწყვიტე ჩემი წონასთან ბრძოლის დღიურები აქ, ‘’მსუქანში’’ მეწარმოებინა. ეს გადაწყვეტილება დამატებითი მოტივაცია აღმოჩნდა ჩემთვის, იმედი მაქვს, ის, რასაც მე განვიცდი და ვგრძნობ, იგივე პრობლემით, ჭარბწონიანობით, შეწუხებულ, დაფიქრებულ, გაწამებულ ჩემს თანამემამულეებსაც გამოადგებათ მოტივაციად.

სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, იმდენად რისკიანი და გამბედავი ვერ აღმოვჩნდი, რომ ჩემი დღიურები საკუთარი სახელით მეწარმოებინა. გამბედაობა კი ნამდვილად მჭირდებოდა, რადგან მე საკუთარ ფოტოებს ვაქვეყნებ ჩემს დღიურებთან ერთად.

ან ეს ‘’დამალვა’’ იმისთვის დამჭირდა, რომ ის, რასაც თქვენთვის ვაქვეყნებ, თქვენთან ერთად მეც სამუდამოდ დავივიწყო... არ მინდა, რომ ჩემი სხეულის წონით დამახინჯებული ნაწილები ვინმეს დაამახსოვრდეს. მინდა, რომ ჩემი გარეგნობა ისეთად აღიქვან ჩემმა ახლობლებმა, როგორადაც იმედია გადავიქცევი ''სტიმულის'' დახმარებით.

ასეა თუ ისე, ახლა, როდესაც გასული წლის შეჯამება მაქვს გეგმაში, ერთადერთი რასაც  წლის მიღწევად ვუთვლი თავს, ეს დღიურები, ჩემი ბლოგი ‘’მსუქანი’’ და საკუთარი გადაწყვეტილებაა, _ ვებრძოლო წონას ''სტიმულის'' დახმარებით.

სტიმული წონის კორექციისა და სილამაზის ცენტრია, რომელიც უკვე 30 წელიწადია ჩაბმულია ცხიმის დაშლის ''ქართულ მარათონში'' და ამისთვის მთელი დანარჩენი მსოფლიოს უდიდეს ტენოლოგიურ მიღწევებს იყენებს. ( სამწუხაროდ, ქართველი მეცნიერები ასეთი ''გულმოწყალე'' აპატრატების გამოგონებაზე არ მუშაობენ J )

მე დაწვრილებით აღვწერე ის პროცედურები, რომელსაც აქ, ამ ცენტრში მიკეთებენ. ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამან მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია. ვისაც არ უნახავს, შეუძლია ეს იხილოს აქ:ტრანსდერმული პროცედურა, ლმფოდრენაჟი და ვაკუსტაილერიმიოსტიმულაციაულტრაბგერაციური ვარსკვლავი.

სიმართლე რომ ვთქვა, სტიმულში მისვლის პირველი დღიდან დღემდე ( ჯერ ერთი თვე არ გასულა), ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცნობიერებაში. ახლა, როდესაც ჩემს ჩანაწერებს ვკითხულობ, ვხვდები, რომ ჩემი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა მელოდა წინ, აბსოლუტურად ზედაპირული ყოფილა, რადგან როგორც სტიმულის მთავარი ექიმი თამუნა იდუკაშვილი ამბობს, მე მხოლოდ წონას კი არ ვებრძვი, არამედ ჩემში ჩასახლებულ გველეშაპს. ბრძოლა აქ მორევაზეა, ამ ბრძოლაში ადამიანი ჭკუაში,  ნებისყოფასა და გამძლობში გადის გამოცდას.

რატომ?

თითქოს რა უნდა იყოს უფრო იოლი ვიდრე წონაში დაკლებაა, როდესაც საქმეში ჭკვიანი აპარატები ერთვებიან?

მაგრამ არა! რაც არ უნდა მოიფიქრონ მეცნერებმა, როგორი მახეებიც არ უნდა დაუგონ ცხიმს, ის ვერ დამარცხდება თუ ადამიანს გაცნობიერებული არ აქვს _თუ მისგან განთავისუფლება გინდა,  როდესაც ერთი ხელით გასცემ, მეორეთი არ უნდა მიიღო, თუ გაცნობიერებული არ აქვს, რომ დიეტა, ჯანმრთელი პროდუქტებით კვება და საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება,  ოქროს სტანდარტია ჭარბ წონასთან ბრძოლაში.

მაგრამ მაშინ რა საჭიროა ის ‘’ჭკვიანი აპარატები’’ რომელსაც მეცნიერები ყოველწლიურად აუმჯობესებენ? მაშინ რატომ დადიან სილამაზის ტრფიალი ქალბატონები აქ, ‘’სტიმულში’’?

ამ კითხვის პასუხი ‘’სტიმულის’’ ყველა პაციენტმა საკუთარ სხეულზე უკვე გამოსცადა, (იხ.აქ:გალიფესთან ბრძოლის ამბავი) იმანაც იცის, ვინც ჩემს ბლოგს ადევნებდა თვალყურს დასაწყისიდანვე, ახლად შემოერთებულებისთვის კი განვმარტავ: ეს პროცედურები ერთი ორად აჩქარებს წონის კლებას და რაც მთავარია, თქვენ ლამაზად ხდებით. ანუ, თქვენ წონის დაკლებასთან ერთად სამუდამოდ ემშვიდობბებით დაკიდებულ ღიპს, მოშვებულ მკლავებს, ‘’დაძონძილ’’ ფარდად ქცეულ კანს. აქ თქვენი სხეულის გაახალგაზრდავება, გააბრეშუმება იწყება...

მე უკვე გამოვაქვეყნე სტიმულში მკურნალობის ორი კვირის შედეგები...
იხილეთ აქ:ორი კვირა.
ამიტომ აღარ გავიმეორებ უკვე ნათქვამს.
ამ დიდი ნახტომის თუ წარმატების მიუხედავად, მე კარგად მაქვს გააზებული, რომ ჩემი ‘’ომი’’ ჯერ მხოლოდ დაიწყო და წინ ძალიან დიდი გზა მაქვს გასავლელი. 

ეჭვებიც გამიჩნდა. ეგებ ვიჩქარე და პირველი შედეგები ორი კვირის თავზე არ უნდა გამომექვეყნებინა? რადგან თიითქმის ასკილოიანი ადამიანის დაკლებული 7–8 კილოგრამი თვალისათვის შესამჩნევი არ არის.

ოდა, სწავლა სიბერემდეო და გადავწყვიტე ახალი შედეგები 2016 წლის იანვრის ბოლო დღეებისთვის გამოვაქვეყნო. რადგან ვთვლი, რომ ნამდვილად არ არის საჭირო ჩემი სიმსუქნით დამახინჯებული სხეული ვინმეს ზედმეტად ვუფრიალო თვალებში და ამით ცუდ განწყობაზე დავაყენო.

კიდევ რა მინდოდა მეთქვა.

კვება
რა შეიცვალა ჩემს ცნობიერებაში ამ მხრივ ამ მოკლე პერიოდში?

მგონი შეიცვალა მთავარი: საკვებთან ჩემი დამოკიდებულება და წარმოდგენები დიეტაზე.

მთავარი შცდომა, რომელსაც ყველა ჭარბწონიანი უშვებს დიეტის დაწყების პირველ ხანებში, ის გახლავთ, რომ ჩვენ, მსუქნები, გათვლას წონაში სწრაფ კლებაზე ვაკეთებთ და არა სწორ კლებაზე. მეც იგივე შეცდომა დავუშვი და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ექიმი დაუსრულებლად მოითხოვდა, ის კვების რეჟიმი დამეცვა, რომელიც გონიერებასთან არის ახლოს, მე დაუსრულებლად ვუწევდი წინააღმდეგობას. პრიმციპში, მე შიმშილის გრძნობა დავამარცხე... მაგრამ თურმე ეს არ ყოფილა მთავარი. შენ, ადამიანი, ამ უზარმაზარი სამყაროს ერთი ციდა ნამცეცი, ასე იოლად ვერ იმარჯვებ ბუნებაზე. ბუნებას დაფიქრებით უნდა ებრძოლო თუკი გინდა, რომ ის შეცვალო... მოკლედ, ჩემი პირველი წონის მკვეთრი კლების შემდეგ წონა გამეყინა... ( იხილე აქ:მარცხი თუ რეალობა?)

ცოდვებმა მიწიეს J რადგან იმაზე ნაკლებ კალორიას ვიღებდი, რასაც თამუნა უკეთებდა რეკომენდაციას.

მაგამ ამან კი არ გამომაფხიზლა,არამედ გამაბრაზა და გადავწყვიტე, ისევ არ დამეჯერებინა თამუნასთვის და განტვირთვის დღეები მომეწყო: ერთი, ორი!

სასტიკად პატივმოყვვარე აღმოვჩნდი _ როგორ, მე შიმშილი დავამარცხე, ჩემი ორგანიზმი კი ხაფანგს მიგებს?

როგორ, მე ყოველ დღე უძვირფასესი პროცედურებით ვანებივრებ ჩემს ორგანიზმს, ის კი არ მემორჩილება?

მაგრამ... ვერ ვაჯობე ბუნებას!

ასეთი მკაცრი განტვირთვის შემდეგ მივხვდი, რომ ძალა მთლიანად გამომეცალა და უკვე იმისი თავიც აღარ მაქვს, რომ გაუნძრევლად ვიწვე, ვთქვათ, მიოსტიმულაციის აპარატზე.

გავიზომე წნევა _ იდეალური.

გავიკეთე სისხლის ანალიზი _ იდეალური.

''გშია''? ვეკიტხები თავს.

''არა, არ მშია'', მპასუხობს ჩემი თავი.

''გტკივა რამე''? ვეკითხები ისევ.

''არა, არაფერი მტკივა, მაგრამ ცუდად ვარ'' J

რატომ?!

თამუნამ ''განგაში'' ატეხა და მითხრა, რომ ''სტიმულის'' კარს დამიკეტავს თუკი არ დავუჯერებ და ჩემს ქათამს, თევზს, ხილს... არ მივირთმევ J

მაგრამ ღმერთო, როგორ მძულს ეს ქათამი!

როგორი სუნი ასდის ამ თევზს!

როგორ მიყვარდა და როგორ, ტირილამდე, შემზიზღდა კიტრიც, პომიდორიც,

ერთადერთი რაც ისევ შემიძლაი ვჭამო, ფორთოხალია J

დიახ, ესეც მახეა! ბუნებისგან დაგებული მახე, რომელიც ლამაზ, ჯანმრთელ, საღ ადამიანად, 3 კილოიან, 3 კილოიან და 700 გრამიან სრულყოფილ არსებად მოგავლენს ამქვეყნად და არასდროს, არაფრით არ გპატიობს დაშვებულ შეცდომებს_ გემოთმოყვარეობას, სისუსტეებს, რომელიც ჭარბად ცხიმის, ცომელულის, ალკოჰოლის, ათასგვარი ნუგბარის გამოყენებაში გამოიხატება.

გძულს ის საკვები რაც ნებადართულია?

გაიხსენე რამდენი დანაშაული, რამდენი ბოროტება გაქვს ჩადენილ საკუთარი თავის წინაშე და წამალივით მიიღე ეგ ულუფა.

აი, რა შეიცვალა ჩემში  და მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს:

საკვები ადამიანის ენერგიის წყაროა და არა სიამოვნების წყყარო.

საკვებით ჩვენს უჯრედებს ვკვებავთ და არა საკუთარ განცდებს.

საკვები _ ხანგრძლივი სიცოცხლისთვის
და არა _ საკვები სიკვდილისთვის...

ჰოდა, უფალი, რომელიც ძალიან სამართლიანია, ამ სიამოვნების მიღების უფლებასაც გაძლევს, როცა არ სცოდავ და იმ ცოტათი კმაყოფილდები, რომელიც შენი ჯანმრთელი არსებობისთვის არის აუცილებელი.

ახლა, როცა ახალი წელიწადი იწყება, როცა ირგვლივ ამდენი ადამიანი დაჰქრის პროდუქტების შესაძენად, როცა ''სტიმულსაც'' დაეტყო ახალი წლის მოახლოება და მხოლოდ ძალიან მოტივირებული ქალბატონებიღა დადიან ამ წლის ბოლო პროცედურების გასაკეთებლად აქ, მე უკვე დაგეგმილი მაქვს ჩემი 2016,

თუ ყველაფერი კარგად იქნება და ღმერთი ოჯახის წევრებს და ახლობლებს კარგად მიმყოფებს, თუ არც ჩემს ქვეყანაში იქნება არეულობა... ანუ თუ იმაზე ფიქრის უფლება ისევ მექნება, რომ წონაში დავიკლო, 2016–ის გაზაფხულს ტანკენარი შევხვდები. თამუნას გავანდე და თქვენც მინდა გითხრათ, საიდუმლოდ J 2016 ის გაზაფხულზე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს. ‘’მასთან’’ 

გილოცავთ ყველას ახალ წელს!
გისურვებთ ჯანმრთელობას და სილამაზეს!
შევხვდებით 4 იანვრიდან.

ჩემი ‘’სტიმული’’ ამ დღეს განაახლებს პაციენტების მიღებას.


понедельник, 28 декабря 2015 г.

ჩვენ 10 000 ვართ!


მე ჩემი თავი კარგი დიასახლისი მეგონა, მაგრამ ნურას უკაცრავადო, მითხრა ჩემმა ბედისწერამ, როცა ჩემი ორივე ყურით მოვისმინე ერთი ძალიან კარგი ქალბატონისაგან, თუ როგორ ემზადება საახალწლო სუფრის გასაწყობად.

სულგუნი და ნადუღი სამეგრელოდან ჩამომაქვსო. იმ სოფლის სახელიც მითხრა, რომელიც მხოლოდ ჩვენი გაძევებული პრეზიდენტის ბიოგრაფიიდან მსმენია... სულგუნი რომ მეგრელებისაგან უნდა იყიდო ეს ისეთი ''ჭეშმარიტებაა'', ამის მიზეზს ახსნა არ სჭირდება... ჰოდა, გააგრძელა...

დედლები და წიწილები იმერულიო, რადგან ის ოჯახი, რომლისგანაც ვყიდულობ, მხოლოდ იმერული, უსასუქო სიმინდით ზრდის ფრთოსნებს, ჰოდა ისრიმაყვალში ჩაწყობილ წიწილს რა ფასი აქვს, თუკი წესიერად ნაკვები არ იქნაო. მეგონა ქათმებზე საუბარი აქ დასრულდენოდა, მაგრამ თურმე ჯერ სადა ვარ... კარგი დედალი მისი ბუმბულით გამიცნობაო... სიმინდით გაზრდილი ქათმის ბუმბული, სხივიანიაო, ბრწყინავსო.

გოჭი მეთქი? ჩავეძიე... ახლა ვნანობ, რადგან ამაზე ისეთი პასუხი მოვისმინე, მეეჭვება კიდევ ოდესმე თავს უფლება მივცე და გოჭის ხორცი ისევ გავსინჯო.

თურმე გოჭებს, აქვე, დუშეთთან აზრდევინებს ერთ სანდო ოჯახს. სანდოობა კი იმაში სჭირდება, რომ ეს ნდობით აღჭურვილი ოჯახი გოჭებს ძალიან ‘’მკაცრად’’ ექცევა, არ აძლევს საკუთარი, საკმაოდ მოზრდილი ზომის გაკრიალებული სადგმომიდან გამოსვლის უფლებას. ამ გზით მათ, გოჭებს, საკუთარი ბუნების საწინააღმდეგოდ, სისუფთავეში კოტრიალი, სუფთა საკვების თქვლეფა და ღრუტუნი უწევთ... და ამის გამო განსაკუთრებულად გემრიელებიც არიან. J

მე იმერელი ვარ და ცოტა გული დამწყდა, მხოლოდ ქათმებით რომ შემოიფარგლა ''წლის დიასახლისი'', ამიტომაც იმერული ხაჭაპური გავიხსენე.

უიო, აბა რაო! იმერული ხაჭაპური დუშეთში და მანგლისში ამოყვანილი ყველით ვის უნდაო?  ყველი მხოლოდ საჩხერისო!

ასეთი ''ჭეშმარიტებები'' სხვებიც ჩამოთვალა:

თაფლი შატილიდანო!

ნიგოზი და ლობიო რაჭიდანო!

ეკალა და პრასი იმერეთიდანო!

ბადრიჯანი და სხვა ბაღჩეული აგერ,  საგარეჯოდანო! თურქული პომიდორი არ გამაგონოთო!

მწვანილი 

ჩურჩხელა კახურიო!
...

ღვინოზე არაფერი უთქვამს... ღვინოს, დარწმუნებული ვარ, მისი მეუღლე შეარჩევს. 

თეთრს კახურს, შავს კი რაჭულს!

დაილოცოს ჩვენი ქვეყანა!

ღმერთმა ყველა საქართველოს მოქალაქეს მისცეს მსგავსი ბარაქის საახალწლო სუფრაზე მიტანის საშუალება!

მაინც რატომ გვიყვარს ახალი წელი?
ამ ასუბრმა მაფიქრებინა, რომ
საახალწლოდ  განვლილის შეჯამება ხდება... შეჯამება, რომელსაც სუფრის მრავალფეროვნებით გამოვხატავთ...

სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი დიასახლისი ვერ გაშლის 2016–ის პირველ სუფრას ისეთს, როგორსაც ამას მისი გემოვნება და სურვილები კარნახობს,

რადგან  ამ სუფრით ჩვენ მხოლოდ ჩვენს გავლილ ნაბიჯებს კი არ ვაჯამებთ, არამედ ჩვენი ქვეყნის გადადგმულ ნაბიჯებსაც.

თუ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა ერთნი ვართ?

დიახ, წინ ახალი წელია. დედაქალაქი ზიმზიმებს, მე კი მიუხედავად იმისა, რომ დღესაც აუცილებლად გავიკეთებ სხეულის საკორექციო პროცედურას სტიმულში, თავს უფლებას ვეღარ ვაძლევ გესაუბროთ დიეტაზე, ვარჯიშზე ან ცელულიტზე...

ხვალ მექნება 2015 წლის შეჯამება!

ვნახოთ რა მიღწევები მაქვს უკვე თითქმის გასულ წელს!

ერთი, რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ ''მსუქანს'' უკვე 10 000 მკითხველი ჰყავს!

ალბათ უმრავლესობაში ქალბატონები არიან, მაგრამ იმედი მაქვს, მამაკაცებიც იჭყიტებიან აქ მალულად!  


ხვალამდე!











суббота, 26 декабря 2015 г.

წინასაახალწლო ფიქრები გახდომის მსურველთათვის


დედაქალაქი წინასაახალწლო აგონიაშია, ყოჩაღმა დიასახლისებმა უკვე მოიმარაგეს სადღესასწაულო სუფრისთვის საჭირო პროდუქტები, დიდი სუპერმარკეტები ტკბილეულის სიუხვისაგან თავბრუს გახვევენ, განათებული და აციმციმებული ქუჩები კი, საცობების მიუხედავადაც ლამაზია, მე კი მიოსტიმულაციის აპარატზე ვწევარ და 
სულ სხვა დარდები მკლავს.

სტიმული 30 დეკემბრამდე მიიღებს პაციენტებს. 31 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით კი ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის და ახლა გამჩნდება ჩვენი ქალობაც და ჩვენი მიზნისაკენ სწრაფვაც რამდენად ძლიერია.J

ჰოდა, რაკი 800 კალორიას წამოწოლილი, გულის ამოვარდნისა და ტკივილის გარეშე ვწვავ, შემიძლია რაციონალური ფიქრებისთვის მოვიცალო.

_ ვინ მიირთმევს ყავას? _ ხელში სინით შემოდის პროცედურების ოთახში ჩვენი დიასახლისი, ნინო.

ყავა ყველას უნდა. საერთოდაც, ყველაფერი რაც გვეჭმევა და გვესმევა, გამუდმებით გვინდა. თანაც ნინოს არაჩვეულებრივი მზარეულობა, უმარილო, გემრიელი სადილების კეთების გარდა, ამ უშაქრო ყავის მომზადებაზეც ვრცელდება. ჰოდა, ყავას მივირთმევ და მგონი ტვინიც მეხსნება.

_ ნინო, საახალწლო სუფრისთვის რაიმე ძალიან გემრიელ და დაბალკალორიულ კერძს ვერ მასწავლი? _ მგონი ზედმეტად ანთებული თვალებით ვეკითხები.

_ საახალწლო სუფრისთვის, საცივი ვიცი მე. _ შეუბრალებელია ნინო.

_ როგორ, აქ მუშაობ და დაბალკალორიული, გემრიელი, სადღესასწაულო, რაიმე განსაკუთრებული კერძი არ იცი?

შეაყარე კედელს ცერცვი, ნინო პასუხის ღირსადაც არ მთვლის. ჰო, ასეა, რაც გემრიელია ყველაფერი ასუქებს. არადა ახლა,  თავისუფლებაში გატარებული ეს ოთხი დღე ჭკვიანურად თუ არ დავგეგმე, მთელი ჩემი შრომა ქარს გაჰყვება.

_ თამუნა, რაიმე გემრიელი საახალწლო კერძი მასწავლე რა! _ ვეწუწუნები თამუნას.

_ დღეს ჩემი ნაძვის ხის კონკურსი მთავრდება, 12 საათზე შეწყდება ‘’ლაიქები’’. რომ ვერ გავიმარჯვო, ძალიან მეწყინება. _ დიახ, აი ამას მპასუხობს თამუნა აი იმ კითხვაზე, რომელსაც აღარ გავიმეორებ J


სხვათა შორის, რაც ამ მაღაზიამ, ამბიენსმა, ნაძვის ხეების კონკურსი წამოიწყო, ჩვენი მთავარი ექიმი ‘’მომსახურების ზონიდან’’ არის გასული. ჰოდა, მართალია ერთხელ უკვე გთხოვეთ, რომ ჩვენს ნაძვის ხეს მხარი დაუჭიროთ, მაგრამ ახლა ამ თხოვნას გავიმეორებ და თუ ამ ლინკზე გადახვალთ და მითითებულ ნაძვს ''დაალაიქებთ'', რომელიც ნამდვილად იმსახურებს აღტაცებას, სრულიად დედაქალაქის მსუქნების მადლს მოისხამთ, ამით ხომ თამუნა ექიმს დაგვიბრუნებთ J


ჩემი აქტუალური კითხვა კი _ რა გავაკეთო საახალწლოდ ლამაზიც, გემრიელიც და დაბალკალორიულიც, უპასუხოდ რჩება.

ამასობაში მიოსტიმულაციის პროგრამის ერთი ნაწილი დასრულდა და აპარატის ხელახლა ჩასართავად ლიკა მომიახლოვდა.

ლიკაც სტიმულის ექიმია, ლიკა იდუკაშვილი, განათლებით ის სამედიცინო აპარატების სპეციალისტია და პარალელურად დედაქალაქში მცხოვრები ლამის ერთადერთი ადამიანი, რომელიც საკუთარი სამსახურით სრულიად ბედნიერია. ბედნიერია იმით, რომ სილამაზეს ემსახურება, ბედნიერია მაშინაც, როდესაც სამსახურიდან მხოლოდ ღამის დადგომის შემდეგ ახერხებს გასვლას... ეგებ ბედნიერმა ადამიანმა მომცეს რჩევა?

_ ლიკა ვერც შენ მასწავლი საახალწლო სუფრისთვის შესაფერ, დაბალკალორიულ კერძს?

მასწავლის, მერე როგორ მასწავლის! J

ეს რეცეპტი იმდენად ჩახლაფორთებული მომეჩვენა და ისეთი ლამაზი იყო ლიკა, გადავწყვიტე მისთვის ვიდეო გადამეღო და უშუალოდ მას ესწავლებინა თქვენთვისაც იმ კერძის მომზადება, რომლის სახელის კითხვაც დამავიწყდა.



აი, ერთი კერძი უკვე მაქვს. J

და ტკბილეულს რაღა ვუყოთ?


_ რა გექნება საახალწლო სუფრაზე? _ მეკითხება თამუნა. როგორც ჩანს, ვიდეოს გადაღებამ დროსა და სივრცეში დააბრუნა.

_ თევზი ლიკასაგან. J _ ვუღიმი ბედნიერი.

_ კი ბატონო, სხვა კერძებიც შეგიძლია მიირთვა, არ არის აუცილებელი სადღესასწაულო განწყობა ჩაიშხამო, მაგრამ გემოთმოყვარეობას ნუ გადააყოლებ ჯანმრთელობას. კვებებს შორის შიალედები დაიცავი და თითო კვებაზე ყველა გემოს ერთად შეგრძნობას ნუ ეცდები. ტკბილი, მწარე, მერე მჟავე, ამასთან ერთად ნიგვზიანი და ცხიმიანი, კიდევ ხელახლა ტკბილი და ისევ მწარე... ამას ნუ გააკეთებთ, თორემ, ნორმალურ კვებას არავინ გიკრძალავთ. სამი იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით და ყველაფერი კარგად იქნება... ნუ გეშინია...
მართალია თამუნა, მეშინია...

_ თამუ, გოზინაყიც, ჩურჩხელაც და სხვა ტკბილეულიც გავსინჯო? _ კიდევ ერთხელ ვაზუსტებ.

_ გოზინაყი და ჩურჩხელა ოცი კილოთი ნაკლები რომ იქნები, აი მაშინ იქნება ყველაზე ტკბილი. ცოტა ეგეც მიირთვი, ოღონდაც სხვა კერძებთან ერთად კომბინაციაში არ გინდა...

და მე რა ვთქვი წეღან? ‘’ მომსახურების ზონიდან არის გასული’’ მეთქი? უკან მიმაქვს ჩემი ცრუ განცხადება! თამუნა წინასაახალწლოდაც ჩვეულ ფორმაშია! და ცხიმთან მებრძოლ ამ ქალბატონს თუ დავუჯერებ, ისევ ჩემთვის იქნება კარგი...

აი, მომავალ წელს კი, საახალწლოდ, მე, გამხდარი და ტანკენარი, სადმე თბილ ქვეყანაში
 წ ავალ... იქ, ლაჟვარდოვან სანაპიროზე, ლამაზი საცურაო კოსტუმით წამოვწვები მცხუნვარე მზის ქვეშ და თბილისიდან წაღებულ, კახურ ჩურჩხელას რომელიმე, ევროპიდან მზეზე შესაფიცხებლად ჩამოსულ, ქალბატონსაც შევთავაზებ იმისთვის, რომ მზე ორმაგად შეიგრძნოს.J

აი ასეთია მსუქნის წინასაახალწლო ფიქრები! 





пятница, 25 декабря 2015 г.

ციური ვარსკვლავი



ირკვევა რომ, ერთ–ერთი მიზეზი, რომლის გამოც წონაში იოლად ვერ ვიკლებთ, ჩვენივე ცხიმის მეხსიერება და მისი შესაშური იმუნიტეტი გახლავთ. 

აქედან გამომდინარე, მასთან საბრძოლველად საჭიროა რამდენიმე, ალტერნატიული საშუალების გამოყენება.

სტიმულში ასეთ ალტერნატივად დღესდღეობით ‘’ციური ვარსკვლავი’’ განიხილება.

ცხიმთან საბრძოლველად მას იმ შემთხვევისთვის იყენებენ, როდესაც ორგანიზმი უკვე ''ჩვეულ ამბად'' აღიქვავს იმ იმპულსებს, რომელსაც სხვა აპარატებისგან იღებს. 

ვინც ეხლა შემოგვიერთდა მათ ამ ''სხვა აპარატების'' შესახებ შეუძკლიათ წაიკითხონ აქ: პირველი დღე ,



ანუ ‘’ციური ვარსკვლავი’’ ცხიმზე თავდასხმის განსხვავებული საშუალებაა, რომელიც სულ სხვა ჯგუფის რეცეპტორების აღგზნებას იწვევს და ამით ორგანიზმის მეხსიერებას უკვე მიღებული და შეგუებული იმპულსებისაგან ათავისუფლებს. ძველის დავიწყება კი იმისათვის არის საჭირო, რომ ცხიმმა, ყველა მიღებული იმპულსი სიახლედ მიიღოს და მის ნებას დაემორჩილოს _ ანუ გაწყლოვანდეს და ორგანიზმს მოცილდეს.

ამ უნიკალურ იტალიურ აპარატს ეს სახელწოდება სტიმულის პაციენტებმა შეარქვეს,  მისი პასპორტის სახელი კი დაივიწყეს. J როდესაც თამუნას ვკითხე მისი სახელი, მითხრა, ეს ფირმის საიდუმლოებააო, ჰოდა აღარც ჩავაცივდი.

შერქმეულ სახელს კი თავისი ისტორია აქვს.

როდესაც ის მსოფლიო ბაზარზე გამოჩნდა, რა თქმა უნდა, ამის შესახებ სტიმულის დამფუძნებელმაც გაიგო და მის შესაძენად თავისი წარმომადგენელის გაგზავნა განიზრახა იტალიის ერთ პატარა ქალაქში, სადაც სამედიცინო აპარატურის გამოფენა–გაყიდვა იმართებოდა.
 
მაგრამ აპარატი საკმაოდ ძვირი ღირდა, ამიტომაც სტიმულმა ბანკებს მიმართა კრედიტის ასაღებად.

ინფორმაცია სასწაულმოქმედ აპარატზე, რომელიც ცხიმს ატყუებს, მეხსიერებას ურევს, კანქვეშა ცხიმს ყველა უკვე არსებულ აპარატზე უკეთ ებრძვის და ამით გახდომის პროცესს გაცილებით აიოლებს, პაციენტების ყურამდეც მიაღწია... ჰოდა, აი მერე დაიწყო რაც დაიწყო J

სტიმულის პაციენტებმა, როგორც ჭეშმარიტ პატრიოტ სტიმულელებს შეეფერებოდათ, თავი გამოიდეს და საკუთარი ინვესტიციით შემოვიდნენ ახალი აპარატის შესაძენად. 

ყველამ ვიცით როგორი ტკბილიც არის უანგარო დახმარება ორივე მხარისათვის... ასეთი გმირობები კი არასდროს ავიწყდება თამუნა იდუკაშვილს. J

მოკლედ, როგროც იქნა შეგროვდა საკმარისი თანხა და იტალიაში მის შესაძენად როგორც დაგეგმილი იყო,  სტიმულის  სამედიცინო აპარატურის სპეციალისტი გაემგზავრა და მალე აპარატი, რომელიც მაშინ სულ სხვა სახელით მოფრინავდა თბილისისკენ, თვითმფრინავის საბარგულში დაბინავდა.

სტიმულის პაციენტებმა კი თითებზე თვლა დაიწყეს.

მოლოდინი იმდენად დიდი იყო, რომ როდესაც გაირკვა რომ დიდთოვლობის გამო აპარატი ბრიუსელშია გაჭედილი, სტიმულს საყოველთაო მღელვარება მოედო... ამ მღელვარებამ მათალია თოვლი ვერ გაადნო,  მაგრამ ახალი სახელწოდება კი მოუტანა სტიმულს _ ციური ვარსკვლავი J


ჰოდა, სწორედ  ამ ნანინანატრი აპარატით პროცედურა გამოჩნდა ჩემი გახდომის პროგრამაშიც.

შეგრძნებები _ სასიამოვნო ჩხვლეტა, რომელსაც საკმაოდ მოზრდილი ფირფიტებიდან გრძნობ.

შედეგს ველით ერთად. J

ერთი პატარა საკითხი მინდა კიდევ რომ დავაზუსტო.

''მსუქანი'' ჩემი ბლოგია და არა სტიმულის. და მართალია დიდ პატივად მივიჩნევ, როდესაც სტიმულის ბლოგად მნათლავენ, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეეფერება. 

ამიტომაც,  როდესაც სტიმულის ფეისბუქის გვერდზე ჩემი მისამართით დასმული კითხვა ჩნდება, მე მას ვერ ვუპასუხებ. ბლოგს აქვს კომენტარების ველი, შეგიძლიათ აქ მომმართოთ.

четверг, 24 декабря 2015 г.

''დაიძინეთ დღეს და გაიღვიძეთ ხვალ''



ჩემი გაყინული წონის გამო რამდენიმედღიანი თვითგვემის შემდეგ, გუშინ საღამოს მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე, რომლის მიხედვითაც მთელი კვირის განმავლობაში სასწორისკენ არც კი უნდა გამეხედა, მაგრამ ამ დილით, გავახილე თუ არა თვალი, პირველი რაც გავაკეთე, ის იყო, რომ ფეხშიშველი გავიქეცი სასწორისკენ.

შედეგი იგივე: ჩემი წონა მყარად დგას და არსაით აპირებს დაძვრას.

ეს ამბავი კი ჩემს დღემდე ყურით მოთრეულ ოპტიმისტურ განწყობას სრულიად შავ-ბნელ, უიმედო ფერს სძენს. ფერსაც და სუნსაც, რადგან ამდენი შრომის, ღვაწლის და მონდომების შემდეგ, სამყარო კიდევ უფრო უსამართლო მეჩვენება ვიდრე ერთი ჩვეულებრივი  უსუნო შავი ფერი შეიძლება იყოს. დიახ, ამ შავ ფერს მძაღე ხახვის სუნი ასდის. J

რაღაც ისევ უნდა შევცვალო!

პირველ რიგში კი ჩემი ექიმის სიმშვიდე, რომელიც ვერც ჩემმა ახალმა შეტყობინებამ ააღელვა ამ დილით. თითქოს დავინახე კიდეც როგორ გაეღიმა, როდესაც ტელეფონში ჩავძახოდი, რომ ეს ოხერი, ტიალი წონა არაფრით აპირებს დანებებას! ჰო, მე ვბობოქრობ, ბედის უკუღმართობას ვუჩივი,  ის კი ცდილობს დამამშვიდოს, მახსენებს, როგორ მეუბნებოდა ადრეც, რომ ჯოჯოხეთში მოხვედრილივით ვიგრძნობდი თავს წონაში კლების მეორე ეტაპზე... მე კი ეს სიტყვები დამშვიდების ნაცვლად კიდევ უფრო სევდიან განწყობაზე მაყენებს...

_ გუშინ რამდენი კალორია მიიღე? _ მესმის ჩემი პროტესტისა და აჩქარებული გულისცემის ხმაურში.

_ 800 თამუნა! _ ვეჩხუბები ტელეფონს. ( 800 მხოლოდ, 800 კალორია და მეტი არაფერი! განა ეს უსამართლობა არ არის?!)

_ ე.ი. დღეს 2500 კალორია გჭირდება.

რაო?! 800 კალორია არ მშველის და 2500 ხომ დამღუპავს, მაგრამ თამუნას ჩემთვის არ სცალია, მეუბნება, რომ რაკი წონა გამეჭედა, ეს ნიშნავს, რომ ჩემმა ორგანიზმმა ცხიმის ‘’შენახვა’’ დაიწყო, ამიტომაც მას დასამშვიდებლად უფრო მეტი საკვები უნდა მივაწოდოთ... მერე მომიწოდებს, რომ დღეს არ დავაგვიანო და მემშვიდობება.

მაგრამ ჩემში ჩასახლებული ‘’გენიოსი’’ ასე იოლად დამანებებს თავს?

ღმერთო, დაილოცოს ინტერნეტის გამომგონებელი, თორემ ისეთ ხასიათზე ვარ ახლა საჯარო ბიბლიოთეკაში წასვლა არ ამცდებოდა! J

ბიძია გუგლის ვხსნი და ლამაზი ქართული შრიფტით ორ სიტყვას ვწერ: წონის შეჩერება.

შედეგი_ ცოტა!

რუსული საიტები უფრო გულუხვად გიზიარებენ ამ საკითხთან დაკავშირებულ ინფორმაციას, თან როგორც მივხვდი, ქართულ საიტებზეც აქ მოძიებულ, გადმოთარგმნილ მასალებს წავაწყდი.

ინგლისური მედია კიდევ უფრო გულუხვია, მაგრამ მე ამ აფორიაქებული თავითა და ჩემი ცუდი ინგლისურით იქ ბევრი ვერაფერი  გავარკვიე.

ამიტომ, ოკუპანტის ენაზე მომიწევს ‘’განათლების მიღება’’. და სულაც არ მეცინება, რადგან ქვეყანაში, სადაც მე და თქვენ ვცხოვრობთ, უამრავი დიეტოლოგი მოღვაწეობს და ერთი ადამიანური, იოლად წასაკითხი, ყოვლისმომცველი წიგნის დაწერა რა გაუხდათ აღარ ვიცი! მეტიც, როდესაც მათ მოწოდებულ რეკომენდაციებს ვეცნობი, ისე ვიბურდები იმ აბსურდში, რომელსაც მთავაზობენ, რომ მირჩევნია ველოსიპედის თავიდან გამომგონებლობას მივყო ხელი.

მოკლედ, აი რა გავარკვიე:

იმას რაც მე დამემართა თეთრხალათიანები ‘’პლატოს ეფექტად’’ მოიხსენიებენ და ის მსოფლიოს ნებისმიერი მოდიეტისათვის თითქმის გარდაუვალია.  რაღაც მომენტში აუცილებლლად დგება დღე, როდესაც საწორი ერთ მაჩვენებელზე იყინება, მიუხედავად იმისა, რომ მოდიეტე ყველაფერს სწორად აკეთებს... ამას ილუზიები მოსდევს: უფრო მკაცრი დიეტა, უფრო მეტი ფიზიკური აქტივობა... რასაც ჩვენი ორგანიზმი არაფრის დიდებით არ პასუხობს გაგებით... ანუ წონას ვერც ეს რადიკალური ქმედებები არჯულებს...

დიეტოლოგები, ფიტნესის ინსტრუქტორები მოგვიწოდებენ, რომ ასეთ დროს, თავად დავფიქრდეთ ჩვენს ქმედებებზე, რადგან... იქნებ რაღაც ‘’უნებლიე ცოდვებისთვის’’ ვისჯებით?

ამ უნებლიე ცოდვებს შორის გახლავთ ჩვენი ოჯახისათვის საკვების მომზადების დროს გალოკილი კოვზები, მოხვრეპილი ცხიმიანი წვნიანები, ორი ლუკმა პური, ერთი ლუკმა ყველი, ერთი მწიკვი მარილი, ორი ყლუპი გაზიანი სასმელი, ერთი ნატეხი გამხმარი კექსი, ერთი ამოწება ნიგვზიანი ლობიო, ერთი პაწაწინა, ცხელი მჭადი...

მაგრამ მე ამ ცოდვებისგან თავისუფალი ვარ! J

ოღონდ ეს ცოდვების სრული ჩამოათვალი არ არის:

ოღონს, უნებლიე ცოდვა შესაძლოა, რომ უძილობაც იყოს, რომელსაც იწვევს: ძალიან საინტერესო ფილმის ყურება ძილის წინ, რომელიც ღამის სამ საათამდე გაიწელა.

ძალიან საინტერესო წიგნის კითხვა, რომელშიც ყველა ახალი გვერდი იმდენად საინტერესო იყო, რომ ვერ დახურე,

ძალიან საყვარელ, მონატრებულ ადამიანთან ღამის საუბრები,

ძალიან არეული სახლის მთელი ღამე ლაგება,

ნერვიულობა!!!

ფორიაქი!!!

და ეს ყველა ცოდვა ჩემზეა! J

ამასწინათ, სამედიცინო გადაცემას ვუყურებდი ტელევიზორში. ჩემი საყვარელი ნევროლოგის, გოგიტა გეგელაშვილის ერთი რეპლიკა დამამახსოვრდა ( თემა იყო ''ნევროლოგია და ჭარბი წონა): ''დაიძინეთ დღეს და გაიღვიძეთ ხვალ!'' დიახ, ადამიანმა დღეს, ანუ ყოველი დღის ღამის 12 საათამდე უნდა დაიძინოს და მხოლოდ მზის ამოსვლის შემდეგ გაიღვიძოს...

და უძილობაზე ვუთხარი თამუნას?!

არა, არ მითქვამს! J

კიდევ ერთი ცოდვა, რომელიც შესაძლოა მოდიეტემ ჩაიდინოს, ფიზიკური აქტივობაა, მაგრამ არც ეს ცოდვა მადევს კისერზე, რადგან ამაზე თამუნა და სტიმულში გაკეთებული პროცედურები ზრუნავენ...

‘’პლატოს ეფეტის’’ შესწავლისას, დღეს იმასაც კარგად მივხვდი, რატომ არის თამუნა ასე მშვიდი და იმასაც,თუ რას ნიშნავს მისი შემოთავაზებული 2500 კალორია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კვების მონოტონურ რეჟიმზე ვამბობთ უარს და ამ კვებაში ‘’ზიგზაგის ეფექტს’’ ვიყენებთ. გარდა ამისა, თამუნამ გარკვევით მითხრა, რომ ჩვენ ამ დღეებში მკვეთრად შევცვლით ცხიმების, ნახშირწყლების და ცილების რაოდენობას ჩემს რაციონში... და დღეში ორი კვების ნაცვლად ( ამას ჩემი სურვილით ვაკეთებდი) დღეში სამჯერ მაინც მივიღებ საკვებს.

J

მგონი დავმშვიდდი...

მაგრამ ახლა დროა საკუთარ თავზე გავბრაზდე, რადგან ეს ინფორმაცია, რაც მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომით მოვიპოვე ( ყველა საიტზე ერთი და იგივე წერია, მაგრამ მე ახალი ინფორმაციის ძიებაში უამრავი რამ გადავიკითხე), ამ დილითვე მითხრა თამუნამ, უწვალებლად. J

დღეისათვის სულ ეს არის რაც მინდოდა, რომ მეთქვა... მისურვეთ წარმარტება!

გავიქეცი, სტიმულში დღეს ციური ვარსკვლავი უნდა გამიკეთონ...


ეს ერთადერთი აპარატია, რომელზეც არაფერი მითქვამს, ხვალ, მასზე ამომწურავი ინფორმაციით დაგიბრუნდებით. ახლა მხოლოდ იმას განვმარტავ, რომ ეს სახელი ''ციური ვარსკვლავი'' ამ აპარატს სტიმულის პაციენტებმა შეარქვეს.