четверг, 24 декабря 2015 г.

''დაიძინეთ დღეს და გაიღვიძეთ ხვალ''



ჩემი გაყინული წონის გამო რამდენიმედღიანი თვითგვემის შემდეგ, გუშინ საღამოს მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე, რომლის მიხედვითაც მთელი კვირის განმავლობაში სასწორისკენ არც კი უნდა გამეხედა, მაგრამ ამ დილით, გავახილე თუ არა თვალი, პირველი რაც გავაკეთე, ის იყო, რომ ფეხშიშველი გავიქეცი სასწორისკენ.

შედეგი იგივე: ჩემი წონა მყარად დგას და არსაით აპირებს დაძვრას.

ეს ამბავი კი ჩემს დღემდე ყურით მოთრეულ ოპტიმისტურ განწყობას სრულიად შავ-ბნელ, უიმედო ფერს სძენს. ფერსაც და სუნსაც, რადგან ამდენი შრომის, ღვაწლის და მონდომების შემდეგ, სამყარო კიდევ უფრო უსამართლო მეჩვენება ვიდრე ერთი ჩვეულებრივი  უსუნო შავი ფერი შეიძლება იყოს. დიახ, ამ შავ ფერს მძაღე ხახვის სუნი ასდის. J

რაღაც ისევ უნდა შევცვალო!

პირველ რიგში კი ჩემი ექიმის სიმშვიდე, რომელიც ვერც ჩემმა ახალმა შეტყობინებამ ააღელვა ამ დილით. თითქოს დავინახე კიდეც როგორ გაეღიმა, როდესაც ტელეფონში ჩავძახოდი, რომ ეს ოხერი, ტიალი წონა არაფრით აპირებს დანებებას! ჰო, მე ვბობოქრობ, ბედის უკუღმართობას ვუჩივი,  ის კი ცდილობს დამამშვიდოს, მახსენებს, როგორ მეუბნებოდა ადრეც, რომ ჯოჯოხეთში მოხვედრილივით ვიგრძნობდი თავს წონაში კლების მეორე ეტაპზე... მე კი ეს სიტყვები დამშვიდების ნაცვლად კიდევ უფრო სევდიან განწყობაზე მაყენებს...

_ გუშინ რამდენი კალორია მიიღე? _ მესმის ჩემი პროტესტისა და აჩქარებული გულისცემის ხმაურში.

_ 800 თამუნა! _ ვეჩხუბები ტელეფონს. ( 800 მხოლოდ, 800 კალორია და მეტი არაფერი! განა ეს უსამართლობა არ არის?!)

_ ე.ი. დღეს 2500 კალორია გჭირდება.

რაო?! 800 კალორია არ მშველის და 2500 ხომ დამღუპავს, მაგრამ თამუნას ჩემთვის არ სცალია, მეუბნება, რომ რაკი წონა გამეჭედა, ეს ნიშნავს, რომ ჩემმა ორგანიზმმა ცხიმის ‘’შენახვა’’ დაიწყო, ამიტომაც მას დასამშვიდებლად უფრო მეტი საკვები უნდა მივაწოდოთ... მერე მომიწოდებს, რომ დღეს არ დავაგვიანო და მემშვიდობება.

მაგრამ ჩემში ჩასახლებული ‘’გენიოსი’’ ასე იოლად დამანებებს თავს?

ღმერთო, დაილოცოს ინტერნეტის გამომგონებელი, თორემ ისეთ ხასიათზე ვარ ახლა საჯარო ბიბლიოთეკაში წასვლა არ ამცდებოდა! J

ბიძია გუგლის ვხსნი და ლამაზი ქართული შრიფტით ორ სიტყვას ვწერ: წონის შეჩერება.

შედეგი_ ცოტა!

რუსული საიტები უფრო გულუხვად გიზიარებენ ამ საკითხთან დაკავშირებულ ინფორმაციას, თან როგორც მივხვდი, ქართულ საიტებზეც აქ მოძიებულ, გადმოთარგმნილ მასალებს წავაწყდი.

ინგლისური მედია კიდევ უფრო გულუხვია, მაგრამ მე ამ აფორიაქებული თავითა და ჩემი ცუდი ინგლისურით იქ ბევრი ვერაფერი  გავარკვიე.

ამიტომ, ოკუპანტის ენაზე მომიწევს ‘’განათლების მიღება’’. და სულაც არ მეცინება, რადგან ქვეყანაში, სადაც მე და თქვენ ვცხოვრობთ, უამრავი დიეტოლოგი მოღვაწეობს და ერთი ადამიანური, იოლად წასაკითხი, ყოვლისმომცველი წიგნის დაწერა რა გაუხდათ აღარ ვიცი! მეტიც, როდესაც მათ მოწოდებულ რეკომენდაციებს ვეცნობი, ისე ვიბურდები იმ აბსურდში, რომელსაც მთავაზობენ, რომ მირჩევნია ველოსიპედის თავიდან გამომგონებლობას მივყო ხელი.

მოკლედ, აი რა გავარკვიე:

იმას რაც მე დამემართა თეთრხალათიანები ‘’პლატოს ეფექტად’’ მოიხსენიებენ და ის მსოფლიოს ნებისმიერი მოდიეტისათვის თითქმის გარდაუვალია.  რაღაც მომენტში აუცილებლლად დგება დღე, როდესაც საწორი ერთ მაჩვენებელზე იყინება, მიუხედავად იმისა, რომ მოდიეტე ყველაფერს სწორად აკეთებს... ამას ილუზიები მოსდევს: უფრო მკაცრი დიეტა, უფრო მეტი ფიზიკური აქტივობა... რასაც ჩვენი ორგანიზმი არაფრის დიდებით არ პასუხობს გაგებით... ანუ წონას ვერც ეს რადიკალური ქმედებები არჯულებს...

დიეტოლოგები, ფიტნესის ინსტრუქტორები მოგვიწოდებენ, რომ ასეთ დროს, თავად დავფიქრდეთ ჩვენს ქმედებებზე, რადგან... იქნებ რაღაც ‘’უნებლიე ცოდვებისთვის’’ ვისჯებით?

ამ უნებლიე ცოდვებს შორის გახლავთ ჩვენი ოჯახისათვის საკვების მომზადების დროს გალოკილი კოვზები, მოხვრეპილი ცხიმიანი წვნიანები, ორი ლუკმა პური, ერთი ლუკმა ყველი, ერთი მწიკვი მარილი, ორი ყლუპი გაზიანი სასმელი, ერთი ნატეხი გამხმარი კექსი, ერთი ამოწება ნიგვზიანი ლობიო, ერთი პაწაწინა, ცხელი მჭადი...

მაგრამ მე ამ ცოდვებისგან თავისუფალი ვარ! J

ოღონდ ეს ცოდვების სრული ჩამოათვალი არ არის:

ოღონს, უნებლიე ცოდვა შესაძლოა, რომ უძილობაც იყოს, რომელსაც იწვევს: ძალიან საინტერესო ფილმის ყურება ძილის წინ, რომელიც ღამის სამ საათამდე გაიწელა.

ძალიან საინტერესო წიგნის კითხვა, რომელშიც ყველა ახალი გვერდი იმდენად საინტერესო იყო, რომ ვერ დახურე,

ძალიან საყვარელ, მონატრებულ ადამიანთან ღამის საუბრები,

ძალიან არეული სახლის მთელი ღამე ლაგება,

ნერვიულობა!!!

ფორიაქი!!!

და ეს ყველა ცოდვა ჩემზეა! J

ამასწინათ, სამედიცინო გადაცემას ვუყურებდი ტელევიზორში. ჩემი საყვარელი ნევროლოგის, გოგიტა გეგელაშვილის ერთი რეპლიკა დამამახსოვრდა ( თემა იყო ''ნევროლოგია და ჭარბი წონა): ''დაიძინეთ დღეს და გაიღვიძეთ ხვალ!'' დიახ, ადამიანმა დღეს, ანუ ყოველი დღის ღამის 12 საათამდე უნდა დაიძინოს და მხოლოდ მზის ამოსვლის შემდეგ გაიღვიძოს...

და უძილობაზე ვუთხარი თამუნას?!

არა, არ მითქვამს! J

კიდევ ერთი ცოდვა, რომელიც შესაძლოა მოდიეტემ ჩაიდინოს, ფიზიკური აქტივობაა, მაგრამ არც ეს ცოდვა მადევს კისერზე, რადგან ამაზე თამუნა და სტიმულში გაკეთებული პროცედურები ზრუნავენ...

‘’პლატოს ეფეტის’’ შესწავლისას, დღეს იმასაც კარგად მივხვდი, რატომ არის თამუნა ასე მშვიდი და იმასაც,თუ რას ნიშნავს მისი შემოთავაზებული 2500 კალორია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კვების მონოტონურ რეჟიმზე ვამბობთ უარს და ამ კვებაში ‘’ზიგზაგის ეფექტს’’ ვიყენებთ. გარდა ამისა, თამუნამ გარკვევით მითხრა, რომ ჩვენ ამ დღეებში მკვეთრად შევცვლით ცხიმების, ნახშირწყლების და ცილების რაოდენობას ჩემს რაციონში... და დღეში ორი კვების ნაცვლად ( ამას ჩემი სურვილით ვაკეთებდი) დღეში სამჯერ მაინც მივიღებ საკვებს.

J

მგონი დავმშვიდდი...

მაგრამ ახლა დროა საკუთარ თავზე გავბრაზდე, რადგან ეს ინფორმაცია, რაც მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომით მოვიპოვე ( ყველა საიტზე ერთი და იგივე წერია, მაგრამ მე ახალი ინფორმაციის ძიებაში უამრავი რამ გადავიკითხე), ამ დილითვე მითხრა თამუნამ, უწვალებლად. J

დღეისათვის სულ ეს არის რაც მინდოდა, რომ მეთქვა... მისურვეთ წარმარტება!

გავიქეცი, სტიმულში დღეს ციური ვარსკვლავი უნდა გამიკეთონ...


ეს ერთადერთი აპარატია, რომელზეც არაფერი მითქვამს, ხვალ, მასზე ამომწურავი ინფორმაციით დაგიბრუნდებით. ახლა მხოლოდ იმას განვმარტავ, რომ ეს სახელი ''ციური ვარსკვლავი'' ამ აპარატს სტიმულის პაციენტებმა შეარქვეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий