დიდი მადლობა იმ ორიოდე კომენტარისთვის რომელშიც კეთილგანწყობა გამოხატეთ! სტიმულის ფეისბუქის გვერდზე კიდევ უფრო მეტი კომენტარი დაიდო, მაგრამ მე იქიდან ვერ გიპასუხებთ, ამიტომაც თუ ვინმეს რაიმე შეკითხვა ან წინადადება ექნება, შეუძლია აქ მომწეროს.
დღეს ჩემ წარსულს მინდა შევეხო, ეს სულაც არ მხიბლავს, მაგრამ მგონია, რომ ბევრ თქვენთაგანს მაგალითად გამოადგება. თანაც მე ხომ ნამდვილი, ცოცხალი ადამიანი ვარ, თქვენს გვერდით, ამ ქვეყანაში, იგივე პრობლემებით ვცხოვრობ...
როგორც ზემოთ
უკვე აღვნიშნე, პირველად 17 წლისამ მოვიწესრიგე წონა და ძალიან დიდხანს ამ პრობლემას
აღარ შევუწუხებივარ, მაგრამ მეორე ფეხმძიმობის შემდეგ გრანდიოზული გავხდი და დავრჩი კიდეც ასეთად...
იმხანად, ჩემი
ოჯახი, რომელმაც ათი, ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი წელიწადი გამოიარა, ინგრეოდა, როდესაც
მივხვდი, ოჯახის შენარჩუნებაზე მეტად ჩემი
სახის დაბრუნება მჭირდებოდა. ის დღეც ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ამ დასკვნამდე
მივედი. იმ მშვენიერ თუ პირიქით მახინჯ დღეს, დაახლოებით ჩემი ასაკის, საკმაოდ სიმპათიურმა
და შესაძლოა კარგად აღზრდილმა კაცმა, ქუჩაში სურსათით სავსე პარკებით დატვირთული, ტვირთისგან
წელში მოხრილი ქალი ’’ვერ დამინახა’’ და არათუ გზა დამითმო, კინაღამ გადამთელა.
გადმოვყარე ცრემლები
და პროტესტის ნიშნად ჩემს ნავაჭრს ორივე ხელი გავუშვი.
ბოსტნეულის პარკი გასკდა და
ქუჩას მოეფინა.
30 წელს უკვე
გადაცილებული ვიყავი, წონა 120 კგ. არაფერი განსაკუთრებული _ ერთი ჩვეულებრივი, სახლში
ჩამჯდარი, თავდავიწყებული, მოუვლელი ქალი გახლდით, რომელიც ოსტატურად იტყუებდა თავს.
ჰო, მე მაშინ თავს ვირწმუნებდი, რომ ჩემი ამქვეყნად მოვლინების მთავარი აზრი ჩემი ორი
შვილის აღზრდა–გაზრდა, მეუღლის ხელშეწყობა, მისი მოფრთხილება, სიყვარული იყო.
გადარჩენილი პარკები
ავკრიბე და სახლისკენ გავიქეცი. ხო, გავრბოდი. გავრბოდი სიმწრით, გავრბოდი შეურაცხყოფილი,
გავრბოდი გაწბილებული, რადგან მივხვდი: ეგებ სისასტიკეა ასე ფიქრი და ამის წერაც, მაგრამ
ადამიანებისაგან პატივისცემას ვერ მიიღებ თუკი საკუთარ თავს არ სცემ პატივს.
სახლში ატირებული,
აწითლებული, გაოფლიანებული დავბრუნდი.
ღმერთო, ეს ოფლი!
ოფლი ყველგან მოდის: სახეზე, ცხვირზე, ხელისგულებში, ყელზე, ბეჭებიდან ზურგის ყველაზე
ლამაზი ნაწილისკენ, შუა ღარისკენ მიიწევს და წელში გეღვრება... და გგლისავს, სიბინძურის,
სიძაბუნის განცდას გაწეპებს და აბა თუ ბიჭი ხარ მოერიე!
კარი შვილებმა
გამიღეს. ჩემი ორი, ლამაზი შვილი შეშინებული თვალებით მიყურებდა. აი ვის ვუყვარვარ
მართლაც! აი ვინ ვერ ხედავს დედის მოუხერხებელ მოძრაობებს, აი ვინ ვერ ამჩნევს მის
ქშენას, როდესაც კიბეზე ამოდიან, აი ვის შეიძლება რომ დაეყრდნო!
დედის ინსტინქტმა
დამამშვიდა. რა უფლება მაქვს ჩემს პატარებს თავზე ასეთი ფიქრები მოვახვიო? ოღონდ მოდი
მაინც ვკითხავ.
_ დე, გიყვარვართ?
იცინიან და მეხვევიან.
სხვა დროს ეგებ ყურადღებაც არ მოექციათ და თამაში გაეგრძელებინათ, მაგრამ ახლა ორივე
ხვდება, რომ რაღაც ხდება ჩემს თავს და მეხმარებიან.
_ შენ ყველაზე
საუკეთესო ხარ.
მეუბნება უმცროსი.
_ საუკეთესო და
საუცხოო, ძალიან ტკბილი, _ მხარს უმაგრებს ძმა.
მერე იცინიან
და ერთი მარჯვნიდან და მეორე მარცხნიდან მეკვრის.
ღრუბლები თითქოს
გაიფანტა ჩემი სულიდან და გულიდან, მაგრამ მაინც მინდა დავრწმუნდე.
_ დე, მე ვინა
ვარ?
–
დედა!
_ როგორ, მეტი
არაფერი ვარ?
_ ჰო, როგორ არა და სულ ერთი
კაბა გაცვია...
მორჩა! აღარაფერი
მაინტერესებს. ყველაფერი მითხრეს რაც უნდა ეთქვათ.
ახლა მეღიმება...
იმ საღამოს ხომ ჩემი ყველა წარსულის თაყვანისმცემელი გავიხსენე და ის კომპლიმენტებიც,
რომელიც ოდესმე ვინმეს უთქვამს ჩემთვის.
გადაწყვეტილება
მივიღე: უნდა დავბრუნდე!
რაკი წარსულზე
ლაპარაკი ახლა ჩემი მიზანი არ არის და მინდა ჩემს აწმყოზე, ჩემს ახალ განსაცდელზე გიამბოთ,
ძალიან მოკლედ გეტყვით. მაშინ მე სრულიად მარტომ, დიეტოლოგისა და ტრენერის, მასაჟისტისა
და ფსიქოთერაპევტის დახმარების გარეშე 45 კილოგრამი დავიკელი. ახალგაზრდა ვიყავი და
შევძელი, მაგრამ ამას ჩემი ოჯახური თანაცხოვრება გადავაყოლე.
რატომ?
როდესაც საკუთარ
თავზეც დავიწყე ფიქრი, მივხვდი, რომ ოჯახის მთელი ტვირთი მთლიანად ჩემზე იყო მოგდებული
და ის არაფერში მეხმარებოდა.
მივხვდი რომ ერთი ჩვეულებრივი, ეგოისტი კაცის გვერდით ვცხოვრობდი
და ჩემი ზედმეტი წონაც იმიტომ არ ადარდებდა, რომ ასე თავს კომფორტულად, მშვიდად გრძნობდა.
ძალიან მიჭირდა
სწორი პროდუქტების შეძენა. ამიტომ, რაკი მისგან მხარდაჭერა ვერ მივიღე, ჩემს მზითევს
დავერიე და სახლიდან კობალტისა და ვერცხლის ჭურჭელი, ბრილიანტის და ბაჯაღლოს სამკაულები
გავიტანე და გავყიდე. არ ვნანობ, იმიტომ რომ მაშინ, იმ გაყიდული ნივთებით მე ჩემი ახალგაზრდობის
შემდეგი ათი წელიწადი ვიყიდე.
მერე იყო დიდი
დეპრესია. ჩემი არა, ჩემი ქმრის. მას საქმეები კარგად ვერ მისდიოდა და შემდეგი ექვსი
თვის განმავლობასი ის იწვა, ტელევიზორს უყურებდა, მე კი დავრბოდი, ვვარჯიშობდი, ოჯახს
ვუვლიდი და ზურგით ვეზიდებოდი სურსათ–სანოვაგეს ჩემი მშობლების სახლიდან ჩვენს სახლამდე.
ამ ჯახირში შემდეგი
15 კილოგრამი როგორ დავიკელი არც მახსოვს. ერთი რაც ვიცი ის არის, რომ არასდროს გავჩერებულვარ,
არ მიწუწუნია და არ დამირღვევია დიეტა.
მერე მან თქვა
რომ საზღვარგარეთ უნდა წასულიყო და იქიდან დახმარებოდა ოჯახს. მე დავეთანხმე.
შემდეგი ექვსი
თვე, ბოლო კილოგრამებს ვიკლებდი და ტელეფონთან ერთად მეძინა. სახლის ტელეფონზე მოგახსენებთ.
მაშინ უხაზო ტელეფონი დიდი იშვიათობა იყო, ამიტომ დავაგრძელე შნურით ჩემი სახლის ტელეფონი
და ლოგინთან დავიდგი, რომ მისი ზარისთვის დროულად მეპასუხა, მაგრამ მას არცერთხელ დაურეკია.
რადგან ხაზს ვუსვამ,
რომ გაჭირვებით გაგვქონდა თავი, მინდა ავხსნა ამისი მიზეზიც.
რა თქმა უნდა,
სულაც არა მაქვს მიზნად, რომ თავი შეგაცოდოთ, რადგან ასეთი დღეები მაშინ ყველა ჩვენგანმა
გაიარა და ახლაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში უამრავი ადამიანია შიმშილობის ზღვარზე,
მაგრამ მე ხშირად გამიგონია ამა თუ იმ ადამიანისგან, რომ მსუქანი მხოლოდ იმიტომ არის,
რომ საშუალება არა აქვს ჯანმრთელი პროდუქტით იკვებოს, დრო არა აქვს თავის მისახედად,
გადაღლიალია ყოველდღიური საზრუნავით. კი ბატონო, აბსოლუტურად ვიზიარებ იმ მოსაზრებას,
რომ მატერიალური კეთილდღეობა სერიოზული ფაქტორია. იმისაც მჯერა, რომ სიმსუქნეც სხვა
უამრავ დაავადებასთან ერთად ძალიან ხირად სტუმრობს სიღარიბეს. ამ აზრს მსოფლიო ჯანდაცის
ორგანიზაციაც იზიარებს ირიბადაც და პირდაპირაც საკუთარ კვლევებში, მაგრამ ჩემი მაგალითი
ადასტურებს, რომ ამ მოსაზრებას ადამიანები საკუთარი უილაჯობის გასამართლებლად იფარებენ,
რამეთუ გაცილებით იოლია საკუთარ უბედურებაში სხვა დაადანაშაულო და არაფერი მოჰკითხო
საკუთარ თავს.
მე ხომ უკიდურესი
სიღარიბის ჟამს 40 კილოგრამი დავიკელი, რადგან მივხვდი, რომ მთავარი ის კი არ არის
თუ რას მიირთმევ, მთავარი მირთმეული საკვების რაოდენობაა.
იმ მომენტში კიდევ
ერთმა პრობლემამ იჩინა თავი. როდესაც ჩემი მეუღლე გაემგზავრა, მე გავაცნობიერე რომ
აღარც 17 წლისა ვარ და აღარც 27–ის. რამდენად უცნაურადაც არ უნდა
მოგეჩვენოთ, მხოლოდ
მარტო დარჩენილმა აღვიქვი, რომ ორმოცისკენ მივდიოდი, უმუშევარი ვიყავ და უკვე მიტოვებულიც. არ იყო ეს იოლი და ადვილი ფიქრი,
მაგრამ თუ ადამიანს სიცოცხლე უნდა ის ყოველთვის იპოვის რაღაცას ისეთს, რასაც დაეყრდნობა
და გადარჩება _ ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, საქმეს. მეც ვეძებე და მივაგენი.
მაშინ ჩემი ყველაზე
დიდი საყრდენი ჩემი მშობლები იყვნენ. ჩემი მოხუცი, განათლებული, უკეთილესი დედა და
მამა და ჩემი გარეგნობა, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
უცნაურია, მაგრამ
ჩემს სხეულზე კანმა რეგენერაცია დიდებულად მოახერხა და მხოლოდ კი არ დავიკელი, არამედ
გავმკვრივდი. ალბათ ეს სპორტის დამსახურებაც იყო.
მერე გამახსენდა
დავიწყებული ჭეშმარიტება ის, რომ გარეგნობაში მთავარი ლამაზი სხეული და მოვლილი სახეა,
ჯანმრთელი გამომეტყველება, რომელიც მხოლოდ მშვიდ, გაწონასწორებულ ადამიანებს აქვთ,
გარდერობში კი თავს უფლება შეგიძლია მისცე და მხოლოდ ერთი პატარა შავი კაბა, ერთი ჯინსი
და ორი მაისური გეკიდოს.
დავიბადე თავიდან.
მე აღარ მყავდა
ქმარი. არ მქონდა სამსახური, მყავდა მისახედი ორი მცირეწლოვანი შვილი, მაგრამ ქუჩაში
მამაკაცებიც მიყურებდნენ, ქალებიც და თუ ეს საჭირო იყო, გზას
ღიმილით მითმობდნენ.
და კიდევ... როდესაც
ოთხმოც კილოს მივაღწიე და ფიქრი ახალი სიმაღლის აღებაზე დავიწყე, გამახსენდა... ოფლი!
ღმერთო ჩემო, იფლიც, პირში უსიამოვნო გემოც სადღაც უგზო–უკვლოდ ისე გამქრალიყო, რომ
მე მათი არსებობაც კი არ მახსოვდა.
ეს ცოტაა?
ეხლა, როდესაც
მთელი 11 წლით უფროსი ვარ და შესაბამისად ნივთიერებათა ცვლაც შენელებული მაქვს, მადლობელი
ვარ ჩემი ბედის, რომ ამ ყველაფრის გადატანა, ეს ომი მარტოს არ მიხდება... დღეს ძალიან
ბევრი დავწერე, ემოციურად ეს ძალიან ძნელი იყო ჩემთვის თქვენც გადაგღალეთ... თან დღეს პროცედურები მაქვს, სტიმულში არ უნდა დავაგვიანო... გავაგრძელოთ
ხვალ.
Sakvareli adamiani xar <3
ОтветитьУдалитьწარმატებას გისურვებთ ყველაფერში :)
ОтветитьУдалитьდიდი, დიდი მადლობა! ახალი ენერგიით ამავსეთ, გავიქეცი ''სტიმულში'' :)
ОтветитьУдалитьყურადღებით ვადევნებ თვალყურს თქვენი გახდომის პროცესს...ათმაგად საინტერესოა, როცა ასე ლამაზად გადმოცემული ცხოვრების ეპიზოდებს ვკითხულობ. ბევრი ჩვენთაგანისთვის ეს ისეთი ახლო და მტკივნეული თემაა...წარმატებებს გისურვებთ ყველაფერში!
ОтветитьУдалитьCarmatebebi.didi interesit vadevneb tvalyurs tqvens blogs.
ОтветитьУдалить