суббота, 19 декабря 2015 г.

მსუქანს იგივე ფსიქოლოგიური ფაქტორები მართავს, რაც ნარკომანს



ევროკომისიის გუშინდელმა გადაწყვეტილებამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროზონის ქვეყნებში უვიზო გადაადგილების შესახებ... მშიერიც  გამაბედნიერა! J

ვულოცავ  საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის სკეპტიკურად განწყობილებსაც, რადგან ეს სიკეთე, განწყობისდა მიუხედავად, ყველაზე თანაბრად განაწილდება!

ახლა კი, რაკი პოლიტიკური ბლოგის ავტორი კი არა, ჩემი, მსუქნური, ბლოგის ავტორი ვარ, თემატურ საკითხზე გადავალ. J

_ დღესაც ვერ მოდიხარ?

მესმის თამუნას გამწარებული ხმა. ტელეფონით საუბრობს.

_ როგორ, ახლა თბილისშიც უნდა ჭამო?

ოჰოო, იქიდან რას პასუხობენ ნეტავ?!
ეს აგრძელებს:

_ აზიაში ხომ ჭამე?!

ევროპაშიც ხომ ჭამე?!

არ შეიძლება, რომ სამი დღე, სამად სამი დღე, ევროპისა და აზიის ამ გასაყარზე უმარილო დიეტა დაიცვა?! ევროპაში ხარ, ევროპაში, აქ უკვე ნაჭამი გაქვს!

ბუნებრივია, რომ ისევ არ მესმის ამ დიალოგის იქითა მხარის რეპლიკა, მაგრამ თამუნას რეაქციით ვგრძნობ, რომ იქიდან რაღაც მაკვარანცხულს პასუხობენ. ოღონდ, ეს შეუვალია!

_ არა, ორშაბათს ტრანსდერმული პროცედურა გაქვს და დილის 9 საათზე გელოდები! არავითარი მარილი, არანაირი ქოლესტერინი, თორემ... თორემ...

ნეტავ ახლა რას ეტყვის, დაემუქრება? არა, ვცდები... თამუნა მოდუნდა და მეჩვენება, რომ ბედს დამორჩილდა...

_ თორემ ჩაგვეყარა, საყვარელო, ეს ამდენი თვის შრომა, წვალება წყალში...  ხომ გინდა, რომ კორპორატიულ ვახშამზე მთელ კონტინენტზე რომ აფრინე გულზე ახუტებული, აქაოდა არ დამეჭმუჭნოსო, ის კაბა ჩაიცვა? ხომ გინდა, რომ ყველაზე მოხდენილი და გრაციოზული იყო? გელოდები... იქნები...

საუბარი დასრულდა და თამუნას ბედნიერი გამომეტყველებით ვხვდები, რომ იქითა მხარე დანებდა. დანებდა ბედისწერის საჩუქარს, რომელსაც თამუნა უფუთავს და ლანგრით აწვდის.

_ მოვა? _ ვეკითხები.

_ ჰო, მოვა... მეორედ იმას, რასაც გაუძლო, მიხვდა, რომ ვეღარ გაუძლებს. მაგარი გოგოა, ახლა სისუსტის წამები ჰქონდა, მე მხოლოდ ცოტათი წავახმარე ხელი.

აი რა გამომრჩა! აი, რას დავუთმე ძალიან ცოტა ადგილი ჩემს ჩანაწერებში. მე ხომ საკმაოდ ზოგადად ვისაუბრე   კვებაზე და უმთავრესი ყურადღება იმ პროცედურებს დავუთმე, რომელსაც სტიმულში ვიკეთებ. და არაფერი მითქვამს მთავარზე!

მთავარი კი ეს სისუსტის წამებია, მთავარი ის არის, რომ სიმსუქნე ისეთივე დაავადებაა, როგორიც ნარკომანიაა და მსუქნებსაც (ანუ მეც მათ შორის,) ისეთივე, აბსოლუტურად იდენტური ფსიქოლოგიური ფაქტორები მართავენ, როგორც ნარკომანებს.

გინდა და  თვალებში გიბნელდება!

ხედავ და გეჩვენება, რომ ის, აი ამ ხაჭაპურის ოხშივარადენილი ნაჭერი კი არადა, გამხმარი პურის ყუაც კი, შენი ცხოვრების უმთავრესი დედააზრია!

შესცქერი ქოლესტერინით გაძეძგილ, ხორციან  წვნიანს და ფიქრობ, რომ ის, ცხელი, სურნელოვანი, ცხარე სითხე ახლა სასაზე რომ არ მიგედოს, მასში მზრუნველად ჩაგდებული ხორცის ნაჭერი რომ არ ჩაიდო პირში, რომელსაც შეხედვითაც ეტყობა, რომ ენაზე დაგადნება, შეიშლები!

სურვილი გიმონებს და იცი, ხო, ზუსტად იცი, რომ აუცილებლად წაგივა გული, აუცილებლად დაგიბნელდაბა თვალებში თუ ახლა, ჰო, ჰო ახლა, ამ წუთსავე თუ არ მოხვრიპავ, თუ არ იგემებ, თუ არ დააგემოვნებ...

გაუძელი ცდუნებას?

გაუძელი, მაგრამ ახლა საკუთარი თავის სიბრალული გებრძვის, რომელიც ასე ჟღერს: ყველა ჭამს და არავინ სუქდება, მე რა დავაშავე?!

ისევ უძლებ, ოღონდ ვერ პოულობ ადგილს.

გადიხარ იმ ოთახიდან, იმ სამზარეულოდან, იმ სივრციდან სადაც ეს, შენი ცდუნება სურნელებას აფრქვევს _ შემწვარი წიწილის, ქინძმარში ჩაწყობილი ლოქოს, ნიგვზიანი ხარჩოს სურნელებას...

მერე კიდევ უფრო დაბალ საფეხურზე ეშვები და მართალია ფიზიკურად გახვედი, მაგრამ შენს ყნოსვას კი არა და გემოს რეცეპტორებსაც, შემწვარი კარტოფილის სურვილი ჰკლავთ.

გამოდის, ვერსად გაიქეცი?

მერე კიდევ უარესიც გემართება... და ნაბიჯ–ნაბიჯ, უკვე მერამდენედ, ყველაზე  ქვედა დონეს აღწევ.

აქ აღარაფერი ესაქმება ჯანსაღ აზრს. აქ სიბნელეა და შენც, ყველა საკვებს შორის უპირველესს, პურის ყუას ემონები.

დანებდი.

მერე ჭამ და კიდევ მეტი გინდა! 

უძლური ხარ ამ ნდომის წინაშე, ოღონდაც სადამდეა ეს ნდომა, როგორი გაქონილი ტუჩები ან გაბერილი ფაშვი აქვს მას, აღარ იცი.

მერე მოდის ზიზღი.
ზიზღი შეკმაზული სინანულით.

მაგრამ როგორი სანელებელითაც არ უნდა შევაზაოთ ჩვენი სისუსტე, როგორადაც არ უნდა გავიმართლოთ თავი, შედეგი ყოველთვის ერთნაირია _ ზედმეტი წონა, დამახინჯებული სხეული, შემოკლებული სიცოცხლე...

ვითომ გავაგრძელო ისევ?... საჭიროა მეტის თქმა?.. მე ხომ ახლა ყველას საღიარებელი საკუთარ თავზე ავიღე...

იმედი მაქვს, დამიფასებთ და მიხვდებით, რატომ არის კარგი, რომ გემალებით და სახეს არ გაჩვენებთ _ ანდა ამას რად სჭირდება სახე? ეს ხომ ჩვენი  საერთო შეგრძნებები და განსაცდელია.



მე კი ახლა მიწაზე დაშვება და იმ მიწაზე მყარად დგომა მჭირდება, ჰოდა, თამუნას ‘’ვტანჯავ’’. J

_ თამუ, როგორ ფიქრობ, ჩვენი პროცედურების დროს რადიკალური დიეტა უნდა დავიცვათ, თუ... მოკლედ, იმ მსუქნების მარადიულ საწუხარზე მინდა გკითხო, რომლებმაც დიეტა, გახდომა, გალამაზება გადაწყვიტეს... როგორ გავუმკლავდეთ სისუსტეებს?  

_ არა,  რადიკალური დიეტასისულელეა,  ჩვენ  პაციენტებს 5 დღიან კვებით რეჟიმს და მეექვსე და მეშვიდე თავისუფალ დღეს ამიტომაც ვაძლევთ. მათ უფლება აქვთ იმ მინიჭებულ თავისუფლებაში  ისე მიირთვან როგორც უნდათ.

_ და ამით რას ვიღებთ?

_ თავისუფლებისგან მოგვრილ სიმშვიდეს.

უკვე წლების განმავლობაში ვაკვირდები და ჩემი პაციენტების უმეტესობა, ამ თავისუფალ დღეებშიც აუცილებლად უფრთხილდება უკვე მიღწეულ შედეგს. საკუთარ თავში ჩადებულ ენერგიას და ჯაფას და იმ ახალ შტრიხებს უფრთხილდება, რაც თავიდან დაბადებას გავს. ფაქტობრივად ხომ მართლაც ასე ხდება _ თავიდან იბადები, რადგან ხელახლა გეფინება ჯანმრთელი ქსოვილი. შენ შენი კანის გააბრაშუმებას, გაატლასებას უყურებ... და ეს რომ ვერ დააფასო და ეს მადლი რომ ვერ შეიგრძნო, ძალიან უვიცი უნდა იყო, უმეცარი.

აქედან გამომდინარე, რაკი ამას ყველაფერს დღევანდელი ქალები უკვე ხვდებიან, კვირის მეექვსე, მეშვიდე დღეები თითქმის ყოველთვის მშვიდობიანი გვაქვს...

მოგეწონათ პროფესიონალის პასუხი? J

მეათასედ გავიმეორებ და არ მომბეზრდება _ დაეკითხეთ ექიმს თქვენს გასაჭირზე!

მოითხოვეთ დახმარება, როდესაც ლაბირინთიდან გამოსასვლელს ვერ ხედავთ!

მთავარია საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ,

მთავარია, იმოქმედოთ...

ეს არის ევროპული ხედვა! J

ბედნიერად... კვირა დასვენების და თავისუფალი ნების დღეა სტიმულში, ხვალ რაღაც განსხვავებული უნდა გავაკეთო.

შევხვდებით ორშაბათს!





1 комментарий:

  1. ძალიან კარგად წერთ, მგონია, საკუთარი შინაგამი მე მესაუბრება. ყოველთვის სიმშვიდით და რწმენით ვივსები თქვენი ბლოგის კითხვისას!

    ОтветитьУдалить