воскресенье, 13 декабря 2015 г.

კვირა დასვენების დღეა

კვირა დღე სტიმულშიც დასვენების დღეა. 

დასვენების და თავისუფალი ნების დღე.

ეს იმას ნიშნავს, რომ კვირა დილას საკუთარი სურვილით ირჩევ მთელი დრის საკვებ რაციონს. ანუ ერთგვარ გამოცდას აბარებ ნებისყოფაში, თუმცა, მეორეს მხრივ უფლება გეძლევა, მონატრებული პროდუქტები მიირთვა.

რაკი შესუსტებულმა თავის ტკივილმა ღამით გამოძინების საშუალება მომცა, დღევანდელი დილა მშვენიერი და იმედიანი მომეჩვენა. დღეს გადავწყვიტე, რომ მთელი დღის განმავლობაში, ორ საათში ერთხელ, თითო ჭიქა ახლადგაწურული წვენი მივირთვა.

დღეს განტვირთვის და ძალების მოკრების დღე მაქვს.

მაგრამ იმისთვის რომ დალიო, ჯერ ხომ უნდა გაწურო?

იოლი მისიაა. მშვიდად ვარ. თადარიგი ხომ გუშინვე დავიჭირე და ვაშლის, ფორთოხლის, გრეიფრუტის, კივის და სტაფილოს მარაგს საღამოსვე მივუჩინე ჩემს სამზარეულოში ადგილი.






ვიწყებ. პირველი ჭიქა წვენი ხალისიანად გამოვწურე. სურათიც კი გადავუღე თქვენთვის საჩვენებლად. ვფიქრობდი, რომ როცა ამ სურათს გიჩვენებდით იმ სასიამოვნო მოტკბო–მომჟავო არომატზე გაგიზიარებდით შთაბეჭდილებებს, რომელიც ამ ჭიქიდან დაიღვარა, მაგრამ... 

ჯერ ერთი ფოტოგრაფად ვერ ვივარგე და გადავწყვიტე საყვარელი ინტერნეტსივრციდან ამოვიღო დღევანდელი ბლოგის ფოტომასალა და რაც მთავარია... ახლა, როცა დღის მეორე ნახევარი დაიწყო, სულ სხვა გამოცდილებაზე მინდა რომ გესაუბროთ, რა თქმა უნდა, ღიმილით.

მეორე ჭიქის გამოწურვის შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია, მესამე ჭიქიდან კი იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ როგორი უსამართლობაა, რომ არაფრით შეიძლება ერთად გაწურო მთელი დღისთვის საკმარისი ხილის მარაგი და ასე დატკბე ცხოვრებით. ახლა კი როცა მესამე ჭიქა წვენიც მივირთვი, დროის დათვლა დავიწყე და აღმოვაჩინე, რომ სანამ ხილს გაფცქვნი, დაჭრი და გასაწურად მოამზადებ, მერე გაწურავ და ხილის საწურს გამოასუფთავებ ახალი პორცია ხილის გაწურვის დროც მოდის... 

თამამად შემიძლია გამოვაცხადო, რომ დღევანდელი დილა აი ამ დრომდე, სამზარეულოში გავატარე.  ხან ვფცქვნიდი, ხან ვჭრიდი, ხან ვწურავდი და ხანაც საწურ მანქანას ვასუფთავებდი. შედეგად, ანუ ამ დროისთვის, სამზარეულო გაიწეპა, ხილის წვეთებით დაიწინწკლა და რაკი ბლოგის ახალი გვერდი დასაწერი მქონდა, ჯერაც არ დამისუფთავებია.

მოკლედ, თუ ამ გასაოცარი არომატით მთელი დღე განიზრახეთ ტკბობა, თუკი გინდათ რომ თქვენს ორგანიზმს საჩუქარი გაუკეთოთ და უამრავი ვიტამინითა და სიცოცხლის ხალისით აავსოთ, საკმაოზე მეტადაც კი უნდა გაისარჯოთ, შედეგად კი, იმედი მაქვს, რომ აუცილებლად მიიღებთ საჩუქარს.

ჩემი საჩუქარი დღევანდელი საღამოა რომელიც ჩემ თავს დავუგეგმე _ უცნაურია, მაგრამ ამ დროისთვის თავი სრულიად დამშვიდებული მაქვს,  ტკივილი უკვალოდ გამიქრა და ძალის მოზღვავებასაც ვგრძნობ. ჩემი შიში რომ ვერ გავუძლებ, უკან იხევს. ეს ამ ჭიქებში გამომწყვდეული ფერების მსგავსი შეგრძნებაა.



სხვას აღარაფერს ვაკეთებ :)

გუშინდელ პოსტში მგონი ზედმეტად მკაცრი ვიყავი  http://msuqani.blogspot.com/ , ოღონდ მაინც არ მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან, რადგან ვთვლი, რომ კომპრომისი მხოლოდ იმ შემთხვევაში ამართლებს, თუკი მას სხვას უკეთებ, საკუთარი თავის წინაშე კომპრომისებზე წასვლა კი დაუშვებელია.

ისე, ყველაზე კარგად თავად ვიცი, რომ მაქსიმალისტი ვარ. მგონი თქვენც მიხვდით ამას. ჩემი ხასიათის ეს თვისება კი ყველაფერზე ვრცელდება. საკმარისია რაიმე დავისახო მიზნად, რომ სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება და ხშირად ჩემი ხასიათის ამ თვისებით ძალიან ვაზარალებ საკუთარ თავსაც და გარშემომყოფებსაც.

როცა თამუნასთან დავიწყე მკურნალობა მე თავით გადავეშვი ამ სასიამოვნო ორომტრიალში და ვერც კი შევნიშნე, რომ პროცედურებსა და აი ამ ჩანაწერებს მთელი ჩემი დრო და ენერგია მივუძღვენი. თავს მხოლოდ იმის უფლებასღა ვაძლევ, რომ ოჯახში აუცილებელი, გადაუდებელი საქმე მოვაგვარო. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მთლიანად დავივიწყე მეგობრები, დავივიწყე ჩემი საყვარელი საქმე. ეს კი ძალიან ცუდია.

იქნებ არ უნდა წამომეწყო ამ ჩანაწერების კეთება? ეგებ იმ ფონზე, რომელიც ახლა ჩემს ქვეყანაშია არავის სჭირდება ვუამბო რას ვფიქრობ და ვგრძნობ ჩემი ზედმეტი წონის კლების გამო.?.. თუ, თუკი ერთ ადამიანს მაინც დაეხმარება ჩემი ჩანაწერები, გამოდის რომ ღირდა? განა ცოტაა ერთ ადამიანს მაინც დაეხმარო დაიბრუნოს სახე?

ოღონდ ეს იმას არ ნიშნავდეს რომ სხვა აღარაფერი ვაკეთო. J

ამიტომაც, დღის მეორე ნახევარს, კეთილს ვინებებ და  სხვა საქმეებს დავუთმობ, მოგვიანებით კი გამოვიპრანჭები როგორც შევძლებ და მეგობრების სანახავად წავალ. მინდა, რომ სადმე, გემრიელ და მყუდრო ადგილას დავსხდეთ გოგოები, მე  ''ფრეშს'' შევუკვეთავ, ისინი ალბათ ტირამისუს, ჰოდა, მინდა ვუამბო მათ რა თავგადასავალშიც ჩავები. ეგებ ჩემი  ‘’ფერიცვალებაც’’ შენიშნონ? მერე მოგიყვებით ამბებს.

დაისვენეთ... კვირა დღე დასვენების დღეა!






4 комментария:

  1. ნამდვილად ღირს ამ ბლოგის წერა! არანაირი ყოყმანი, აუცილებლად გააგრძელეთ! მეც ვფიქრობდი, ვის რაში აინტერესებს-მეთქი და მთელი ათი დღე ჩავაგდე უპოსტოდ, მაგრამ სხვა თუ არაფერი, მგონი ჩვენთვისვეა კარგი, რომ ვწეროთ. ასე რომ, არ დანებდეთ, მე ყოველთვის წავიკითხავ თქვენს პოსტებს!

    ОтветитьУдалить
  2. რა კარგად წერთ, რასაც ქვია უკვე მეორე დღეა "ჩავუჯექი" და ვკითხულობ..რატომ ვკითხულობ ? იმიტომ, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე ცდგევარ და ვცდილობ, რომ გავუმკლავდე..მეც ვაკეთებ ჩანაწერებს, ოღონდ არა ბლოგის საკით, არამედ ჩემთვის "ვორდში"

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. გმადლობთ, რომ გამომეხმაურეთ...
      ძალიან კარგია, რომ წერთ.
      არ ვიცი არსებობს თუ არა მედიცინაში ჭარბი წონის მკურნალობის დროს დღიურების პრაქტიკა, მაგრამ ვხედავ, რომ მე თავად ეს ძალიან მეხმარება. და რაც უფრო შორს მივდივარ, უფრო და უფრო ვხვდები, რომ ჩემი ეს განცდები, შეგრძნებები და სრულად თავგადასავალი, წვეთი წყალივით ჰგავს სხვა ჩემნაირების თავგადასავალს. ეს ბუნებრივია, რადგან ესეც დაავადებაა, რომელსაც თავისი დამახასიათებელი ნიშნები აქვს.ბედნიერი ვიქნები, თუკი ჩემი ჩანაწერები ოდნავ მაინც დაგეხმარებათ თქვენს ბრძოლაში. წარმატებებს გისურვებთ!

      Удалить
  3. Этот комментарий был удален автором.

    ОтветитьУдалить