пятница, 11 декабря 2015 г.

ასეთიც მომწონხარ!




ერთი ფრაზა ავიკვიატე, რომელიც  ჩემმა მეგობარმა თავმომწონედ მომახალა 

_ ჩემს ქმარს ასეთიც მოვწონვარ!

ის გოგო ( ჩემი ასაკის გოგოა) ვინც ეს მითხრა, შემეცოდა და არაფერი ვუთხარი, წარბიც კი არ შემიხრია და შეცდომისაგან ნეტარებაში დარჩენის უფლება მივეცი, მაგრამ თქვენთან აუცილებლად უნდა ამოვყარო ჩემი ფიქრები J

ეს ფრაზა, ‘’მე ასეთიც მიყვარხარ’’ ძალიან ნაცნობი ფრაზაა იმ გათხოვილი  ქალბატონებისთვის, რომლებმაც ფეხმძიმობის დროს მომატებული წონა მშობიარობის შემდეგ გააორმაგეს, გაასამმაგეს და ათასი საზრუნავისა და პრობლემის ფონზე ვერაფრით მოიცალეს საკუთარი თავისთვის.

ეს ისეთი ფრაზაა, რომელიც თითქოს გვესმის მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ მის ერთ ნახევარს ვიაზრებთ.

სულაც არ ვამტკიცებ, თითქოს მამაკაცები ამ ფრაზას ჩვენს მოსატყუებლად ამბობდნენ. არა, ისინი ასეთ დროს უფრო ხშირად ძალიან გულწრფელები არიან, რადგან მათ ნამდვილად ვუყვარვართ... 

დიახ, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ქალი, რომელმაც ასეთი საყვარელი ბავშვები გაგიჩინა, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ქალი, რომელსაც შენი დილაც აბარია და შუადღეც, შენზე ზრუნავს, გივლის, გეფოფინება... დარდობს, შფოთავს შენთან ერთად ცუდზე და სიხარულისაგან აციმციმებული ტკრციალებს როდესაც წარმატებებს აღწევ...

მამაკაცებს ისიც კარგად ესმით, რომ დედობაც და მამობაც ყველა მშობელისთვის უპირველესი ჯილდოა, რომელსაც ძალიან ხშირად დედის გარეგნობა ეწირება. ჩვენ კი ჩვენი შვილებისთვის სილამაზეს და ჯანმრთელობას კი არა და სიცოცხლესაც დაუფიქრებლად გავიღებთ...

მაგრამ მოდით გადავდოთ გვერდზე ეს ხმაურიანი, რომანტიკით გაჟღენთილი სიტყვები და მშვიდად, პრაგმატულად ავწონ– დავწონოთ რეალობა.

მაინც რა არის ამ სიტყვების უკან ისეთი, რამაც კი არ უნდა დაგვამშვიდოს, არამედ მოქმედების ხასიათზე უნდა დაგვაყენოს? მე რატომ ამოვიჩემე ეს ფრაზა?

მე ასეთიც მიყვარხარ!

 ‘’ასეთი’’ ანუ მსუქანი დონდლო, ფორმადაკარგული, უინტერესო?

და თქვენ საყვარელი მამაკაცი ასეთ ‘’ასეთს’’ გიწოდებთ და თქვენ მშვიდდებით? 

გახარებთ ასეთი სიყვარულის ახსნა? არ გეჩვენებათ რომ სიყვარულის გამოხატვის ეს ყველაზე ცუდი ფორმაა?

ეს ფრაზა ხომ  კრიტიკაა და არა სიყვარულის ახსნა, ჩვენ კი მას ჩვენთვის უსიამოვნო დატვირთვას ძალიან მარტივად ვაშორებთ და მისგან მხოლოდ სასიამოვნოს ვიღებთ. 

ანუ თავს ვიტყუებთ?

უყვარს თუ არა მამაკაცს ქალი, რომელიც სრულებით აღარ ჰგავს იმ ქალს, ვინც მან ცოლად შეირთო?

დიახ, ხშირ შემთხვევაში  უყვარს... მაგრამ მათ ასეთივე სიყვარულით უყვართ ოჯახის სხვა წევრებიც, რომელთა მიმართ სრულიად სამართლიანად სხვა არავითარ გრძნობას არ განიცდიან...

ვნებაზე მოგახსენებთ.

ვნებაზე, რომელსაც ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი ვერაფრით იგრძნობს ნათესავის მიმართ... ვნებაზე, რომელიც ცოლქმრული თანაცხოვრებისას უმთავრესი დასაყრდენია.
ვნება ის ნიშაა, რომელიც თქვენ მისი სხვა საყვარელი ადამიანებისაგან გამოგარჩევთ, თქვენი სარეცელი კი ის ადგილი, სადაც ნორმალური მამაკაცები ყველაზე გულწრფელები არიან, ადგილი, სადაც ცოლქმრული თანაცხოვრების დროს ერთად გადატანილი უთვალავი დაბრკოლებისათვის ჯილდოს იღებთ თქვენც და თქვენი მეუღლეც. 

ეგებ ვინმემ მითხრას, რომ ადამიანის სექსუალური ცხოვრება მეორეხარისხოვანია და მთავარი სხვა ფასეულობებია? კი ბატონო, გეთანხმებით, სწორედ ამიტომაც უყვარხართ ‘’ასეთი’’, სწორედ ამიტომაც ის არასდროს წავა სახლიდან ( ჩვენი მამაკაცები ხომ იშვიათად ანგრევენ ოჯახს), ყოველთვის მოგიტანთ სარჩოს თუკი შეძლებს, ყოველ ღამე დაბრუნდება... ოღონდ თქვენ მასში ვნებას ვეღარ გააღვიძებთ, რადგან თქვენ მის შეგრძნებებში, გააზრებულად თუ გაუაზრებლად... მისი ნათესავი გახდით!

სასტიკი ვარ?


მაგრამ თქვენ ხომ უკვე ათასჯერ მაინც გიტირიათ ეჭვებისგან?


თქვენ ხომ უკვე უამრავჯერ დაიძინეთ მასთან ზურგშექცევით?

უხეში გახდა?

ყვავილებს აღარ გჩუქნით?

მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით კავდება თქვენთან ინტიმით?

საინტერესოა რას გეუბნებათ ასეთ დროს თქვენი მოშვებული, 

ცელულიტაყრილი, 

დონდლო, 

მოუფერებელი სხეული?

იდიეტებთ ჩემთან ერთად? J


ახალი დღე დაიწყო!


Комментариев нет:

Отправить комментарий