вторник, 26 января 2016 г.

დედამიწას სიყვარული აკლია, თორემ არც მსუქანი ადამიანები იარსებებდნენ


ალბათ, ჩემი ხასიათის თვისებაა, ყველაფრის შეჯამების მცდელობა რომ მაქვს.
უნდა შევაჯამო განვლილი დღე, კვირა, თვე, წელიწადი, ცხოვრება...
არ ვიცი ეს რას მაძლევს. ან ვიცი... ეს თვისება იმაში მარკვევს საკუთარი, ამქვეყნიური ფუნქცია რამდენად სწორად მაქვს აღქმული და რას ვაკეთებ იმისთვის, რომ სახე არ დავკარგო.
ჰოდა დღეს ჩემი ბლოგის რეიტინგი მინდა შევაჯამო იმისთვის, რომ ერთად გავერკვეთ, რამ დაგაინტერესათ თქვენ, ჩემი მკითხველი, ყველაზე მეტად და აქედან იმ სურვილებსაც მიგიხვდეთ, რომელსაც თითქმის არასდროს მწერთ, მაგრამ შესაძლოა, რომ გაქვთ.
ანუ ბლოგის რეიტინგული ჩანაწერების კვლევით, ახლა მისი სახის შენარჩუნებასა და კიდევ უფრო საინტერესო საკითხავად ქცევას ვლამობ.



ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბევრი ჩემი ქვეყნის ( და არამარტო) მოქალაქის მსგავსად, გავსუქდი.

არავინ იმატებს 20–30 კილოგრამს ერთ დღეში, მაგრამ, რატომღაც, მსუქანი ადამიანების უმეტესობა ერთ კონკრეტულ დღეს იგებს (თუ იაზრებს) ამას. ეს დღე, ყოველთვის კოშმარულია, მაგრამ აუცილებლად ნიშნავს გამოფხიზლებას.

მე გამოვფხიზლდი, ანუ დავინახე საკუთარი თავი და იმისი აღიარებით, რომ მსუქანი ვარ, პირველი ნაბიჯი გადავდგი მასთან საბრძოლველად.
არა აქვს მნიშვნელობა როგორ დაინახე. ეგებ ეს უბრალო სარკეში ჩახედვა იყო, ან სულაც 
სხვისი თვალით საკუთარი თავის დანახვა.

                                                                                ამბობენ, რომ შეყვარებული ადამიანები, თავისი სიყვარულის გაღვიძების პირველ, ყველაზე ლამაზ პერიოდში, აუცილებლად იკლებენ 4–7 კილოგრამს. ეგებ თქვენც დაგმართნიათ ასეთი რამ?.. როდესაც ადამიანი ასე ‘’იგებს’’ რომ ჭარბი წონა აქვს, ის ყოველთვის იოლად ამარცხებს ამ წონას, რადგან მისი არაჩვეულებრივი განწყობა, რომელიც ხანგრძლივი ბედნიერების განცდის ტოლფასია, აჩქარებული გულისცემა ( და ნივთიერებათა ცვლა), ბუნებრივად დავიწყებული მადა ( საკვები მეორეხარისხოვანია, მთავარია მას უყუროს), სურვილების სახეცვლილება, საკუთარ სხეულზე მეტი ფიქრი ( შეყვარებული ადამიანი ხომ ბუნებრივად, თუნდაც გაუაზრებლად იმ ბედნიერ წამს ელოდება, როდესაც ‘’ის’’ შეეხება) წონაში კლების პირდაპირი ‘’გენერატორია’’ და ის ცხიმს, კეთილ ენერგიად გარდაქმნის...

დიახ, დედამიწას სიყვარული აკლია, თორემ, არც მსუქანი ადამიანები იარსებებდნენ. J

ოღონდ მე ასეთი ახალი იმპულსი ნამდვილად არ მქონდა... ის იმპულსი კი რაც ჩემმა საყვარელმა კაცმა დამიტოვა ამერიკაში გამგზავრებამდე, სიშორემ დაჩრდილა და მეც ამ სიმსუქნეში დაახლოებით 5 თვე ვიცხოვრე.

ისე გამოვიდა, რომ ‘’აღიარებიდან’’ რომ მსუქანი ვარ, დიეტის დაწყებამდე კიდევ მოვიმატე, არც მეტი და არც ნაკლები, 10 კილოგრამი და სადღაც სექტემბრის დასაწყისში მთელი ჩემი დარდების მიუხედავად, 100 კილოგრამი ვიყავი. თვლა დავიწყე. ''ის'' მაისის ბოლოს უნდა ჩამოვიდეს... დრო რამდენი მაქვს? ან საერთოდ კი მაქვს დრო? მე ხომ არ ვიცი იმ წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც ჩვენი განშორება გაიწელა, მან როგორი განწყობები შეიძინა?

მე მაშინ საბოლოოდ გამოვფხიზლდი და წყალში ჩავარდნილივით ხავსს დავუწყე ძებნა.
სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი   მხოლოდ 2კგ. და 300 გრ. დასაკლებად ‘’მეყო’’.

ამ პერიოდში გავიკეთე გამოკვლევები (იმედით, რომ ავად ვარ და ამიტომ გავსუქდი) მაგრამ ჯანმრთელი აღმოვჩნდი. J სხვათა შორის მეწყინა, რადგან დამნაშავე ნამდვილად მე ვიყავი და არა სხვა რამ, თუნდაც ავადმყოფობა.

ამ თემაზე მასაც ვესაუბრებე ჩვენი ღამეული საუბრებისას. სწორედ მაშინ გამიჩნდა ის იდეა, რომელიც შემდეგ ამ ჩანაწერში გადმოიღვარა ''მე ასეთიც მომწონხარ''
ოღონდ მას ''ასეთიც'' არაფრით შემიძლია დავუშვა რომ მოვეწონები, ამაზე მისი თავდადებული ცხოვრება, საქმისადმი, ადამიანებისადმი დამოკიდებულება, ხელოვნების სიყვარული, მაღალი გემოვნება მეტყველებს.... თუმცა მამშვიდებდა.

გზის ძიებაში სხეულისა და წონის კორექციის ცენტრს, ‘’სტიმულს’’ მივადექი. 

იმის მიხედვით რა ინფორმაციაც მქონდა ამ დაწესებულების შესახებ, ვფიქრობდი, რომ მისი დახმარებით წონას საკმაოდ იოლად და კომფორტულად დავიკლებდი.

მერე მე და თამუნამ ( თამუნა იდუკაშვილი, სტიმულის მთავარი ექიმი) ვისაუბრეთ და მე ვიფიქრე, რომ ''სტიმულთან'' ერთად, ჩემი ოცნების მამაკაცის მოლოდინთან ერთად კიდევ ერთი დამატებითი ‘’სტიმულიც’’ არ მაწყენდა.

ჰოდა, მეორე დღეს ეს ბლოგი წამოვიწყე.

მაშინვე ვიცოდი, რომ დიდი პასუხისმგებლობა ავიკიდე ტვირთად, მართალია ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთთვიანი წერა–კითხვის შემდეგ, 15 000 მკითხველს მივაწვდენდი ხმას, მაგრამ რაოდენობას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა... 100 ადამიანს მაინც რომ ენახა ეს ბლოგი და მე ჩემი სახალხოდ დადებული პირობა ვერ შემესრულებინა და ნებისყოფა დამეკარგა, ამით ნამდვილად დავაზარალებდი ''სტიმულის'' რეპუტაციას.
ამას ვგულისხმობდი როცა ვთქვი, რომ მადლობელი ვარ თამუნასი, რაკი ამ გადაწყვეტილებაში წამომყვა.

მაშინ დავწერე პირველი ჩანაწერი : ''მსუქანი ჩემი ფსევდონიმია'' და დავიწყეთ. ის, პირველი, ჯერჯერობით ერათადერთი პატარა ჩანაწერი, იმ დღესვე 800–მა ადამიანმა ნახა. პრინციპში ეს გასაგებიც იყო _ დასაწყისი ყოველთვის საინტერესოდ მოსჩანს, მით უმეტეს, როდესაც ეს დასაწყისი გიჟურია.

მერე ''სტიმულის'' პირველი დღის პროცედურები აღვწერე. ეს ჩანაწერიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მკითხველისთვის. მათი რაოდენობით კი მივხვდი, რომ იმ ადამიანების 30 %–მა მაინც, ვინც პირველი ჩანაწერი წაიკითხა, თვალი გაადევნა ბლოგს. 

ამ ჩანაწერში დავდე ჩემი ფოტოსურათებიც. არც კი ვიცი ეს როგორ გავბედე, რადგან ეს ჩემს ბუნებას ეწინააღმდეგება, მაგრამ მაშინ ვფიქრობდი და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ სხვანაირად მე ვერ მოვამზადებდი იმ ფინალს, საითაც მთელი ეს ხანგრძლივი პერიოდია მივდივარ. მე ვერაფრით დაგიმტკიცებდით, რომ 40–ს აცილებულ ქალს შეუძლია ისე დაიკლოს წონა ‘’სტიმულის’’ დახმარებით, რომ სხეული არ დაუმახინჯდეს მოშვებული კანისგან. ამიტომაც,

ისე გამოვიდა, რომ მე ჩემი საიდუმლო მაქვს და ამ საიდუმლოს თქვენ ყველას განდობთ.

მესამე ჩანაწერს ''როგორ გავხდი მეორედ'' ‘’აფეთქება’’ მოყვა. ის მაშინვე ნახა 1000–მა ადამიანმა. ამ ჩანაწერში გადავწყვიტე ჩემი ცხოვრების ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი მომეყოლა თქვენთვის, სადაც, რა თქმა უნდა მთავარი სიმსუქნე და მასთან ბრძოლა იქნებოდა.  აქ მოთხრობილია მშობიარობის შემდეგ მომატებულ წონასთან და  ამ პრობლემით გამოწვეულ დეპრესიასთან ბრძოლა და გამარჯვება. J ჩანაწერი მოთხრობასავით იკითხება და რადგან მას დასაწყისიც აქვს და ბედნიერი ფინალიც, დღემდე იზიდავს მკითხველს. 

მკითხველი ყურადღებით იყო და ინტერესდებოდა ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ''სტიმულის'' პროცედურებს ეხებოდა, მაგრამ ჩემი ცხოვრების ამბავს ვერც იმ ჩანაწერმა ‘’აჯობა’’ რომლის ლინკიც ახლა წარმოგიდგინეთ და სადაც გარკვევით წერია რომ ''სტიმულში'' გალიფეს უსისხლოდ აშორებენ. სამაგიეროდ მივხვდი, რომ ჩემი ბლოგის მკითხველი საკმაოდ განათლებული ადამიანები არიან, რადგან მათ აინტერესებთ და მოსწონთ ყველაფერი ის, რასაც მე გულის გულში ჩახედვას ვეძახი: ანუ სიმსუქნის ფსიქოლოგია.


ჰოდა, მივხვდი, რომ რადგან ჭარბი წონის მოშორება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, ‘’მაყურებელი’’ კი სანახაობას ელის, მე კი მათ ამ სანახაობას, ისეთს, როგორიც განზრახული მაქვს რომ ვანახო, თებერვლის ბოლომდე ვერ წარვუდგენ ( საუბარია 20 კილოგრამის დაკლებაზე 3 თვეში), დროა იმაზე ვიზრუნო, რომ არც ისინი მოვაწყინო და არც მე მოვდუნდე.

ოღონდ ამ განზრახვის შესრულებას დიდი წინააღმდეგობა ელოდა ახალი წლის სახით. და რადგან მეც ადამიანი ვარ, ავწუწუნდი.

მე არ მჭირდებოდა ეს ახალი წელი, რადგან სხვა, უფრო დიდი მიზანი მქონდა, მე მას ისეთი უნდა დავხვედროდი, როგორიც დამტოვა. ან უკეთესი. :)

ამ აზრთან, წუწუნთან გამკლავებაში თამუნა დამეხმარა. მან მითხრა, რომ არსად გვეჩქარება, არავინ გვაიძულებს თავი მოვიკლათ, არავინაა ჩვენი უფროსი და საერთოდაც, მის ჩამოსვლამდე დრო საკმარისი გვაქვს... ჰოდა, ახალი რეიტინგიც ‘’დავდე’’

‘’წინასაახალწლო ფიქრები გახდომის მსურველთათვის’’ ჩემს ყველაზე რეიტინგულ ჩანაწერს თითქმის მიუახლოვდა... მე კი ამ ფაქტმა ამ ახალი წლის ‘’გადატანა’’ გამიახვილა, რადგან მივხვდი, რომ საახალწლო სამზადისი, ფაცი–ფუცი, გემრიელი სურნელი და სტუმრიანობა მხოლოდ მე არ მაშინებდა. თან ძალიან გამიმართლა და ჩემი შვილი, რომელიც სხვა ქვეყანაში სწავლობს, სახლში დამიბრუნდა ორი კვირით. ეს ძალიან დიდი მალამო იყო ჩემი გატეხილი განწყობისთვის.


ბლოგის ახალი ‘’შედევრი’’ კი ყველაზე რეიტინგული ნამდვილად მისი სათაურის გამო გახდა. მას ‘’რატომ უნდა გაუძლო შიმშილს’’ ჰქვია. J




პრინციპში, ალბათ, მხოლოდ სათაურის გამოც არა... ჩვენ ყველას გვჭირდება მოტივაცია იმისათვის, რომ შიმშილს, სურვილს, ნდომას გავუძლოთ, თუნდაც ეს სილამაზის და ჯანმრთელობის სახელით ხდებოდეს. მე იქ ძალიან გულწრფელი ვიყავი, როგორც ჩანს გულწრფელობა დამიფასდა. 

ჩანაწერი, რომელსაც ''ბეწვის ხიდზე''... ანუ უნდა გავხდეთ თუ არა უფრო ტანკენარნი მამაკაცის საამებლად?  ქვია, მისი რეიტინგულობის გამო არ ამომირჩევია, უბრალოდ, აქ დასმულმა პრობლემატიკამ მცირე, მაგრამ მაინც პროტესტი გამოიწვია. თუ რატომ, ეს თავად შეგიძლიათ შეაფასოთ.

მკითხველი ძალიან დააინტერესა ანორექსიის, ბულემიის, ლიმფოსტაზის პრობლემატიკამაც. ეს ყველაფერი ჩემთვისაც სიახლე იყო და ჩვეულებრივი მოწაფეასავით ვიმეცადინე სანამ თქვენს ‘’სამსჯავროზე’’ გამოვიტანდი. რა თქმა უნდა, იმ ჩანაწერებს, რომელიც სამედიცინო განათლებას მოითხოვს, აუცილებლად ვაკითხებ ექიმს, რადგან სამწუხაროდ, მე ასეთი განათლება არ მაქვს. J ოღონდ ძალიან ვდარდობ J სიამოვნებით ვიმუშავებდი ფსიქოლოგად J

ამ მომენტისთვის ჩემი ბლოგი უკვე 40 ჩანაწერს შეიცავს. ამ პერიოდში კი მე 10 კილოგრამი დავიკელი. ეს იდეალური შედეგია თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ‘’სტიმულის’’დახმარების შედეგად ეს წონა მთლიანად ცხიმის ხარჯზე დაკლებული წონაა. ‘’სტიმულში ხომ კანქვეშა და კუნთოვან შრეში არსებულ ცხიმს ერთნაირი წარმატებით ებრძვიან.

ახლა უკვე ვიცი, რომ ფინალი, საითაც თქვენთან ერთად მივდივარ, ნამდვილად შთამბეჭდავი იქნება და ჩემი ბლოგის ყველაზე რეიტინგული ჩანაწერიც სწორედ ის ჩანაწერი იქნება, რომელსაც ასე დავიწყებ: მე 20 კილოგრამი დავიკელი :) მთავარია გარემომ, ოჯახმა, ქვეყანამ და ჯანმრთელობამ შემიწყოს ხელი.

დიახ, მე ძალიან კარგად ვიცი, რომ სრულიად არასტაბილურ ქვეყანაში ვცხოვრობ. ისიც ვიცი, რომ ეს მოცემულობა გეგმებს კი არა, ხშირად ოცნებებსაც კი კლავს, მაგრამ მე არ მინდა ჩემი ოცნებების დასაფლავებას დავესწრო.

მადლობელი ვარ, რომ მთელი ამ ხანგრძლივი დროის მანძილზე თქვენგან არცერთი ნეგატიური ნოტი არ წამოსულა... რატომღაც მგონია, რომ თქვენც ელოდებით იმ შედეგს, რომელიც თავადაც გათქმევინებთ: მე ვძლიე შიმშილს.

შევხვდებით! J

ეს მსუქანის ბლოგია, წინა ჩანაწერები ნახეთ ბლოგის მარჯვენა, ზედა მხარეს.



понедельник, 25 января 2016 г.

გემრიელი წამალი


ავად გავხდი.
სერიოზული არაფერი, დაბალი სიცხე, არცთუ შემაწუხებელი ხველა და სისუსტე მაქვს, ამიტომ, ბუნებრივია ‘’სტიმულში’’ ვეღარ დავდივარ პროცედურებზე.

მიზნისკენ სავალ გზაზე, ხშირად გვხვდება დაბრკოლებები. ესეც პატარა დაბრკოლებად მივიღე და მშვიდად გავაგრძელე ჩემი დიეტა და ჩემი ბლოგი, რაც ადასტურებს, რომ ნამდვილად გადავრჩები. J

დღეს განსაკუთრებულად მომენატრა შოკოლადი, ამიტომ იმ პროდუქტზე, რომელიც ყველა დიეტაზე მყოფი ადამიანისთვის იმედის სხივად მოჩანს, გადავწყვიტე ინფორმაცია შემეგროვებინა. 



შოკოლადის, ისევე როგორც კაკაოს ხის, სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ითვლება. ასწლეულების მანძილზე, შოკოლადი გამოიყენებოდა როგორც სასმელი - დაფქვილ და მოხალულ კაკაოს მარცვლებს ინდიელები წყალს ურევდნენ, ხოლო შემდეგ ამ ნარევს წითელ წიწაკას (ჩილი) უმატებდნენ. შოკოლადის ისტორია ძალიან ადრე დაიწყო, დაახლოებით 3000 წლის წინ. პირველად სიტყვა კაკაომ გაიჟღერა როგორც kakawa-მ დაახლოებით 1000 წლის წინ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მექსიკის ყურეში , მაშინ როდესაც ჯერ მხოლოდ იწყებოდა ოლმეკების ცივილიზაციის აღორძინება.ოლმეკების შემდეგ მაიას ტომებმა გააგრძელეს ტრადიცია და სწორედ მათ ეკუთვნით ველური კაკაოს ხის კულტივირება.

სწორედ ამ დროს დაიწყო ადამიანთა მოდგმამ შოკოლადის მიღების მეთოდების შემუშავება, სხვადსხვა ინგრედიენტების დამატებით. შოკოლადის მარცვლებს ხალავდნენ, ფქვავდნენ და შემდეგ ისევ აცხელებდნენ, ასე მიიღებოდა კაკაო-ხსნარი, შემდეგ უკვე ამ ხსნარს ურევდნენ წყალში და შედეგად მიიღებოდა მწარე, მაგრამ სასიამოვნო სასმელი.ამ პერიოდში ასეთ სასმელს ძალიან დიდი პოპულარობა ჰქონდა და მას "ღმერთების სასმელი" ერქვა.

მაიას ტომების გაქრობის შემდეგ შოკოლადის მომზადების ტრადიცია აცტეკებმა განაგრძეს. აცტეკები შოკოლადში ურევდნენ შაქარს, ვანილს, თაფლსა და დარიჩინს. ასეთი ხერხებით მიღებულ თხევად მასას აცტეკები მოიხსენებდნენ როგორც xokolatlდა ის ცნობილი იყო მისი ნოყიერებით, გამაძლიერებელი (ენერგიის მოსამატებელი) და აღმგზნები თვისებებით.შოკოლადის, ისევე როგორც კაკაოს ხის, სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ითვლება. ასწლეულების მანძილზე, შოკოლადი გამოიყენებოდა როგორც სასმელი - დაფქვილ და მოხალულ კაკაოს მარცვლებს ინდიელები წყალს ურევდნენ, ხოლო შემდეგ ამ ნარევს წითელ წიწაკას უმატებდნენ.

საუკუნეების განმავლობაში წარმოიქმნა და ჩამოყალიბდა შოკოლადის მრავალი სახეობა. ეს განპირობებული იყო როგორც კულტურათა და ტრადიციათა თავისებურებებით, ასევე ტექნოლოგიური მიღწევებით. მაგალითად, თუ ახალ სამყაროში შოკოლადი ცხარე წიწაკით უნდა ყოფილიყო შეზავებული, ევროპელი გურმანებისთვის ის აუცილებლად ვანილთი და შაქარით უნდა გაემდიდრებინათ. 

თანამედროვე მსოფლიოსათვის მზა შოკოლადის მრავალი სახეობაა ცნობილი. მათ ყველას საფუძვლად კი სუფთა შოკოლადი უდევს, რომლისთვისაც დამახასიათებელია მძაფრად გამოხატული მწარე გემო და მდიდარი არომატი. ფერის მიხედვით განასხვავებენ: შავი, ყავისფერი და თეთრი შეფერილობის. მდგომარეობის მიხედვით კი შოკოლადი გვხვდება: თხევადი, მყარი და შოკოლადის ფხვნილი.

მაგრამ ჩვენ რაკი მოდიეტეები ვართ, ამ ჯერზე მხოლოდ შავი შოკოლადით დავინტერესდები.

გავრცელებული მოსაზრების თანახმად, სწორედ შავი შოკოლადია ნებადართული დიეტაზე ყოფნის დროს. ამასვე ადასტურებენ ის წყაროები, რომელიც მრავლად შეგიძლიათ ნახოთ, მაგრამ არც ერთხელ მქონია შემთხვევა, რომ ენდოკრინოლოგს და დიეტოლოგს მისი ჭამის ნებართვა მოეცა... 

აქედან დასკვნა: დიახ, შესაძლოა შავი შოკოლადი ნამდვილად დიეტური პროდუქტია ( რა თქმა უნდა, შეზღუდული რაოდენობით), მაგრამ ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია, ამიტომ სანამ მის ჩართვას განიზრახავთ დიეტაში, დაეკითხეთ ექიმს.

მწარე შოკოლადი ანუ სუფთა შოკოლადი, რომელიც არ შეიცავს დანამატებს.
არის ძალიან მწარე, ძლიერი არომატის შოკოლადის ფხვნილი ან ფილა, რომელიც ძირითადად საცხობად გამოიყენება.

შავი შოკოლადი რძის დანამატის გარეშე კი, რომელსაც ხშირად სუფთა შოკოლადსაც ეძახიან იმისდა მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან თუ სად არის დამზადებული.
მაგალითად: ამერიკის კანონმდენლობა მას ტკბილი შოკოლადების კატეგორიას ანიჭებს და განსაზღვრავს მასში კაკაოს ლიქიორის (სუფთა შოკოლადის) 15% მინიმალურ ზღვარს. ევროპული კანონმდებლობით კი შავი შოკოლადი 35% სუფთა კაკაოს ფხვნილს უნდა შეიცავდეს.

 დავინტერესდი ქართული წარმოების ‘’ბარამბოს’’ შავი შოკოლადით და აღმოჩნდა, რომ ის ორ ასეთი სახეობის შოკოლადის ფილას უშვებს და მათ ორივეს შავი შოკოლადი ქვია, თუმცა განსხვავებულია შეფუთვითა და ერთი დეტალით. ერთი 100გრამიანი ყვითელი შეფუთვის შავი შოკოლადის ფილა ''ბარამბო'' კაკაო პროდუქტების 49% შეიცავს, ერთი 100გრამიანი შოკოლადისფერი შეფუთვის  შოკოლადის ფილა ''ბარამბო'' კი კაკაო პროდუქტების 68 %–ს.




ერთადერთი შოკოლადი, რომელსაც ''ბარამბოს'' გარდა ვცნობ ქართულ ბაზარზე, აი ეს, გერმანული წარმოების შოკოლადი გახლავთ. როგორც ხედავთ მასში კაკაოს შემცველობა კიდევ უფრო მაღალია და ის 73% შეადგენს.




ასე რომ, შოკოლადის მწარმოებლები არ ცდილობენ შეცდომაში შეგიყვანონ, თქვენ უბრალოდ უნდა გაეცნოთ შოკოლადის მონაცემებს და იმის მიხედვით გააკეთოთ არჩევანი თუ რა მიზანს ემსახურება შოკოლადის ფილის შეძენა.

ჩვენი, გურმანების სიმშვიდისთვის უნდა ითქვას, რომ შავი შოკოლადის სასარგებლოდ უამრავი დამაჯერებელი არგუნტი არსებობს.

არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს ამ უზარმაზარი ინდუსტრიის, შოკოლადის ბიზნესის სარეკლამო სვლაა. ასე რომ იყოს, იმედი მაქვს, ამდენი ხნის განმავლობაში, მეცნიერები, რომელთა პატიოსნებაში შეტანის უფლება არავის აქვს, თავის დასკვნებს აუცილებლად გაგვიმხელდნენ.

არსებობს დიდი ჩამონათვალი შოკოლადის კეთილი თვისებისა, რომელიც ყველას საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი.

პირველ რიგში ის გასაოცარად გემრიელია:)

გვმატებს ენერგიას,


გვიუმჯობესებს ხასიათს,

აძლიერებს ჩვენს იმუნიტეტს,

ამცირებს გულ–სისხლძარღვთა 
დაავადებების რისკს,

არის კარგი ანტიდეპრესანტი,

აწესრიგებს არტერიულ წნევას,

აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას,

იცავს კბილის ემალს,

ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების რისკს,

აუმჯობესებს მეხსიერებას,

ის წყლულოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვისაც არის რეკომენდირებული.


ითვლება, რომ ორგანიზმზე თავისი ზემოქმედებით შოკოლადი მარიხუანას წააგავს. შოკოლადი შეიცავს სწორედ იმ ნივთიერებას, რომელიც ტვინის იმავე ნაწილებს ააქტიურებს, რასაც ნარკოტიკი. გარდა ამისა აქ არის სხვა ორი კომპონენტიც, რომელიც პირველის მოქმედებას ახანგრძლივებს. სწორედ ეს სამი კომპონენტი, კოფეინთან და თეობრომინთან ერთად, ენერგიისა და მხნეობის მოზღვავებას და ტონუსს ამაღლებს იწვევს. მაგრამ შოკოლადისგან ნარკოტიკული თრობა მხოლოდ მისი კილოგრამობით გადასანსვლით შეიძლება :)

ასევე დადგენილია, რომ კანის დაბერების პროცესს ყველაზე მეტად შავი შოკოლადი აფერხებს.ბრიტანელი მეცნიერების დასკვნის საფუძველზე გაირკვა, რომ მწარე შოკოლადი კოლაგენური ბოჭკოების რღვევას აფერხებს და ხელს უწყობს კანში ნივთიერებათა ცვლას, კერძოდ აუმჯობესებს ცვლის პროცესს.გარდა ამისა დადგენილია აგრეთვე ისიც, რომ შავი შოკოლადი მელანომის (კანის კიბოს) განვითარების პროცესსაც ამცირებს.

ცნობილია, რომ შოკოლადი უძილობისა და და ქრონიკული დაღლილობის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებაცაა, იგი აუმჯობესებს მეხსიერებას, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, ფლობს ანთების საწინააღმდეგო თვისებებს და ორგანიზმის საერთო ტონუსს ამაღლებს.

შოკოლადის შემცველობაში შემავალი მაგნიუმი დეპრესიას ებრძვის, მეხსიერებას აუმჯობესებს, სტრესის მიმართ ამტანობას ამაღლებს და იმუნიტეტს ზრდის’’, – დაასკვნეს იაპონელმა მეცნიერებმა. ამიტომ გაციების პროფილაქტიკისთვის ისინი პაციენტებს შოკოლადის ჭამას ურჩევენ. მრავალწლიანი კვლევის შედეგად ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა: ვინც ყოველდღიურად 20–25 გრამ შოკოლადს მიირთმევს, პრაქტიკულად კიბოთი და წყლულოვანი დაავადებით არ ავადმყოფობს.

მოკლედ, ეს პროდუქტი, შოკოლადი, ნამდვილად იმსახურებს გემრიელი წამლის სახელს. :)

ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი: ის სასარგებლო მხოლოდ 30–50 გრ. ოდენობითაა და მხოლოდ ამ რაოდენობით მიღებისას არ მოიმატებთ ზედმეტ კილოგრამებს.

გავიქეცი, ერთი ნატეხი შავი შოკოლადი უნდა მივირთვა, 

შევხვდებით. :)


წინა ჩანაწერები შეგიძლიათ ეძებოთ ბლოგის მარჯვენა მხარეს, ჩამონათვალში.
კომენტარებს, მოსაზრებებს, შეკითხვებს, ვუპასუხებ აქ და არა ''სტიმულის'' ფეისბუქის გვერდზე.


пятница, 22 января 2016 г.

რატომ უნდა გაუძლო შიმშილს?


დღეს 38–ე ჩანაწერს ვაკეთებ.

ხედავთ, როგორ გაიწელა ჩემი ბლოგი?
ეს ბუნებრივია, რადგან ის ფეხდაფეხ ჩემი წონის კლების პროცესს მიყვება, წონის მოშორება კი, უკვე ბევრჯერ ვთქვი, მაგრამ მაინც გავიმეორებ, რომ ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია.

ასე რომ არ იყოს, დარწმუნებული ვარ, დედამიწაზე მსუქანი ადამიანები საერთოდაც არ იარსებებდნენ.  მაგრამ არც ამისი ცოდნა და არც იმის გამეორება, რომ ეს რთულია საქმეს არ აიოლებს. არც დღეების თვლაა შვება, არც წერა და არც იმისი კითხვა თუ რა დაწერე.

ეხლა, როცა ასე შორს შევტოპე, პირიქითაც კი მგონია. მგონი ეს ნუმერაცია პირველიდან ოცდათვრამეტამდე, რომელიც მაიძულებს, რომ დავითვალო ჩემი დიეტის, ‘’სტიმულშის’’  ჩატარებული პროცედურების დღეები, ცოტა არ იყო ნერვებსაც მიშლის.

რაკი წარსულში ერთხელ უკვე დავიკელი წონაში ძალიან კარგად ვიცი, რომ სასურველ შედეგამდე მხოლოდ იმის შემდეგ მიდიხარ, რაც დიეტა, ვარჯიში ან პროცედურები, ცხოვრების წესი ხდება და ამაზე ფიქრსაც თავს ანებებ.

ამიტომაც გავიძახი, რომ სასწორზე წამდაუწუმ დგომა საჭირო არ არის. არ არის საჭირო ყოველ დილით საწოლიდან წამოფრინდე და ფეხშიშველი გაიქცე სასწროზე შესადგომად, რადგან თუ თქვენ იმ დღეს არაფერი გაქვთ დაკლებული, შესაძლოა დეპრესიამდეც მიხვიდეთ.

მაგრამ მეორეს მხრივ, ხომ უნდა იცოდე ის, რასაც აკეთებ, შედეგს გაძლევს თუ არა?

ჩემი მეგობარი, რომელსაც ჭარბი წონა აწუხებს, ამასწინათ ენდოკრინოლოგთან იყო ვიზიტით. თბილისში ხომ იცით როგორც არის, ჩვენ ყველა კარგი ექიმის სახელი და გვარი ვიცით, ასე რომ, ის ამ კუთხით ‘’დაზღვეული’’ იყო. მოკლედ, მივიდა ჩემი მეგობარი ძალიან კარგ და საზრიან ენდოკრინოლოგთან, ესაუბრა მას, გაიკეთა ყველა საჭირო ანალიზი და საკმაოდ კმაყოფილი, მაგრამ ცოტა შეცბუნებული დაბრუნდა სახლში. როდესაც შეცბუნების მიზეზი ვიკითხე, აღმოჩნდა, რომ ეს მისი ექიმის რჩევა იყო: ‘’ყოველ დღე ჩაიხედეთ სარკეში, უყურეთ თქვენს სხეულს და მერე აიწონეთ!’’
იმდენად გამაოცა ამ მოთხოვნამ თუ რჩევამ, რომ მაშინვე კომენტარიც ვერ გავაკეთე, მაგრამ ჩემი მეგობარი საკმაოდ საზრიანი ადამიანია და მან თავად ითავა ამ რჩევის ანალიზი: ‘’როგორც ჩანს, ჩემმა ექიმმა გადაწყვიტა, რომ მე ძალიან მომწონს ჩემი თავი და დამატებით სტიმულად, ჩემი ამ თავმნოწონების შერყევა და ‘’გონზე მოყვანა’’ განიზრახაო’’.

არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი... უფლება არ მაქვს მას ვედავო, ვისაც წლების გამოცდილება და ცოდნა უმყარებს გადაწყვეტილებების მიღების უფლებას. ან შესაძლოა, რომ მე მეშლება და ასეთი თერაპიაც არსებობს: ვუყუროთ რეალობას თვალებში.

ოღონდ მეც და თვენც უკვე ძალიან კარგად ვიცით, რომ როდესაც ადამიანი საკუთარი წონისგან იტანჯება, მას რეალურობის განცდა ტოვებს. მეც ასე დამემართა, როდესაც პირველად დავიკელი დიდი წონა. მახსოვს, მაშინ სრულიად შიშველი დავრჩი, რადგან ჩემი გარდერობი მთლიანად დამიპატარავდა, ჰოდა, ნელ–ნელა ახალი ნივთების შეძენა დავიწყე. ყველა ჯერზე, როცა კი მაღაზიაში შევდიოდი, ერთი ან ორი ზომით დიდ ტანსაცმელს ვიზომებდი. მე მაშინ რეალური წონისგან გავთავისუფლდი, მაგრამ ის ჩემს ფსიქიკაში დარჩა. მართალია ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც მაღაზიის გამყიდველი ყურადღებით ამათვალიერებდა და მერე თქვენ აი ეს გექნებათ კარგადო, პატარა ტანსაცმელს მაწვდიდა ხელში, მაგრამ მე საკმაო ხანს საკუთარ თავს მსუქან ადამიანად ვხედავდი.

სრულიად საპირისპირო მოხდა, როდესაც პირველად გავსუქდი. მე მაშინაც ''ტიტველი'' დავრჩი. იმ პერიოდის გახსენება საერთოდ არ მიყვარს, მაგრამ ახლა რაკი სიტყვამ მოიტანა, გიამბობთ. მაშინ თბილისში ტანსაცმლის მაღაზიები კანტი–კუნტად იყო, ჰოდა სადგურში, ბაზრობაზე წავედი. იქ ზრდილობითა და მყიდველისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით ბევრი არ გამოირჩეოდა, ამიტომ მახსოვს, საშინლად გავწვალდი. მთავარი დამნაშავე ამ წამებაში კი ჩემი არასწორი ხედვა იყო. მე გამუდმებით მოვითხოვდი ჩემთვის ისეთი სამოსი ეჩვენებინათ რომელშიც არ ვეტეოდი.

‘’ა, გოგო, აგი ჩაგეტევა მგონია!’’ 
მომაძახა ერთმა გადაფაშულმა გამყიდველმა და 
‘’ამაში მეც ვეტევი, ასეთი მაქვს სახლში’’ო, დაამატა. 

ის ქალი, ღმერთმა კარგად ამყოფოს, ისე გამოიყურებოდა, როგორც ბამბით გატენილი ტომარა. მე ვიდექი და ჯერ ჩემს საცოდავ, შიშველ ხელებს დავცქეროდი, რომელზეც არცერთი ბეჭედი აღარ მეტეოდა, მერე იმის ბეჭდებით ახურხლულ, ბალიშებივით დაბერილ თითებს.

‘’ნახავ გოგო? გადამრევს ეს ხალხი, რამ გაგაშეშა ადამიანო?!’’ 
გამიბრაზდა გამყიდველი.

გამოვართვი ის, რასაც მაწვდიდა.

ნაცრისფერი, სწორად აჭრილი, საკმაოდ განიერი კაბა იყო. არაფრიდან არაფერი, უსახო და ულაზათო. ერთადერთი რაც მის ღირსებად შემეძლო ჩამეთვალა ის იყო, რომ კარგი ხარისხის ნაჭრისგან იყო შეკერილი. არა, მეორე ღირსებაც ჰქონდა, ჩემი ზომა იყო. 

ვიყიდე. მერე მე დიდხანს ვატარებდი იმ კაბას როგორც სასჯელს... აი იქიდან ამოძრომის შემდეგ კი დიდხანს ვიშუშებდი შეგრძნებებს, განცდას, რომ ისევ მსუქანი ვარ.

ჰოდა, ვინ იცის, ეგებ მართალია ის ექიმი, რომელიც ჩემს მეგობარს რეალობის დასანახად ყოველ დილით სასწორზე დადგომას და სარკეში საკუთარი სხეულის თვალიერებას უნიშნავს წამლად?

ეგებ რეალობის აღქმა რომ ვისწავლოთ, უკეთ ვიპოვოთ გამოსავალიც?

იქნებ ის, რაც ჩემთვის წამალია, თქვენთვის შესაძლოა არაფრის მომცემი იყოს?

ან სად არის ზღვარი რეალობასა და შეგრძნებებს შორის?

დღეს 38–ე ჩანაწერს ვაკეთებ და ისევ იგივე ფიქრები მაქვს რაც პირველი ჩანაწერის გაკეთების დროს მქონდა. მაინც რა მინდა, რატომ ვიწვალებ ასე თავს?

რატომ მივდივარ ყოველ დღე ქალაქის მეორე ნახევარში და ‘’სტიმულის’’ პროცედურებს ვიკეთებ?

რატომ ვსვამ ყოველ დღე ორ ლიტრ წყალს?

რატომ ვჭამ უმარილო, უგემურ საკვებს?

რატომ ვითმენ შიმშილს?

რატომ ვატყუებ ჩემ თავს, რომ უშაქრო ყავა მიყვარს?

რატომ ან როგორ შემიძლია ავიტანო მოხარშული, უგემური საკვები და თანაც ვიძახო, რომ ის ძალიან გემრიელია?

როგორ შემიძლია მთელი დღეები ვიდგე და რაღაცა ბალახებს, ფუჩეჩებს და სისულელეებს ვჭრიდე, ვაზავებდე რომ საკვებად ასატანი გახდეს?..

განა ეს ჩემ ცხოვრებას შეცვლის?

ვითომ ამით მივიღებ სტაბილურობის შეგრძნებას?

ვითომ გამხდარი და ტანკენარი ადამიანებისთვის უფრო იოლია ამ მოწყენილ, უფერულ ქალაქში, ქვეყანაში ცხოვრება?

იქ სადაც გამუდმებით თავს გახვევენ ნეგარტივს?

J გავუტიე J

დიახ, გავუტიე, მაგრამ რას შეცვლის 40 წელს გადაშორებული ქალის ცხოვრებაში მინუს 20 კილოგრამი?

ამასწინათ ოცნებებსა და გეგმებზე, მათ განსხვავებაზე მომიხდა საუბარი.

მე ერთი ოცნება მაქვს, რომელიც მირჩევნია გეგმა იყოს.

ძალიან მინდა ერთ მშვენიერ დღეს თვითმფრინავში ჩავჯდე ჩემს შვილებთან ერთად და იმ ქალაქში დავდგა ფეხი, რომელზეც გამუდმებით ვუამბობ შვილებს.

ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამაზე. თავიდან ამ ფიქრში ახალგაზრდა ვიყავი, მერე ცოტა ასაკიც მომემატა, ახლა კი, დავუშვი, რომ ეს შესაძლოა ჩემი ცხოვრების ბოლოს, თეთრთმიანმა გავაკეთო. თითქოს ვხედავ ხოლმე ჩემს თავს. წელში გამართულს, ყელზე მოხვეული ბენდენით, რომელსაც ომის მერე იმიტომ ვინახავ რომ იქ ჩასვლისას გავიკეთო. და იმ ფიქრებში ყოველთვის ლამაზი  და გამხდარი ვარ.

J მართლა გავუტიე J მაგრამ რაც მინდოდა, გითხარით.

ყველაზე დიდი ოცნებები, ყველაზე დიდი თავგადასავლები, ყველაზე დიდი ბედნიერებაც და ეგებ უბედურებაც, ლამაზმა მინდა რომ განვიცადო.

ჰოდა, რა დროს ყოყმანი და რა დროს იმაზე მსჯელობაა რა და რისთვის. ჩვენ ხომ ყველაფერი გარკვევით ვიცით. ჩვენ სილამაზე გვინდა.

მე ამის მისაღწევად ჩემი ნებისყოფა და ჩემი ექიმი, სხეულისა და წონის კორექციის ცენტრი ‘’სტიმული’’ მეხმარებიან.

თუ რა ხდება ‘’სტიმულში’’ და რატომ მაქვს იმისი ფუფუნების უფლება, რომ 40–ს გადაშორებულმა, სხეულის იდეალურ ფორმებზე ვიოცნებო, ნახავთ აქ.

ისევ შემეშალა: არც ეს არის ოცნება, ესეც გეგმაა.

პ.ს.

როცა ფოტოს ვეძებდი ბლოგისთვის, აღმოვაჩინე, რომ დიეტის დამრღვევებად და მუცელღმერთებად, უფრო ხშირად ქალი მოდელები გამოყავთ. ამიტომ, გენდერული ბალანსის აღსადგენად, აი ეს კაციც ვიპოვე, თანაც ვიღაცას მაგონებს ძალიან :დ




შევხვდებით.

четверг, 21 января 2016 г.

ბულემია თუ ნებისყოფის სისუსტე?


როგორც ხედავთ, საოცრად გამიტაცა სიმსუქნის ფენომენის ფსიქოლოგიური ასპექტების კვლევამ.  რაც უფრო ვუღრმავდები ამ საკითხს, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ის, ‘’სიმსუქნე’’ ანუ ჭარბი წონა, ჭეშმარიტად ფსიქოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული მდგომარეობაა და ნამდვილად იმსახურებს ამ კუთხით ყურადღებას.

მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუკი ყველა მსუქანს ვეტყვით, რომ ის ავადმყოფია და ამდენად მის ჭარბ წონაში მისი ბრალეულობა ნულის ტოლფასია?

ანუ რას ვეუბნებით ჭარბწონიანს იმის თქმით, რომ მისი ჭარბი წონა მისი მუცელღმერთობის ბრალი კი არ არის ( რის გამოც ის დასაძრახი იქნებოდა) არამედ ობიექტური მიზეზის, ავადმყოფობის ბრალია ( რის გამოც ის სიბრალულსა და თანალმობას იმსახურებს)? ამით ჩვენ მას ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ ვუბიძგებთ თუ დანებებისა და შეგუებისაკენ?

ან რა ტიპის რეცეპტი უნდა გამოწეროს ექიმმა ასეთი ავადმყოფისთვის?

მოკლედ, აქ ბევრი კითხვა ჩნდება, რომელზე პასუხების გაცემა ჩემთვის ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობა იქნებოდა, მაგრამ რაკი იმაზე უკვე შეთანხმებულები ვართ, რომ რაც იწერება პირდაპირპროპორციული ყოველთვის არ არის ჭეშმარიტებასთან, ვცადოთ და ვიაზროვნოთ.

ფსიქოლოგიური დარღვევებით გამოწვეული ერთ–ერთ კვებით მოშლილობად მედიცინაში ბულემია სახელდება.

ბულემია ანუ მგლური მადა, კვებითი მოშლილობა, რომელსაც ორი ძირითადი მახასიათებელი აქვს: 1. საკვების მიმართ დაუოკებელი სწრაფვა და მუცლის ამოყორვა 2. ამოყორვის შემდეგ გულისრევის გამოწვევა.

ბულიმია ორგანიზმში ცვლილებათა მთელ წყებას იწვევს, რაც არა მარტო წონის მატებას ( როგორადაც ეს მიიჩნევა), არამედ სხვა სიმპტომებსაც განაპირობებს. ბულიმიის ძირითადი ნიშნებია:

დეპრესია,

დანაშაულის და ზიზღის განცდა საკუთარი თავის მიმართ,

თვითკონტროლის დაკარგვა,

მკაცრი თვითკრიტიკა,

ქება–დიდების მოსმენის მუდმივი სურვილი,

საკუთარ წონაზე მცდარი წარმოდგენა.

ჩამოთვლილ ფსიქოლოგიურ თავისებურებებთან ერთად მოსალოდნელია:

სხეულის მასის მკვეთრი მერყეობა (5-10 კილოგრამის მატება და კლება);

დისკომფორტი ყელის არეში;

დაღლილობა;

კუნთების ტკივილი;

კბილების კარგვა;

ყბაყურა ჯირკვლების გადიდება.

კვლევების შედეგად, ეს დაავადება მსოფლიოს მოსახლეობის 4% ში გახლავთ გამოვლენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამ კვლევებს დავუჯერებთ, თქვენს სამეგობრო–საახლობლოს 4% სწორედ ამ დაავადებით იტანჯება ისე, რომ ამის შესახებ თქვენ არავითარი ინფორმაცია არ გაქვთ.

დაგაფიქრეთ ვინ შეიძლება რომ იყოს თქვენს სამეგობროში ეს 4%? J

თქვენ ალბათ ამ სავარაუდო ‘’კანდიდატების სიაში’’ ახლა ჭარბწონიანები შეგყავთ არა?

ეს ბუნებრივი იქნებოდა, რადგან თქვენ არ იცით, რომ რამდენიც არ უნდა ეძებოთ  სამედიცინო ლიტერატურაში, ბულემიის ნიშნებში ვერსად იპოვით განსაკუთრებულ ჭარბწონიანობას.

დიახ, ბულემიით დაავდადებულ ადამიანებს მხოლოდ წონის მატების პანიკური შიში აქვთ და არა განსაკუთრებულად ჭარბი წონა. ჭარბწონიანი მათგან მხოლოდ მცირე ნაწილია  და ისიც სულ სხვა მიზეზების გამო ( შესაძლოა ენდოკრნული დარღვევების გამო, რომელიც ბულემიის თანმხლებ დაავადებად განიხილება, შესაძლოა მიზეზი სულ სხვა იყოს), რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

გარდა ამისა, ამ სიიდან ერთი ხელის მოსმით შეგიძლიათ ამოყაროთ ყველა მამაკაცი, რადგან ბულემია ჭეშმარიტად ქალური დაავადებაა, თუმცა გამონაკლისის სახით ის ზოგჯერ მამაკაცებსაც ეწვევათ ხოლმე. ოღონდ ეს შემთხვევები იმდენად იშვიათია და იმდენად ცოტაა აღწერილი, რომ ამას განხილვის ღირსადაც არ ჩავთვლი, თუ მამაკაცები ძალიან არ გამიბრაზდებიან.

მით უმეტეს, რომ ბულემია სულაც არ გახლავთ სახუმარო საქმე, მიუხედავად იმისა რომ მისი მისამართით ექიმებიც და პაციენტებიც საკმაოდ დამამცირებელ სიტყვებს და სიტყვათა შეთანხმებებს იყენებენ. 

ისეთებს როგორიცაა ‘’მუცლის ამოყორვა,’’გასკდომამდე ჭამა,’’ ‘’მგლური მადა’’...  

მეტიც, სამედიცინო ლიტერატურის კითხვისას აღმოვაჩინე, რომ იქ, სადაც არ უნდა იყოს არც ერთი ემოციური სიტყვა და ყალბი პათეტიზმი, მაინც იპარება ასეთი რამ. კონკრეტულად კი შეგონებები, რომლებიც ამ პათეტიზმს შეიცავენ და ნამდვილად არაფრის მომტანია. აი მაგალითად, ამონარიდი ქართული სამედიცინო ჟურნალიდან ‘’მკურნალი’’: ‘’დავფიქრდეთ, იქნებ სჯობს ვეცადოთ, დავიცვათ ზომიერება, არ მივეცეთ ნაყროვანების ცოდვას, შევინარჩუნოთ სულიერი წონასწორობა?’’

ეს სიტყვები საკმაოდ სამართლიანი სიტყვებია, როდესაც ჯანმრთელი ადამიანის მიმართ გაისმის, მაგრამ ეგებ ვინმემ მითხრას, როგორ უნდა გავიგო ეს მოწოდება იმ ადამიანის მიმართ, რომლის დაავადებასაც ნერვული ბულემია ჰქვია?

დაავადება, რომელიც შესაძლოა თან დაერთოს ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა პათოლოგოებს, ასევე ცვლილებებს ენდოკრინულ სისტემაში და ფსიქიკაში.

შაქრიანი დიაბეტი;

ინსულინომა ანუ ინსულინმაპროდუცირებელი სიმსივნე;

ნებისმიერი სხვა პათოლოგია, რომლის დროსაც შესაძლოა სისხლში ინსულინის შემცველობამ მოიმატოს;

თირეოტოქსიკოზი;

გასტრიტი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, თუ კუჭის მჟავა წვენის წარმოქმნა გაძლიერებულია.

ეს გახლავთ არასრული ჩამონათვალი იმ დაავადებებისა, რომლებსაც შესაძლოა თან დაერთოს ‘’მუცლის ამოყორვის’’ ის რიტუალი, რომელსაც ჯანმრთელი ადამიანები საკმაოდ ამრეზილები უყურებენ.

არსებობს ბულემიის რამდენიმე ტიპი.

 ერთი, როდესაც ადამიანს აქვს საკვების გადასანსვლის შეტევები

მეორე,როდესაც ადამიანი მთელი დღის განმავლობაში შეუჩერებლად ჭამს

და მესამე, ღამის ბულემია, როდესაც ადამიანი ღამით კვებაზე ვერ აცხადებს უარს და განსაკუთრებით დიდი რაოდენობის საკვებს იღებს.

მედიკოსების განსაკუთრებული ყურადღების საგანი მკვეთრი, მუდმივი ბულიმიაა. ის შესაძლოა ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების, ფსიქიკის დარღვევის ან ნევროზის გამოხატულება იყოს. ასეთ ბულიმიას ფსიქიკურ დარღვევად განიხილავენ. ავადმყოფს მკვეთრად აქვს მომატებული მადა, აწუხებს დაუძლეველი შიმშილის გრძნობა. ბულიმიით დაავადებული საკვების მიმართ საოცარ ლტოლვას განიცდის. ჭამის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანი შეუჩერებლად, უზომოდ და უსასრულოდ ჭამს და აზრადაც არ მოსდის, როგორი იქნება შედეგი.

შედეგი კი ასეთია: სიმძიმე კუჭში, გულის ფრიალი, ოფლიანობა, სისუსტე, გონის წასვლა, ძილად მივარდნა, სიმძიმე მთელ სხეულში. რაც მთავარია, ჭამის შემდეგ ადამიანს უჩნდება სინდისის ქენჯნა საკუთარი მუცელღმერთობის, უნებისყოფობის, გაუმაძღრობის გამო. ჭარბი საკვებისგან სწრაფად რომ გათავისუფლდეს, ღებინებას იწვევს და საკუთარ თავს სიტყვას აძლევს, რომ ეს აღარ გამეორდება, თუმცა გადის რამდენიმე ხანი, ბულიმიით შეპყრობილი კი ყველაფერს ივიწყებს და ყველაფერი თავიდან იწყება. ის ავად არის!


ერთი პერიოდი მეგონა, რომ მე ღამის ბულემია მქონდა, რადგან ძალიან მიჭირს ღამის კვებაზე უარის თქმა, მაგრამ რაკი არცერთ ჩემს ექიმს _ არც ენდოკრინოლოგს, არც ნევროლოგს და არც თამუნას ეს დიაგნოზი არ დაუსვამს, ამიტომაც ჩემს ღამეულ სუნსულს სამზარეულოსა და ტელევიზორს შორის, ვერაფრით გავამართლებ დაავადებით.

ჰო, ზოგჯერ ასეც ხდება. ნებისმიერ მძიმეწონიანს ურჩევნია, რომ საკუთარი განსაკუთრებულად ჭარბი წონა დაავადებით, ავადმყოფობით, ცუდად ყოფნით, ბედის ირონიით და ა.შ. და ა.შ. გაამართლოს, რადგან ასე უფრიო კომფორტულია ცხოვრება. ჩვენ არ გვსურს ვაღიაროთ, რომ უნებისყოფოები ვართ, ჩვენ არ გვსურს ვაღიაროთ, რომ ცდუნებას ვერ ვუძლებთ, ჩვენ არც ჩვენი სხვა რომელიმე ნაკლის გამომზეურება გვახარებს. მომიძებნეთ თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც იტყვის რომ უნებისყოფოა! არა, ასეთები არ არსებობენ. და თუ მაინც ვინმე ამას ამბობს, დამიჯერეთ ეს რაღაც სხვა სურვილების განხორციელებას ემსახურება.

ამიტომაც ვზივარ ახლა და ვწერ აი ამ ჩანაწერს, რომ გითხრათ: მიუხედავად იმისა, რომ ბულემია საკმაოდ ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, ის ჭარბწონიანობის მიზეზი მაინც არ გახლავთ და მის სამკურნალოდ პირველ რიგში მედიკამენტოზური მკურნალობა ინიშნება და არა დიეტა, როგორც ეს ჩვენს, ჭარბწონიანების შემთხვევაშია.


თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი განსაკუთრებულად მომატებული მადა არ შეიძლება რომ რაიმე სხვა დაავადებით იყოს გამოწვეული.

ჭარბი წონა, მით უფრო განსაკუთრებულად ჭარბი წონა, შესაძლოა მართლაც ჩვენი მუცელღმერთობის, დეპრესიის ან რაიმე სხვა ფსიქოლოგიური მიზეზებით იყოს გამოწვეული, მაგრამ შემდეგ მან თავად გამოიწვიოს ისეთი საშიში დაავადებები, რომელსაც ადამიანი ვერაფრით გაუმკლავდება პროფესიონალის ჩარევის გარეშე.
ან შესაძლოა პირიქითაც მოხდეს და ჩვენი ჭარბი წონა ფიზიკურმა ფაქტორებმა განაპირობონ. მაგრამ ეს აუცილებელი არ არის რომ ბულემია იყოს.

სამედიცინო ლიტერატურაში აღწერილია შემთხვევები, როდესაც ბულემიით დაავადებულ ადამიანები ამბოლატორიულ მკურნალობას არ ექვენდებარებიან და ამიტომ, მათი სტაციონარში გადაყვანა ხდება აუცილებელი.

მათ სამკურნალოდ გამოიყენება ანტიდეპრესანტებიც და ფსიქოლოგიური მეთოდებიც.
მათ  ზოგჯერ საკმაოდ მრავალპლანიანი მკურნალობა ენიშნებათ, რომელზე ლაპარაკიც ჩემგან ვფიქრობ აქ უადგილო იქნება.

ჰოდა, თუ თქვენ ისევე გაგიმართლაც, როგორც მე და მუცლის ამოყორვის შემდეგ,  სინდისის ქენჯნის პირობებშიც ტკბილად შეგიძლიათ ჩაიძინოთ, გამოდის, რომ ნამდვილად ვერ მოხვდით მსოფლიოს მოსახლეობის იმ 4%–ში, რომელსაც სინდისის ქენჯნა გულისრევის გამოწვევისკენ უბიძგებს.

ასე რომ, შეგიძლიათ მშვიდად წაბრძანდეთ ენდოკრინოლოგთან, წყნარადვე მოიფიქროთ თქვენი წონის კლების გრაფიკი, პატარ–პატარა ( ან დიდ–დიდი) დარღვევებისთვის მიიღოთ მედიკამენტები და გახდეთ.

ხოლო ვისაც იდეალური სხეულის პატრონი გნებავთ რომ გახდეთ, მე მომბაძეთ და სხეულისა და წონის კორექციის ცენტრში, ‘’სტიმულში'' მობრძანდით. აქ რა ხდება იხილეთ აქ:

შევხვდებით ისევ.