пятница, 15 января 2016 г.

ლოლას ახალგაზრდობის ფორმულა

თბილისური პეიზაჟების ზემოდან ცქერამ ნოსტალგია მომგვარა და ჩემს ბავშვობაში დავიწყე ‘’ქექვა.’’

და რადგან ადამიანები წარსულშიც, მომავალშიც და აწმყოში მხოლოდ იმას ვხედავთ რაც გვაღელვებს, გვხიბლავს, შევნატრით და თუნდაც მივსტირით, ამჟამად კი ჩემი ტვინი, სული და გული ‘’სტიმულს’’, წონის პრობლემებს, ნივთიერებათა ცვლას, კალორიების თვლას, ახალგაზრდულ სულს და სხეულს ეკუთვნის, ლოლა გამახსენდა.

ლოლა ჩემი თბილისური ბავშვობის განუყოფელი ნაწილი იყო. ოღონდ ის სოფელში ცხოვრობდა, მე კი ქალაქში. მე მასთან ვიყავი ფიქრებით და ამ ფიქრებს წერილებად ვუგზავნიდი.

ეგებ თქვენ არ გახსოვთ, მაგრამ ჩემს ტოლებს, ორმოცს გადაბიჯებულ ქალბატონებს, აუცილებლად ემახსოვრებათ დრო, როდესაც კომუნიკაცია ქალაქსა და სოფელს შორის საქართველოშიც და მთელს მაშინდელ საბჭოთა კავშირშიც, მხოლოდ ამ წერილების, დეპეშების და ძალიან იშვიათად სახლის ტელეფონით ხერხდებოდა. ჩემ სოფელში კი ტელეფონი მხოლოდ კოლმეურნეობის თავმჯდომარეს ჰქონდა, ლოლას კი ის არც სჭირდებოდა.

ჰოდა ვწერდი ლოლას.
გამარჯობა ლოლა, ბოჩოლა გაიზარდა და აღარ სცივა?

ან
ლოლა, როცა მამა სოფელში წამომიყვანს, ერთად ხომ გავდენით ნახირს?

გრძელ წერილებს არ ვგზავნიდი, რადგან ეგ წერილები მისთვის სხვას უნდა წაეკითხა. ლოლამ წერა–კითხვა არ იცოდა.

ხშირად მესიზმრებოდა. ჩემი კლდეებზე დაკიდებული სოფლის ყველაზე საშიშ ადგილზე ვიჯექი, ქვემოთ დაშვებულ, კლდეებს შემოხვეულ გზას გადავცქეროდი და ფეხებს უდარდელად ვიქნევდი.

ლოლა მეტყოდა _ სწორად იჯექი, ნუ ხვანხვალებ, დაგელეწება ჩემსავით თავ–პირი და ქვაზე დათხლეშილი ეშმაკი გახდებიო.

დიახ, ეშმაკს გავდა თავისი გრძელი და მოგრეხილი, წვრილი ცხვირით, დაბრმავებული ცალი თვალით... ეგებ ეშმაკიც იყო, აბა ისე როგორ აუვიდოდა იმოდენა ნახირს? მთელი სოფლის ძროხებს ერთად გაირეკავდა ტალახიან ვიწრო გზაზე, დინჯად მოუქნევდა სახრეს და ისე, თითქოს აქაც არაფერიო, თითქოს ეს ამოდენა ძროხების დამორჩილება სულაც არ იყო რთული, არხეინად აბოლებდა პაპიროსს.

მაშინ სხვა მწეველი ქალი ნანახი არ მყავდა. აღფრთოვანებული შევყურებდი. ყველგან შეეძლო მოეწია. გზაზე, ტყეში, ბალზე, ტყემალზე.

ერთად ვკონწიალობდით ხოლმე ხეებზე.

მიყვარდა.

ჩემი ტოლი იყო.

გარდაიცვალაო, მითხრეს ერთ დღეს. დიდთოვლობა იყო... მაგრამ მამამ მაინც წამიყვანა დასაფლავებაზე. მახსოვს, ერთხელ ლოლამ, ''ნეტავი ორმოცი წლისა ვიყოო'' მითხრა... გადავიხარხარე გულიანად, გოგო, ორმოცი წლისა ბებრუცანაა უკბვე, ნატვრაც რომ არ შეგიძლია მეთქი. ჰოდა, სოფელისკენ თოვლიან გზაზე, გაჭირვებით როცა ავდიოდით, მეც იმავეს ვნატრობდი... ნეტავ ოპრმოცის ყოფილიყო, ნეტავ ორმოცის ყოფილიყო...

 ''აბა დაქალი მოგიკვდაო, გამაგრდიო'', ხელს მართმევდნენ სოფლის კაცები. ვიფერებდი, ვითომც დიდი ქალი ვიყავი. როცა ეზოში დაასვენეს ბოლო სიტყვების სათქმელად, დასამშვიდობებლად ვერავინ ვერაფერი უთხრა. ხოდა, ხელი ავიწიე. ზუსტად ისე, როგორც სკოლაში, ფრიადოსანი მოწაფეები ვიწევდით ხოლმე ხელს და სიტყვის თქმა მოვითხოვე. ვიღაცამ უკნიდან ხელი მკრა და წინ გამაგდო. ერთი ნაბიჯით გავიწიე ჩემს გვერდით რკალად მოჯარული ხალხისგან და მგონი ლოლას სულმა მათქმევინა ეს სიტყვები.

რამდენი რამე გამოიგონა ადამიანმა_ რაკეტები, მატარებლები და ტელევიზორები, ოღონდ სიცოცხლის გახანგრძლივების, ახალგაზრდობის ფორმულა და ელექსირი ვერავინ გამოიგონა მეთქი. ჰოდა, ამ პატარა, ბავშვივით ხეებზე მძრომიალა მოხუცმა ყველა მაგ გამომგონებელს და მეცნიერს ერთად აჯობა იმით, რომ არასდროს დაბერდა, იმიტომ, რომ არაფრით დაიჯერა მეთქი სიბერე. ჰო, თქვენც, ყველას გაჯობათ, ახლა პირზე რომ შეგყინვიათ  სიტყვა და ის ვერ მოიფიქრეთ, როგორ დაემშვიდობოთ მეთქი ამ სოფელში უხუცესსა და დედამიწაზე ყველაზე ახალგაზრდას, ლოლას.

მერე ავტირდი. ეხლაც, იმ სიტყვების აღდგენას რომ ვლამობდი, თვალზე ცრემლები მომადგა.

როგორი მაგალითი მყავდა თვალწინ... მე რამ უნდა შემაშინოს?

ლოლამ მატარებლის ეპოქაში იცხოვრა. მე ვაკუსტაილერის და აიფონის ეპოქაში ვცხოვრობ. ლოლას თვალი რომ დაუზიანა ხარმა, ვერავინ ვერაფერი უშველა მის სიბრმავეს, ჩემს დროში კი ადამიანები ხელოვნური გულით აგრძელებენ სიცოცხლეს...

ჰოდა, რაღა შეიძლება აქციო პრობლემად თუკი ცოცხალი ხარ?!

გუშინ, დილიდან  ‘’სტიმულში’’ ხალხმრავლობა იყო და თამუნას არ ეცალა, თორემ მისთვის მინდოდა ამ ამბის მოყოლა. მერე, თქვენთან მოსაწერი წერილის დასაწერად რომ დავჯექი, ვიფიქრე, მოდი ყველას ერთად ვუამბობ მეთქი, ერთი ჩია, უმაგრესი ქალის ახალგაზრდობის ფორმულის ამბავს, რომელმაც არასოდეს დაიჯერა სიბერის არსებობა, ჰოდა ამიტომაც ბავშვად დარჩა.

იმედი მაქვს, უთქმელადაც მიმიხვდებით, თუ რატომ გავიხსენე ეს ამბავი... თუმცა, უკვე გითხარით...

პ.ს. ‘’სტიმულში’’ ხალხმრავლობა იყო მეთქი... ამაზე არ შეიძლება, რომ არ გითხრათ ორიოდე სიტყვა: გუშინდელმა დღემ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ვიცოდი, რომ საახალწლო დღეების შემდეგ ერთი ორად გაიზრდებოდა სტიმულის პაციენტთა რიცხვი, მაგრამ ასეთ ხალხმრავლობას, ახლებისა და ძველების ერთდროულ ''მარშირებას'' ‘’სტიმულზე’’ მართლა არ ველოდი... მიხარია, ბედნიერი ვარ, რატომღაც ამაყიც.J

ჩვენ ბევრნი ვართ და ყველას ლამაზი სიცოცხლე გვინდა.


ორშაბათამდე

Комментариев нет:

Отправить комментарий