суббота, 9 января 2016 г.

''ბეწვის ხიდზე''... ანუ უნდა გავხდეთ თუ არა უფრო ტანკენარნი მამაკაცის საამებლად?



ამ შეკითხვის გამო, ალბათ ფემინისტები ჩამქოლავენ, მაგრამ ჩემთვის, მართალი გითხრათ, დიდი მნიშვნელობა არა აქვს მიზეზს უ რატომ ვხდები, არც იმას, თუ ვინ ჩამქოლავს.

მთავარი ხომ შედეგია?

შედეგი რომელიც ასე ჟღერს: ჯანმრთელი და ლამაზი სიცოცხლე.

ისე, ფემინისტებისაც მესმის, რადგან როგორც ჩანს, ამა სოფლის ძლიერი სქესისაგან იმდენი უბედურება იწვნიეს... მოკლედ, ეს სხვა თემაა და მე არც აგრესიულ, მოძალადე მამაკაცებს განვიხილავ მამაკაცებად.

ჰოდა, უნდა დავიკლოთ თუ არა წონაში მამაკაცის გულის მოსაგებად ? უნდა მივიდეთ თუ არა ''სტიმულში'' ყოველ დღე, გავიკეთოთ მიოსტიმულაცია ან ლიმფოდრენაჟი, უნდა ვიწვეთ თუ არა ვაკუსტაილერში, უნდა დავიჩხვლიტოთ თუ არა სხეული ნემსებით, საიდანაც ჩვენი საცოდავი კანს ქვეშ მის ქვეშ მოთავსებული ცხიმის ფენის დასაშლელად გამზადებული წამალი შეჰყავთ, უნდა გვიხაროდეს თუ არა ციურ ვარსკვლავზე ‘’შეერთება’’, უნდა მოვიშოროთ თუ არა გალიფე უნდა ვსვამდეთ თუ არა ყოველ დღე ორ ლიტრ წყალს, უნდა ვითვლიდეთ თუ არა კალორიებს და იმ შემთხვევაში, როცა ჩვენი მიღებული კალორიების ოდენობა 1200 გადააჭარბებს ( ''შემთხვევით'', ნებისყოფის ანუ სულიერი ძალების შერყევის შემთხვევაში) უნდა ‘’ამოვაშხამოთ’’ თუ არა ჩვენს თავს სინდისის ქენჯნით ანდა უკეთეს შემთხვევაში განტვირთვის დღის მოწყობით ის გადაჭარბებული კალორიები?

დიახ, გასარკვევია უნდა ვიწვალოთ და ვივაგლახოთ თუ არა იმისი გულის და თვალის მოსაგებად, ვინც ღალატით დაგვამცირა, ვინც სხვაში ( რა თქმა უნდა ''უშნო და საძაგელ'' ქალში) გაგვცვალა, ან სულაც არც არაფერი დაუშავებია საბრალოს... უბრალოდ ვერ შეგვნიშნა? ან მას ასეთიც მოვწონვართ... ჩვენს გულს კი მაინც რაღაც აკლია?
ამ ‘’უშნო და საძაგელ ‘’ქალებზე გამახსენდა_ ირგვლივ მარტივად მიმოხედვაც კმარა იმის შესამჩნევად, რომ ქართველი და არამხოლოდ ქართველი მამაკაცები, ოჯახს ხშირად საკუთარი მდივნის, ასისტენტის, იშვიათ შემთხვევებში მოახლის სასარგებლოდაც ანგრევენ.

ამ თემაზე დისერტაციის დაცვა საჭირო არ არის, ისედაც ნათელია მიზეზი: მამაკაცს ამ შემთხვევაში ზრუნვა, ფოფინი, ღიმილი, მის ჭირთა ( ამ შემთხვევაში საქმის) გაზიარება, ლოლიავი ხიბლავს, თორემ სად გაგონილა, რომ მსოფლიოს ყველა მდივანი, ყველა ასისტენტი ან მოახლე მაინცა და მაინც ყველა ასეთ, მიტოვებულ ცოლზე ლამაზი, ჭკვიანი, სექსუალური ან ვნებიანი იყოს?

მე თუ მკითხავთ, აქ სადღაც ჩვენი, ცოლების შეცდომაა დაშვებული. ზოგჯერ კი ცოლებისაც და საყვარლებისაც, რადგან მამაკაცები მხოლოდ ცოლებს კი არა, საყვარლებსაც ტოვებენ.

ეს შეცდომა კი ყურადღების მოდუნება, საკუთარ შესაძლებლობებზე მაღალი ჰაზრი და ეგოიზმია, რომელიც სულ ადვილი შესაძლებელია, რომ ზრუნვაში ვლინდებოდეს.

აი ასეთ ზრუნვაში:

ჩემი ქმარი ყოველთვის ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს;

არაფერი არ უნდა მოაკლდეს( სასმელ–საჭმელი ძირითადად);

მისი სახლი უნდა ბზინავდეს;

მისი ფეხსაცმელი უნდა პრიალებდეს;

ამიტომ,

მას იმდენი დრო და ყურადღება სჭირდება, რომ ჩემი თავისთვის ვერ მომიცლია;

დავდივარ ჩამობრანძულებული, არ ვიკეთებ მაკიაჟს, დიახ, მაკიაჟის დრო მაქვს?

არ ვიკეთებ მანიკურს, 

პედიკურს,

ვარცხნილობას.

მე შეწირული ცოლი ვარ!

ღმერთო, როლში შევედი J

ეს საშინელება, რომელიც მილიონჯერ მაქვს მოსმენილი, ბოლოს ყოველთვის ქალის ტირილით, დადარდიანებული ბავშვებით და გაორებული მამაკაცით მთავრდება.

თანაც, ის რაც ახლა მე ჩამოვთვალე, მითხარით, ზრუნვაა?

საკუთარ შვილებს სადილებს რომ უკეთებ და ამას ქმარს ამადლი, ეს ზრუნვაა?

ოღონდ ეს ვერასდროს ვუთხარი ვერცერთ ჩემ მეგობარს. ვერ მოვუკალი გული, იმიტომ რომ მათ არ ესმით, რას აკეთებს მათი ქმრის მდივანი ისეთს, რაც არ გააკეთეს მათ _ 

პასუხი კი მარტივია: მდივანს სამსახურეობრივი მდგომარეობა აიძულებს გამოიყურებოდეს კარგად, პლუს იზრუნოს მამაკაცზე ან იმდენად ჭკვიანია, რომ ამ როლისთვის არც სამსახური სჭირდება და არც თანამდებობა... და მთავარი_ ის არასდროს გადააბიჯებს ზღვარს! იმ ზღვარს, რომელსაც ჭკვიანმა ქალმა უკიდურესი სიახლოვის ჟამსაც არ უნდა დაივიწყოს.

ახლა თქვენ მეტყვით, რომ ეს კანონი არ არის, რომ სიყვარული უფრო მაღალი გრძნობაა და უფლება არა მაქვს ასე დავაკნინო ის.

მაგრამ მე არ შეგედავებით, პირიქით, ხელებს ავწევ და იმდენჯერ დაგიქნევთ თავს რამდენჯერაც მოისურვებთ... ოღონდ, მხოლოდ იმის გამო, რომ მშვიდად იყოთ, სინამდვილეში კი საკუთარ პოზიციაზე დავრჩები.

თუმცა ისიც ვიცი, რომ წესებს უფრო ხშირად გამონაკლისებიც აქვთ.

ჰოდა იმის კვლევაში, უნდა გავხდე თუ არა იმ მამაკაცის საამებლად, რომელიც ვერაფრით ამოვიგდე თავიდან, ვწევარ ლიმფოდრენაჟის აპარატზე და ვიცი, ამ წუთებში ჩემი ორგანიზმი იმ ფუნქციას იბრუნებს, რომელიც ჩემმა ჭარბმა წონამ დამაკარგვინა _ ის გაწყლოვანებულ ცხიმს ჩემი სხეულიდან გამოდევნის.

საბედნიეროდ, ახლა ფიქრის დრო მაქვს... ფიქრის და ცხოვრების შეცვლის, გარდასახვის დრო... ჰოდა, კიდევ ერთი ჭეშმარიტება მახსენდება, რომელიც ქალებს ზოგჯერ გვავიწყდება ხოლმე: ფაქტი, რომ ჩვენი, ქალების ერთ–ერთი ძალიან ცუდი თვისება ის არის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ქალური სოლიდარობის ნიშნად ‘’სხვის’’ მამაკაცზე უარის თქმა.

შემედავებით?

მეც, თქვენი არ იყოს, ყოველთვის მეგონა რომ ეს ცნება, ''ქალური სოლიდარობა'' არსებობდა, იმ ლოგიკით მაინც, რომ თუ სახელი აქვს, არის კიდეც! მაგრამ ცხოვრებამ, სამწუხაროდ, უამრავჯერ დამარწმუნა, რომ ქალებს ამ ქალური სოლიდარობის გამოჩენაში, ზოგჯერ( შევარბილე), შური უშლით ხელს.

ახალი წლის დღეებში მეგობარს ვახლდი საქმიან ვახშამზე. პრინციპში მე იქ ჭკვიანი ანტურაჟის როლში ვიყავი, მაგრამ ეს ადამიანი იმდენად მიყვარს, რომ სიამოვნებით მოვირგე ეს მისია. თან იმედი მქონდა, რომ ყველანაირ ცდუნებას ვაჟკაცურად გავუძლებდი და მხოლოდ უშაქრო ყავას, ჩაის, ერთ ჭიქა ხილის წვენს ან სალათს დავჯერდებოდი. 

ძალიან მყუდრო, მშვიდ გარემოში დავსხედით, მაგრამ საოცარი, აუტანელი სიცხე იყო. ჩვენი სტუმრები უცხოელები იყვნენ და მივხვდი, რომ ისინიც შეწუხდნენ. შეკვეთა გავაკეთეთ, მე კი თითქმის ჩემი ასაკის ოფიციანტ ქალს, მორიდებით ვთხოვე, რომ თუ გათბობას ვერ ჩაუწევდა, ფანჯარა მაინც გამოეღო... და პასუხად ისეთი რამ მოვისმინე, რომ ახლაც გაოცებული ვარ. ეს ქალი მომიბრუნდა, ამხედ–ჩამხედა, როგორც ჩანს თვალში ვერ მოვუვედი, ჩემი თანმხლები მამაკაცი კი ძალიანაც მოეწონა... ჰოდა მომასისინა ღიმილით, _  რატომ, ცოტათი თუ დაგცხებათ, წონაშიც დაიკლებთო..._ და არც უფიქრია ფანჯრის გამოღება.

აბა მითხარით, იმ დღეს ჩემს სასურველ, საოცნებო მამაკაცთან ერთად რომ ვყოფილიყავი, რა დღეში ჩავვარდებოდი?

იმ დაწესებულებაში  ოდესმე კიდევ შევალთ მე და ჩემი მეგობარი? მგონი არც ის უცხოელები ისურვებენ ამას, რადგან რაღაც მათაც იგრძნეს J

მოკლედ, ფაქტი ასეტია, რომ ეს ერთი თვისება, სოლიდარობის განცდა საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ, მამაკაცებს ნამდვილად გამოარჩევთ ჩვენგან. მათ ( ქართველ მამაკაცებს) ცნებები: მეგობრის მეუღლე, მეგობრის შეყვარებული, ისე, უბრალოდ სხვა კაცის საყვარელი ქალი ( ბიძაშვილ–მამიდაშვილისა და ძმის რჩეულ ქალბატონებზე კი ლაპარაკიც ზედმეტია) ნამდვილად ჩვენზე მეტად აქვთ განვითარებული.
მამაკაცისთვის ამ ზღვარის დაცვა ღირსების საკითხია.

ისინი სიამაყით ურტყამენ ერთმანეთს მუშტებს მაშინ, როდესაც საქმე ქონებას, წილებს, სამსახურს, თანამდებობას, პოლიტიკურ შეხედულებებს ეხება და ამისაგან თავს ველურებად სულაც არ გრძნობენ, მაგრამ იგივე მამაკაცის, რომელსაც თავ–პირი განსხვავებული შეხედულებების გამო გაუერთიანეს, რჩეულ ქალბატონს ისინი არასოდეს შეხედავენ სურვილის თვალით... და თუ შეხედეს, თავს თავად იგრძნობენ არაკაცად.

ქალისთვის კი ეს, ‘’სხვისი კაცის დათრევა’’ გამარჯვებაა კონკურენტზე.

ჰოდა, 

მაინც ვფიქრობ, რომ ისინი იმად ღირან, რომ მათი გულისთვის წონაში დავიკლო? J

ნამდვილად ღირან იმად, რომ ყოველ დღე, წვიმაშიც და ქარშიც, თოვლშიც და მზიან დღესაც, ჩემი უამრავი საქმე მივყარო, მორჩილად მივიდე ‘’სტიმულში’’, თითქმის შიშველი სასწორზე დავდგე და იმის მიხედვით მაქვს თუ არა 200–300 გრამი დაკლებული, ბედნიერი ან უბედური ვიყო, მერე კი, საოცარი რუდუნებით ვიწვე იმ დღისთვის თამუნას მიერ შერჩეულ აპარატთან და იმაზე ვიფიქრო, თუ რას ვაკეთებ?

რა ვიცი... ჩვენ ფიქრის უნარიც გვაქვს და გადაწყვეტილებებსაც თავად ვიღებთ...
მე კი ვფიქრობ, რომ ისინი თუ არა, ჩვენ ნამდვილად ვღირვართ იმად, რომ ლამაზები ვიყოთ.

სხვა რა გზაა,  პერპეტუუმ–მობილე ძრავი უნდა ჩავიდგათ და ისე გავაგრძელოთ სიცოცხლე, რაკი ამ სამყაროში სხვა გზა და სხვა ხსნა არ არსებობს . J

მათთვის კი, მამაკაცებისთვის, ზოგჯერ წამალია ჩვენი გარდასახვა, ზოგჯერ კი კედელზე ცერცვის შეყრა. ამით მათ ვერ მიიღებთ... თუმცა ეს სამართლიანია და ეს, ასეც უნდა იყოს.

რეზიუმე:  გვიყვარდეს თავიც ჩვენი.

( ისე, ქრისტიანული ჰუმანიზმის მთავარი პრინციპის ‘’გიყვარდეს მოყვასი შენი როგორც თავი შენი’’ წაკითხვაც უნდა ვისწავლოთ, აქ ხომ არ წერია, რომ მარტო მოყვასი გიყვარდესო? )

რა ვიცი, ვითომ მძულს ახლა მე კაცები? J

P.S. რატომ არავინ მეკითხება კიდევ რამდენ კილო მაქვს დაკლებული? J


Комментариев нет:

Отправить комментарий