როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემი წვალებით, ლოლიავით, მოფერებით
დაკლებული კილოგრამები, მოწყობილი ‘’ღრეობის’’ შემდეგ ისევ ჩემთან დაბრუნდნენ. ყველა
არა, მადლობა ღმერთს, მაგრამ ის ორი კილოგრამი, რომლის დაკლებასაც მთელი საახალწლო
განწყობა გადავაყოლე და რომლითაც ასე ძალიან ვამაყობდი, ნამდვილად დამიბრუნდა.
ჰოდა, მას შემდეგ რაც ხმამაღლა განვაცხადე, რომ დიეტა
დავარღვიე და ეს დავწერე კიდეც, ‘’სტიმულში’’ ცოტა არ იყოს, ნირწამხდალი დავბრუნდი
და ‘’აღიარების’’ შემდეგი პროცედურები გავიკეთე.
დაბრუნება უკან, დიეტაში, როდესაც ერთხელ უკვე მიგატოვა
ნებისყოფამ, კიდევ უფრო რთულია ვიდრე დიეტის დაწყება, რადგან წონაში დაკლების გადაწყვეტილებამდე თვეების, ზოგჯერ წლების განმავლობაში მიდიხარ. საკუთარ თავს არწმუნებ, არგუმენტებს
წონავ და ზომავ და მიუხედავად იმისა, რომ იცი ციცაბო გზას უნდა შეუყვე,ამ გადაწყვეტილებას მაინც თავად იღებ. შედეგად, დიეტას მომზადებული, გამაგრებული, მოტივირებული იწყებ. მაშინ, როდესაც
ძლიერი ხარ, მაშინ როდესაც იცი რასაც აკეთებ.
აი, დიეტის დარღვევის შემდეგ კი სულ სხვა პრობლემები
იჩენს თავს. პრობლემები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ფსიქოლიგიური სახის პრობლემებია.
სინანული
და ეჭვი.
სინანული და თვითგვემა, დანაშაულის განცდა, რომელზეც
პასუხი აუცილებლად უნდა აგო საკუთარი თავის წინაშე, ყველაზე რთულად მოსაგვარებელი პრობლემაა.
არადა, ამ განცდას თუ არ მოიშორებთ, ჩვეულ, დიეტისთვის აუცილებელ, მშვიდი მოქმედების
რეჟიმში გადასვლას ვეღარაფრით მოახერხებთ.
ამ შემთხვევაში გონიერება შველის. ჰოდა, გონება უნდა
დაძაბოთ და რაკი სინანული თვითგვემისკენ და სასჯელისკენ გექაჩებათ, გააცნობიეროთ, რომ
თქვენ უკვე დაისაჯეთ, ამაზე უარესი სასჯელი კი მხოლოდ კიდევ მეტი მომატებული კილოგრამი
თუ იქნება.
დიახ, დაისაჯეთ. ამიტომაც მოიმატეთ ერთჯერადი, გემრიელი
კვებით 2–3 კილოგრამი. ეს მომატებული კილოგრამები თქვენი ქვეცნობიერის და ცნობიერის
ერთობლივი ნამოქმედარია, რასაც მარტივად წაეხმარა თქვენი დიეტისგან საკმაოდ შენელებული
ნივთიერებათა ცვლა.
ოღონდ ყველა ''უნებლიე შემცოდემ'' უნდა იცოდეს,
რომ ერთი ჭამით მხოლოდ აჩერებს წონის კლებას, ეს ტყვიასავით ნასროლი ორი კილოგრამი
კი არაფრით გადადის არც ცხიმში და მითუმეტეს, არც ცელულიტში.
ასეთ შემთხვევაში მთავარია გაჩერდე. მთავარია ფარ–ხმალი
არ დაყარო და სასჯელზე კი არა, იმ ჯილდოზე იფიქრო, რომელსაც აუცილებლად მიიღებ, თუკი
ახლა ფორიაქს დაივიწყებ და ისე, თითქოს არც არაფერი მომხდარაო, დაწყებულ დიეტას გააგრძელებ.
დიეტოლოგები დიეტის დარღვევის შემთხვევაში ხშირად განტვირთვის
დღეს უნიშნავენ პაციენტს, მაგრამ ეს კანონი არ არის. თავისუფლად შესაძლებელია ასეთ
შემთხვევაში მშვიად გააგრძელოთ თქვენი დიეტა და ასევე მშვიდად დაელოდოთ შედეგს, რომელიც
არაფრით დააყოვნებს.
სწორად წარმართული დიეტის შემთხვევაში, თქვენ 4–5 დღეში
აუცილებლად დაივიწყებთ თქვენს მარცხს.
მთავარია ეჭვმა არ გაჯობოთ. ეჭვი ამ შემთხვევაში, ისევე
როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ავადმყოფური განცდაა და მას არაფერი ესაქმება ჯანსაღი
ცხოვრების წესთან, მაგრამ დიეტის დარღვევას ის ხშირად ახლავს თან.
ეგებ რაღაცას ისე არ ვაკეთებ როგორც საჭიროა?
ეგებ არასწორი პროდუქტებით ვიკვებები?
ეგებ იმდენს არ ვმოძრაობ, რამდენიც საჭიროა?
ეგებ?
ეგებ?
ეგებ?
დიახ, ავადმყოფის გონება ათასგვარ ასეთ ‘’ეგებს’’ ხლართავს
და მერე ხუხულასავით აგებს მასზე შეცდომების მთელ კასკადს. ჩვენ კი, ჭარბწონიანები, ნამდვილად ავადმყოფები ვართ და თუ ამას არ გავიაზრებთ, თუ ამას ვერ ვაღიარებთ, ვერაფრით დავამარცხებთ
ჩვენს დაავადებას, ჭარბ წონას!
აქ ისევ გონიერებამდე მივდივართ.
თუ თქვენ იმდენად გონიერი ადამიანი ხართ, რომ ამ ეჭვებს
თავს არ დაუხრით, თუ არჩეულ გზას ერთგულად გააგრძელებთ და რბილად რომ ვთქვათ ‘’ზედმეტი
ფიქრით“’ ‘’თქვენი გენიოსობით’’ და უადგილო იდეებით თვითგანადგურების რეჟიმში არ გადახვალთ,
სადღაც, გულის კუნჭულში, გონიერების წყალობით ჩაკეტილი ეს უზარმაზარი უბედურება, ეჭვი,
ახლადმოსული თოვლივით დადნება და მერე აღარასდროს შეგახსენებთ თავს.
კიდევ ერთი პუნქტია დიეტის დამრღვევთათვის, რომელიც
რომ არ გავითვალისწინოთ არაფრით შეიძლება. ეს ცხოვრებაშიც ასეა: რაც ერთხელ ხდება ცხოვრებაში,
მეორედ არასოდეს მეოდება, მაგრამ ორჯერ თავს გადახდენილი აუცილებლად გიმეორდება... უთვალავჯერ.
ზუსტად ასეა დიეტის დამრღვევებისთვის. ჩვენ დიეტას ან
მხოლოდ ერთხელ ვარღვევთ და შემდეგ ''სწორ გზაზე'' ვდგებით, ან ვერასდროს გავჩერდით და ეს დაუსრულებელი ჯაჭვი _ დიეტის დაწყება, მერე დარღვევა, ჯაჭვს
ემსგავსება და აღარც არასდროს გვაძლევს შედეგს.
ჰოდა, ვზივარ ახლა, თქვენთვის ვწერ და სინამდვილეში
საკუთარ თავს ვუჭედავ თავში:
არ დაარღვიო დიეტა!
არ დაარღვიო დადებული ფიცი!
იცოცხლე!
პრინციპში, ეს სამომავლო შეგონებებია და დღეს არავითარი
სასიშროება არ მემუქრება, რადგან დღეისთვის თამუნას თვალებიც მეყოფა. მის თვალებში
მე ურწმუნობა ამოვიკითხე.
ურწმუნობა ჩემდამი და სიმშვიდე. თამუნას სიმშვიდეს ‘’სტიმული’’ და ის აპარატები
უზრუნველჰყოფენ, რომელზეც დაუსრულებლად გესაუბრებით. ჩემმა ექიმმა ისიც იცის,
რომ ექიმისგან პაციენტის ‘’დასჯა’’ არ ეგების. ამიტომაც ჩვენ მხოლოდ ალტერნატიულ დიეტაზე
ვსაუბრობთ.
არ ვიჩქაროთ, ვნახოთ რა მოხდება მომავალში.
რაკი ეს ერთგვარი ‘’რეალითი შოუა,’’ ჩავთვალოთ, რომ გაუთვალისწინებელი
მიზეზების გამო, ფინალი გადაგვედო.
დღეისათვის სულ ეს არის.
Комментариев нет:
Отправить комментарий