კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო... ვიცი მე ეს, მაგრამ
მაინც რომ ვერ ვანებებ ამ ‘’ბჭობას’’ თავს?!
რას გეუბნებოდით გუშინ? ტრანსდერმულ აპარატზე რიგი იდგება
მეთქი ‘’სტიმულში’’? დამცინებდა რა თქმა უნდა ღმერთი... რადგან ადამიანები
ისეთი გონიერები რომ ვიყოთ, რომ ამხელა ჭამა–სმის, არმიის დასაპურებლად საკმარისი საკვების
გადასანსვლის შემდეგ, მანამ, სანამ მომატებული კილოგრამები ცხიმად გარდაიქმნება და ცელულიტად
ჩალაგდება ჩვენი საცოდავი კანის შიგნით, ფიტნესით
ვკავდებოდეთ ან მსუბუქ დიეტაზე მაინც გადავდიოდეთ,
დედამიწიდან სამუდამოდ არ აღიგვებოდნენ მსუქანი ადამიანები?
მოკლედ, გუშინ სრულიად ატკრციალებული მივედი ‘’სტიმულში’’
იქ კი მხოლოდ ის მასხარა დამხვდა, რომელიც მთავარ ფოტოდ გამოვიტანე ბლოგზე.
ეს ის პრიზია, რომელიც ულამაზესი ნაძვის ხის კონკურსში
გამარჯვებულ ჩვენს ექიმს ერგო. მაგრამ ვის ცალია ამისთვის?
გავვოგნდი.
_ თამუ, ხალხი სად არის?
თამუნა მიღიმის და მხრებს იჩეჩავს.
_ თამუ, ყოველ ახალ წელს ასეა?
თამუნა მიღიმის და თავს მიქნევს.
_ თამუ, არ გამაგიჟო ახლა, რა, ‘’სტიმულის’’ პაციენტები
ძველით ახალ წლამდე მთელ დანარჩენ საქართველოსთან ერთად მხოლოდ იქეიფებენ და ასე, მამასისხლად
მიღწეულ შედეგს წყალს გაატანენ?
ისევ ღიმილი... ღიმილი, რომელიც თანხმობის ნიშანია.
არა, კიდევ რაღაცის. ეს ადამიანი მიღიმის და ასხივებს, ბედნიერია!
ოღონდ, მე, მოუზომავი ჭირშიც, ლხინშიც, სიყვარულშიც
და ყოველგვარ წამოწყებაშიც, არაფრით ვანებებ, რომ მშვიდად იყოს.
_ თამუ, რას ვუშავებთ საკუთარ თავს შუა, გაგანია დიეტის
დროს მოწყობილი ღრეობით, ვარჯიშის, მასაჟის მიტოვებით? სიარულისაც კი... ჩვენ ხომ მთელი
სადღესასწაულო დღეების განმავლობაში სუფრას ვუზივართ და ნამდვილად არ ვმოძრაობთ...
რას უშავებენ სტიმულის ‘’შატალოზე წასული’’ პაციენტები საკუთარ ჯანმრთელობას ახლა?
_ შენ რამდენი კილო გაქვს მომატებული, საყვარელო?
‘’საყვარელო’’ თამუნას საყვარელი სიტყვაა, მაგრამ ახლა
მაშინებს ეს სიტყვა. ჩემი სასწორის მიხედვით, ერთი კილოგრამი მაქვს მომატებული, მაგრამ
აქაური რას მეტყვის ვინ იცის...
ვდგები სასწორზე,
დავყურებ...
_ თამუ, მხოლოდ ერთი კილო მაქვს მომატებული!
_ ჰოდა, კარგად მოგიმატია!
_ კარგად?
_ ჰო, მეტიც შეიძლებოდა. ყოჩაღ, თავთან გიბრძოლია. ნაღველი
გაგიღიზიანა ნიგოზმა?
_ არა!
_ შეშუპდი?
_ არა... ცოტათი კი.
_ ყოჩაღ! ეხლა ‘’დაგფუშავთ’. გამოდის ბევრი არაფერი
დაგიკარგავს, მხოლოდ ცოტა მოიმატე... გშია ისევ?
_ არა, რას ამბობ.
_ ჰოდა, ძალიან კარგი. ლიკა, დააწვინე ლიმფოდრენაჟზე!
ლიკამ მონდომებულად, სარდელივით გამახვია პოლიეთილენის
პარკში, ჩამაცვა ''ჩექმები'' და დავწექი. ოღონდ ფიქრები არ მასვენებს. თამუნა მშვიდადაა, პაციენტები არ ჩანან,
მაგრამ მაინც მშვიდადაა.
ექიმი უნდა გამოვსულიყავი. აი, ბატონებო ამქვეყნიური სიმშვიდის მოპოვების
ერთადერთი შანსი. ჯერ წვალობ, რადგან ბევრს და დიდხანს სწავლობ, მერე კიდევ უფრო წვალობ, რადგან ეს ნასწავლი
პრაქტიკაში გადაგაქვს. ხან შეცდომებზე სწავლობ, ხანაც გამარჯვებებზე... მაგრამ რა რისთვის,
რა ღირს ღელვად და რა არ ღირს, ეს მაინც იცი.
სულ ტყუილად არ დავუჯერე დედაჩემს, რომელიც ამისკენ
მიბიძგებდა. მაშინ ეს სიჯიუტე პროტესტმა გამოიწვია _ ძალიან მოდური იყო სამედიცინო
ინსტიტუტში სწავლა... მე კი ინდივიდუალისტი ვიყავი. მეცინება ახლა. რომ დამეჯერებინა ახლა ისიც მეცოდინებოდა თუ რა ზიანს ვაყენებთ ჩვენს
ორგანიზმს დიეტის წამდაუწუმ დარღვევით. ის კი, თუ რა ზიანსაც ვაყენებთ ჩვენს ფსიქიკას
ნამდვილად კარგად ვიცი _ არ მომწონს ეს სინდისის ქენჯნა... ის ჭეშმარიტად ავადმყოფური განცდაა, ამიტომ ვეცდები ეს ყველანაირად ავიცილო
თავიდან.
_ ანუ ბევრი არაფერი დამიშავებია თავისთვის? _ ვუბრუნდებიი
ისევ თემას.
_ ჰო, დაუშავე, გასუქდი! _ ახლა კი არ მიღიმის, შემომცინის
თამუნა, _ ოღონდ შენ უკვე გაჩერდი და ყველაფერი კარგად გექნება... ამ დარღვევას ახლა
ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენებთ. შენი ორგანიზმი დაწყნარებულია, სტრესი დაძლეულია,
აღარ ცდილობს ცხიმი დაზოგოს... ჰოდა, ახლა ახალ ''დარტყმას'' მივაყენებთ. ვისაც დროულად უბრუნდება
გონი, ყველა იოლად გამოძვრებით... დაგვიანებულ ‘’მონანიეებს’’ უფრო გაუჭირდებათ, მაგრამ
მათაც ვუშველი.
_ თამუ, ბლოგის მკითხველი მწერდა, სასწაულები ხომ ხდება
და მეც დავიჯერებ, რომ ბალერინასავით გავხდებიო...
_ დიდი სასწაული ახლა გველოდება წინ, ქრისტეშობა...
გახდომა, სხეულის კორექცია, გაბალერინება კი აქ მეცნიერების დიდი ღვაწლის და თქვენი
და ჩვენი დიდი შრომის შედეგად მიიღწევა.
შემდეგ მე ნამდვილ სასწაულებზე ვფიქრობ და მშვიდად ვარ.
მგონი გადაჭარბებულ ემოციები არას მარგებს. გადაჭარბებულმა ემოციებმა, შესაძლოა აი ამ მასხარას დამამსგავსოს. არა, ჯვარი მწერია, ის ლამაზია და ნატიფი, რადგან ეს მისი მისიაა, ჩემი მისია კი სხვაა. მშვიდად ჩემო მსუქანო თავო, მშვიდად... სიმშვიდე რწმენისგანაა, რწმენა სასწაულია...
მე ხომ მჯერა?
ხვალამდე
Комментариев нет:
Отправить комментарий