вторник, 19 января 2016 г.

სამზარეულოში ჩადენილი დანაშაული


დიეტა დავარღვიე და სასტიკად მცხვენია.

ეს უბედურება გუშინ ღამით შემემთხვა J

მოკლედ, ასე იყო: მე უკვე დასაწოლად ვემზადებოდი და საღამურში გამოწყობილი სამზარეულოში შევედი, რომ მენახა რამე ხომ არ დამრჩა უყურადღებოდ. ‘’ის’’ კი მაგიდაზე იდო. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. სხვათა შორის, ისტორიული ზარი იყო, რადგან სახლის ტელეფონზე რაც მშობლები აღარ მყავს, თითქმის აღარავინ მირეკავს. ჰოდა, ყურმილი ავიღე და იქვე, სამზარეულოში ჩამოვჯექი.
მეზობელი იყო.

რა მნიშვნელობა აქვს რაზე ვისაუბრეთ. მე ვიჯექი და ‘’ის’’ წინ მედო.

ორი სიტყვის შემდეგ ხელი შევახე. 

სამი წინადადების შემდეგ, წავატეხე. 

მეოთხე და მეხუთე წინადადებს შორის პირში ჩავიდე და გადავყლაპე. 

მერე ხელით გავწიე, მაგიდის კუთხისკენ გავაჩოჩე, ვითომც განვედ მეთქი... შემეძლო, ავმდგარიყავი და გამოვსულიყავი, მაგრამ რაღაც უცნაურად ‘’ავად’’ გავირინდე ერთ ადგილზე.

მეზობელი არცთუ სასიამოვნო ამბავს მიყვებოდა. წვრილ–წვრილად, ჩემთვის უინტერესო, ძალიან უხერხული და ჩემი აზრით, ისეთი დეტალებით, რომელიც ჭკუათმყოფელმა ადამიანმა სხვას კი არ უნდა უამბო, სულაც უნდა დამალო და დაივიწყო.

ჰოდა, კიდევ ერთიც წავატეხე.

მერე კიდევ ერთი.

ეს საუბარი აღარც დასრულდა და აღარც დაილია.

არც არავინ გაგვთიშა და არც გონი დამიბრუნდა, სამწუხაროდ.

ჰოდა, არ იფიქროთ, რომ ეს დიეტის დარღვევა ამად ღირდა... მე ხომ მაგიდაზე უპატრონოდ მიტოვებული, ცივი მჭადი გადავსანსლე. ოღონდაც, საოცარი ნეტარებით.

ისევ მეცინება, რადგან შემიძლია ახლაც დავიფიცო, რომ ასეთი გემრიელი საკვები დედამიწაზე არ არსებობს. მაგრამ შეგრძნებები შეგრძნებებად და რეალობაც ხომ არსებობს, ჯანსაღი აზრიც და განსჯა? ჰოდა ზუსტად ვიცი, შუადღისას შებრაწული, მერე გაბლიგვული და გახრიგინებული მჭადი სულაც არ უნდა იყოს დედამიწის ყველაზე სასურველი სასუსნავი...

ის დალოცვილი საუბარი როგორც იქნა დასრულდა. მე კი უკვე ვიცოდი, რომ ცოდვილი ვარ. მაგრამ იმის მაგივრად, რომ სასწრაფოდ დამეტოვებინა დანაშაულის ჩადენის ადგილი და სამხილებიც გამენადგურებინა, ტოსტის პურის ნაჭრებზე სულგუნის ნაჭრები დავალაგე, ქურაში შევალაგე და მაცივარს მივადექი რევიზიისთვის.

არ ვიცი ეს რა მოვლენაა, მაგრამ როდესაც დიეტას ვარღვევ, ამას არასდროს ვაკეთებ წესიერი, ადამიანური, ამ დროს ოდნავ მაინც დასაშვები პროდუქტებით. ამ შემთხვევაშიც ასე გავაკეთე. არც ხორციანი კერძი მომინდა, არც ვინიგრედი, არც ხაჭო, მაწონი ან სხვა რამ. მართალია, ეს პროდუქტებიც არ შეიძლებოდა რომ მეჭამა, მკაცრად გაწერილი დიეტის პირობებში, მაგრამ იმას რაც შემდეგ გავაკეთე, ნამდვილად ჯობდა... მაცივრიდან ყველაზე მაღალი ცხიმის შემცველობის ნაღების კარაქი და ქლიავის ჯემი გამოვიღე და ჩაიც ჩამოვისხი.

ე.ი. ძალან საინტერესოდ ‘’ვიქეიფე’’. უზარმაზარ ჩაის ჭიქაში სამი კოვზი შაქარიც ჩავიყარე და ჯერ პურში ჩამდნარი ყველი მივირთვი, შემდეგ ''ჯერ მწარეს და შემდეგ ტკბილის'' პრინციპით, ჯემიანი ორი ტოსტიც მივაყოლე... წამოვფრინდი, პირდაპირ მაცივარშივე მოვხსენი ქილას თავი და თითების ჩაყოფის მეთოდით ამოვაძვრინე იქიდან მოზრდილი მჟავე კიტრი... ხო, ეს რა შუაში იყო არ ვიცი, მაგრამ ეს დღეები სულ გული მწყდებოდა როცა ვუყურებდი... ჰოდა მერე ისევ ყველიანი ტოსტებით დავამთავრე.

და როგორ ფიქრობთ, ამას რომ ჩაიდენს დიეტაზე მყოფი ადამიანი, რა უნდა დაემართოს?

მე ვფიქრობ, რომ ასეთ დროს სამართლიანი იქნება, თუკი მიწა გაგისკდება ფეხქვეშ, მაგრამ ასე არ მოხდა და მეც სრულიად უსინდისოდ და ტკბილად დავიძინე.

სხვათა შორის, ხშირად გამოგონია წესიერი ადამიანებისგან, რომ ძილის წინ არასოდეს მიირთმევენ, რადგან შემდეგ, მოსვენებით ვერ სძინავთ. მე კი პირიქით ვარ. მშიერი ვერ ვიძინებ. მეტიც, საკვები ჩემზე ძილის წამალივით მოქმედებს... ჰოდა, მშვენივრად გამოვიძინე, მაგრამ დილა ძალიან მძიმე იყო.

დილით ‘’პახმელიაზე’’ ვიყავი. პურის, ყველისა და ჯემის, თვითგვემის ''პახმელიაზე''. მაინც ვაიძულე თავი და ორი დიდი ჭიქა ცივი წყალი დავლიე.

მერე დიდხანს ვემზადებოდი და როგორღაც, რაღაც ძალის წყალობით, სახლიდანაც გავეტიე.

‘’სტიმულში’’ მისვლამდე აუცილებლად სადმე უნდა შემევლო, რატომღაც მეგონა, რომ თუ პირდაპირ მივიდოდი ‘’ცოდვის ადგილიდან’’ იქ, ყველა მიხვდებოდა რაც ჩავიდინე.
ჰოდა, საბურთალოს მაღაზიები შემოვიარე.

ტანსაცმლის მაღაზიებში სიარული კი განსაწმენდელი არ აღმოჩნდა J

სხვათა შორის, სხვა დროს, მშვიდი სინდისის პირობებში, ტანსაცმლის მაღაზიებში ‘’მოგზაურობა’’ ძალიან კარგად მმუხტავს.  ოღონდ ახლა ასე არ მოხდა. ფერად–ფერად კაბებს შორის ძალიან უინტერესოდ ვიარე და ბოლოს, სხვა გზა რომ აღარ იყო, ‘’სტიმულისკენ’’ წავბრძანდი.

დამიჯერეთ, რომ ერთხელ დიეტის დარღვევას მხოლოდ თქვენი ორგანიზმი ამჩნევს... ამიტომაც, მე რომ მეგონა, რომ გოგოები გამკიცხავდნენ შევიდოდი თუ არა საყვარელ ‘’სტიმულში’’, მსგავსი არაფერი მომხდარა.

ნეტავ გავეკიცხე ვინმეს, ეგება და უკეთ მეგრძნო თავი, რადგან სინდისის ქენჯნა კიდევ უფრო გამიღრმავდა, როდესაც მარიამი ჩემსკენ დაიხარა და ტრანსდერმული პროცედურა დაიწყო.

მთელი ორმოცი წუთის განმავლობაში არ გაუჩერებია ხელი მარიამ ჭურჭელაურს... ნეტა იცოდეთ, როგორი კარგი, ლამაზი, კეთილგანწყობილი, განათლებული, საღი ადამიანია...  ჰოდა, არასდროს, არც ერთხელ რომ არ მიფიქრია პროცედურების დროს, რომ ამით ვინმეს ვაწვალებ მეთქი, ახლა ასე დავიწყე ფიქრი.

დიახ, ასეა, ჩემი ეს უაზრო ‘’ღამის ქეიფი’’, ნამდვილად ღალატი და ზედმეტი წვალება იყო გოგოებისთვის. ჩვენ ხომ ჩემი ბლოგის გადამკიდე, კიდევ უფრო შეკრული გუნდი ვართ, ვიდრე შეიძლება რომ წარმოიდგინოთ... მე კი უკან დავიხიე მთელი ხუთი ნაბიჯით.

სწორედ ასე მითხრა თამუნამ ამასწინათ. დიეტის ერთი დარღვევა, ხუთდღიან წონის შეჩერებას იწვევსო...

მარიამმა ბოლოს ‘’უთოც’’ ''გადამატარა'' და ახლა ლიკას ხელში გადავინაცვლე.

ლიკა რომ ჩემი კუმირია, იცით. ეს ადამიანი არასდროს მინახავს მოწყენილი, უხასიათოდ, მოუწესრიგებელი ან უმოქმედო... ჰოდა, ჯერ ანტიცელულიტური კრემი წამისვა ლიკა იდუკაშვილმა, მერე კი კარგად, მონდომებით გამახვია ჯერ ცელოფანში, შემდეგ კი ‘’ჩექმები’’ ამომაცვა. თქვენ წესით უკვე იცით, რომ ტრანსდერმული პროცედურის შემდეგ ყოველთვის ერთი და იმავე პროცედურას ვიკეთებთ, ლიმფოდრენაჟს. ამის შესახებ თავიდანვე ვწერდი, თუ გაინტერესებთ აქ შეგიძლიათ ნახოთ .

ლიმფოდრენაჟის შემდეგ, ლიკამ ისევ მომხსნა ყველაფერი რაც ამ პროცედურისთვის მჭირდებოდა და 15 წუთით ვაკუსტაილერში შევწექი...

ამ პროცედურებმა გუშინდელი''მძიმე ღამე'' გააუვნებელჰყვეს, მაგრამ ჩემს სინდისს ვერაფერი უშველეს.

მართალი ყოფილა თამუნა, მსუქანს იგივე ფსიქოლოგიური ფაქტორები მართავს, რაც ნარკომანს, მაგრამ მე არ ვაპირებ ამ ფაქტს ქედი წავუხარო...

უკვე საღამოა. მე დღეს დიეტის ყველა მოთხოვნა შევასრულე და არც მარიამის და ლიკას წინაშე აღარ ვგრძნობ თავს ისე დამნაშავედ.

ოღონდ არ ვიცი რას მეტყვის თამუნა, როდესაც ამ ჩემს ჩანაწერს წაიკითხავს და ხვალ სტიმულში მნახავს.

დღეს თქვენიც მერიდება... იმედია, არ მომბაძავთ და ის, რაც წვრილ–წვრილად აღგიწერეთ, მხოლოდ გაგაძლიერებთ!


შევხვდებით... 

Комментариев нет:

Отправить комментарий