четверг, 14 января 2016 г.

ახალი, ძველი გეგმები


დროა დავასრულო ''შეგონებებ''  თემაზე _შეგვეწყვიტოთ ზეიმი ჭამის თანხლებით.   
პრინციპში ამას საკუთარი თავის გასაგონად უფრო ვწერდი, იმ ჩემნაირების გასაგონად, რომლებმაც ''სტიმულის'' ფეისბუქის გვერდზე დაწერეს, რომ სადღესასწაულო დღეების მიუხედავადაც დაიკლეს წონაში 1–2 კგ. გამახარა ძალიან ამ კომენტარებმა, რადგან მარტოსულად აღარ ვგრძნობ თავს. კარგი განცდაა, როდესაც საკუთარი თავის და შენი ექიმის გარდა, ვიღაც კიდევ იზიარებს შენს შემართებას. და ის, შენნაირი, აქვე, შენი ქუჩის გადაღმა თუ ქალაქის მეორე ნახევარში, ან სულაც ოკეანის მეორე მხარეს, გოზინაყის, საცივისა თუ ხაჭაპურის ორკვირიან, წართმით ჭამაზე უარს აცხადებს, სილამაზის და ჯანმრთელობის სახელით.

არადა, რთულია... ვაღიარებ!

ასეა თუ ისე, სადღესასწაულო დღეები გადავაგორეთ და ახალი, 2016 წლის სამუშაო რეჟიმიც ნელ–ნელა ძალაში შედის.

14 იანვარი ''სტიმულში''დასვენების დღე იყო. თამუნა თვლის, რომ რაკი საახალწლო ორომტრიალი ''სტიქიური,'' მსოფლიო რანგის მოვლენაა, ამ ორკვირიან ''განსაცდელს'' გაგებით, ღიმილით, ხალისით უნდა მოეკიდოს და მეც ამისკენ მომიწოდებს. მარწმუნებს, რომ ადამიანები ამ პერიოდისგან მიღებული პოზიტივით იმდენად იმუხტებიან, რომ არ ღირს მათგან დინების საწინააღმდეგო მიმართულებით სიარულის მოთხოვნა და მათი შეჭმული და შესმული კალორიების თვლა.  მის ამ შემრიგებლურ განწყობას ის არგუმენტიც ამყარებს, რომ 7 იანვარს მარხვა მთავრდება. ის კი, სხვა წესიერი მართლმადიდებელი ქრისტიანების მსგავსად, ყოველთვის მარხულობს და 14 იანვარიც ყოველთვის დასვენების დღედ აქვს გამოცხადებული. ჰოდა, ვიფიქრე, ვიფიქრე და მაინც სხვა გზა ავირჩიე. აი ეს გზა.





ეს გზა, პოლიტიკური ასოციაციებით დატვირთულ სოლოლაკშია და მას ქართლის დედამდე ავყავართ. მე კი ძალა მომცა და ტვინიც გამიხსნა :)

ძალიან ვჩქარობ... ვჩქარობ ვიზეიმო გამარჯვება და ამის გამო, შეცდომებს ვუშვებ.

პირველი შეცდომა ის იყო, რომ სწრაფი შედეგის მისაღწევად განტვირთვის დღეები გავაკეთე და წონა გავიჩერე.

მეორე შეცდომა კი ის, რომ ახალი წელი შევიძულე. 

ეს აღიარება იმას მაინც არ ნიშნავს, რომ ვინმეს ვურჩიო, რომ დღესასწაულებზე დიეტა მიატოვოს. მაგრამ შეძულება ნამდვილად ზედმეტი იყო :)

თუმცა ამას მიზეზიც აქვს.

განსაკუთრებულად ჭარბი წონის დაკლებას განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება.

სწორად დაგეგმილი დიეტა,

ვარჯიში, რომელსაც ''სტიმულის'' პირობებში პროცედურები ცვლის,

სულიერი წონასწორობა, რომელსაც ნებისმიერი მძაფრი ემოცია ანგრევს _
მხიარულებაც და მწუხარებაც.

და სიდინჯე. მე კი ფიცხი ვარ და ყველაფერი, რაც ხვალ, ზეგ, მომავალ წელს ''მეკუთვნის'' დღესვე მინდა მივიღო.

მაგრამ აღარ ვიჩქარებ. თამუნა გამუდმებით მიმეორებს, რომ ჩვენ არსად გვეჩქარება. რომ მთავარია ჩემს ორგანიზმში დაწყებული პროცესები გეგმის მიხედვით წარიმართოს და არა ჩემი სურვილების მიხედვით...

ჰოდა, სწორედ ამას გავაკეთებ 15 იანვრიდან.

ვაშა! ჩემი ორკვირიანი, ნაწყვეტ–ნაწყვეტი, ზეიმსა და ქეიფს, დასვენების დღეებსა და სიზარმაცეს გამოგლეჯილი მკურნალობა ჩვეულ, სასურველ, უკვე ოცნებად ქცეულ კალაპოტში ჩადგება.

მათ კი ვისაც ამ ახალმა წელმა ტარაბუა ჩემსავით დახვია ვურჩევ: მთლად სოლოლაკის ქედზე თუ არ აბობღდებით ჩემსავით, ქუჩებში მაინც გაისეირნეთ. ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და დავიწყოთ!

შევხვდებით ისევ

























Комментариев нет:

Отправить комментарий