пятница, 8 января 2016 г.

შევწყვიტოთ ზეიმი ჭამის თანხლებით!



ამ უსაყვარლეს ფოტოს, რომელიც ჩემმა თამუნა ექიმმა მომაწოდა თავისი არქივიდან, კარგა ხანია ვამზადებ გამოსამზეურებლად, მაგრამ არაფრით დამიდგა დღე, როდესაც მისი თანხლებით შემიძლია ხმამაღლა მოგიწოდოთ: გვეყო ქალებო ზეიმი ჭამის თანხლებით! ეს ყველაფერი ხომ უკვე მრავალჯერ შევჭამეთ და შევსვით, ახლა ლამაზად ცხოვრების დროა !

როგორი ლოზუნგია? J

სხვათა შორის, არ მინდა იფიქროთ, რომ მომშივდა და ვქვითინებ.

მაგრამ როგორც ჭეჭმარიტ მოდიეტეს, თქვენი ''დამოძღვრა'' მომინდა!

თქვენი ნებაა დამიჯერებთ თუ არა.

ეს თავისუფალი ადამიანის ნებაა _ მსუქნისაც მათ შორის.J

დიახ, ჩვენც ადამიანები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ მე სრულიად დამაკნინებელი ზედმეტსახელი შევირქვი. ამას ‘’მსუქანში’’ ‘’გაპარული’’ პოლიტიკური ‘’ნამცეცები’’ თუ ‘’ნამსხვრევებიც’’ ადასტურებს. ეს იმისი ნათელი გამოვლინებაცაა, რომ რაკი მე ქართველი ვარ, მაშასადამე მე პოლიტიკურად აქტიური ადამიანიც გახლავართ.
ამ ქვეყანაში ხომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ და რატომ აიღე ხელში საწერად კალამი,
არც იმასა აქვს მნიშვნელობა რითი ხარ დაკავებული, როგორი განათლება გაქვს მიღებული, რომელ სფეროში გაქვს უფლება შენი კომპეტენტური აზრი ამოთქვა.
ჩვენ ყველანი, ბედკრული ქართველები, ბრძენთა–ბრძენი პოლიტიკოსები ვართ.
ამის დასტურია ჩვენი პოლიტიკური პალიტრაც.
ყველას ყველაფრის უფლება აქვს.
ამიტომაც, ხშირ–ხშირად ვიყურები ზეცაში, თავზე ხომ არ დამექცა მეთქი ეს ნაომარი, ნაფლეთებად ქცეული და შიმშილობის ზღვარზე უკვე მერამდენედ მდგარი ჩემი ქვეყნის ზეცა.

ჰოდა, ავხედე შობის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე ზეცას და ის, ყველაზე ტრაგიკული დღეები მომაგონდა, ჩვენ, ქართველები ერთმანეთს რომ ვხოცავდით. ამიტომაც მოგილოცეთ ჩვენი ჩაქოლილი პრეზიდენტის ლექსით, რომელიც არავინ შეიმჩნიეთ.

ოღონდაც ეს მხოლოდ ''ჭურვიდან ასხლეტილი ნამცეცებია'' და არა თავად ''ჭურვი''. ჩემი საქმე ახლა გახდომაა, თქვენი კი იმის გააზრება, რამდენდ მართალი ვარ, როცა ამას ვაკეთებ, ვწერ ან თქვენ გთავაზობთ მომბაძოთ.

საბედნიეროდ, მგონი ყველამ ვიცით, რომ რაც ფურცელზე წერია, ყველაფერი ჭეშმარიტება არ არის.

საბედნიეროდ სიმსუქნე აზროვნებას არ ბინდავს J

პირიქითაცაა, განსაკუთრებულად დიდი და ჭარბი წონა ხორცს თრგუნავს და აზროვნებას აღაზევებს ( არადა, პირიქით ამტკიცებენ. მე კი როდესაც ვსუქდები, ისიც კი არ მახსოვს რომელი სქესისა ვარ).

ან ეს სადავოა.. ჰოოო, ''გავიჭედე''!!! როცა ამ სიტყვებს ვწერდი,  ის გოგო მომაგონდა, რომელიც ბავშვობაში გავიცანი და არსოდეს დამავიწყდება. ნატალია... მაშინ ის 263 კილო იყო. 21 წლისა. დედამისი ტიროდა ხოლმე როცა აჭმევდა... როგორც ჩანს, საკუთარ თავს ადანაშაულებდა შვილის ამ მდგომარეობამდე მიყვანაში. ან, რა ვიცი, ბედს, განგებას, საკუთარ გარემოს, ან სხვა ვინმეს. ტიროდა კი...  ნატალიას კვების განსაკუთრებული წესები ჰქონდა თავისთვის შემუშავებული, მთავარი კი ამ ამბავში ის იყო, რომ დიდხანს, ხანგრძლივად უნდა ეჭამა ანუ კვების პროცესი ძალიან გრძელი უნდა ყოფილიყო. ეს მას, როგორც ჩანს,  სიმშვიდისთვის სჭირდებოდა. 10–15 წუთიანი კვების პროცესი მას ვერ აკმაყოფილებდა. მთავარი სწორედ ეს ხანგრძლივობა იყო _ დიდი, გრძელი სიამოვნება, რომელსაც ის ამიგან იღებდა.

ჩვენ ერთად ვისვენებდით კურორტზე, აქვე, საქართველოში. გვერდი–გვერდ ვცხოვრობდით და ჩემი დედიკო ძალიან ბევრს, საათობით ელაპარაკებოდა ხოლმე დედამისს, რომელსაც ეს როგორც თავად ის ქალბატონი ამბობდა, ძალიან სჭირდებოდა.

მე მაშინ, ყველა თინეიჯერის მსგავსად, საკმაოდ ზედაპირული და საკუთარ თავზე ორიენტირებული ადამიანი ვიყავი, ამიტომაც ბევრ, ძალიან ბევრ პრობლემას ‘’გავატარებდი’’ ხოლმე ჩემი ტვინის გავლის გარეშე, მაგრამ ნატალის ვერ ვაიგნორებდი.

ჩვენ ერთად ვისხედით მოპირდაპირე მაგიდებთან და ვსადილობდით, ან ვვახშმობდით ერთი და იმავე საკვებით,  მაგრამ მის წინ, მაგიდაზე დადგმული სავსე თეფში ერთი ციდა და ცარიელი ჩანდა, მის საკმაოდ ლამაზ ტუჩებთან მიტანილი ლუკმა კი საკვებად კი არა, ნეტარებად აღიქმებოდა უცხო თვალიდანაც კი. არადა, ორივენი ხორციან მაკარონს გეახლებოდით... 

მე ვიჯექი და ვუყურებდი. სკამზე კი არ იჯდა, გაფუებული ცომივით გადმოსული იდო. ფუმფულა, თეთრი მოკლე თითებით, რომელზეც კაცივით ჰქონდა ბეწვი წამოზრდილი ( ენდოკრინული დარღვევების გამო, ალბათ) ლამაზად ეჭირა ხოლმე დანა–ჩანგალი. თუ რამე დასაჭრელი იყო, ჯერ აუცილებლად პატარ–პატარა ლუკმებად ანაწილებდა, მერე კოხტად წამოაცმევდა ხოლმე ჩანგალზე და პირისკენაც რუდუნებით მიჰქონდა. დედა მტუქსავდა ხოლმე, ნუ უყურებო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, უნდა მეყურებინა, როგორ ელოდა მისი ბაგე ამ ლუკმას. ჯერ  ქვედა ტუჩს შეახებდა მსუბუქად, მერე წამში, ენას შეაგებებდა და ძალიან ნელა, ფრთხილად დაიდებდა ლუკმას პირში კი არა, ენაზე. არა, მე ასეთი ჭამა აღარასროს მინახავს... როგორ იღლებოდა... წითლდებოდა, ხვნეშოდა, ოფლი სდიოდა, სახეს იმშრალებდა, მერე ისევ საკვებს უბრუნდებოდა... მისი ერთი ნაჭერი პური ერთი დიდი პური იყო, მისი ერთი ყლუპი წყალი ერთი ბოთლი წყალი. მხოლოდ, ლუკმები იყო პატარები. პატარა, აი ძველი, ქართველი, ჩიხტიკოპწაკრული ქალბატონების ფოტოებზე რომ მინახავს, ისეთ პირში ნაზად, მოფერებით ჩალაგებული პატარა ლუკმები...

 ჰოდა, ეს ამდენი რატომ ვილაპარაკე და... მე იქ მაშინ არც სული შემიმჩნევია და არც ტვინი... ღმერთო მაპატიე, ეგება და როგორი ქალი დადგა ის გოგო. იქნებ გახდა, ჯანმრთელობა მოიწესრიგა, ეგებ შეძლო და სიცოცხლე გააგრძელა?.. არაფერი ვიცი, ვერ ვიქნები კატეგორიული.

კატეგორიული მხოლოდ იმაში ვარ რაც ვიცი. მე მსუქანი მხოლოდ გარედან ვარ. ისე, ერთი ჩვეულებრივი, სუსტი, კიდევ უფრო მეტიც, ნაზი არსება ვარ... დიახ, ყვავილივით, რომელსაც მორწყვა, მოფერება, მოვლა სჭირდება, არადა ჩემი ეს ოხერი გარეგნობა ყველას საპირისპიროდ განაწყობს. ყველას, ოჯახის წევრების გარდა... რომლებიც ძალიან კარგად მიცნობენ.

მაგრამ როგორ უნდა გააცნო შენი თავი დანარჩენ სამყაროს ისეთად, როგორიც ხარ?
ან რატომ ხდება, რომ ყოველთვის როდესაც ჩემი წონა სასურველ ნიშნულს აღწევს, ადამიანები მეტს მპატიობენ, მეტად მინდობენ. განა ეს სწორია?

ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ ხოლმე, რომ ეს ჩემი განწყობაც, რომელიც ჩვენმა არაჯანსარმა გარემომ გამოიწვია, ანომალიურია, მაგრამ მე არ მინდა დინების საწინააღმდეგოდ სიარული _ ამ ასპექტში არ მსურს, რადგან ამ ჩემს მოსაზრებებს, ამ ჩემს განწყობას იმისი ცოდნაც ამაგრებს, რომ სიმსუქნე დაავადებაა.

როგორ მაინტერესებს როგორ არის ნატალია... არის კი?

იმედი დავიტოვოთ რომ არის, რადგან ძალიან კარგი დედა ჰყავდა და ის ქალბატონი ნამდვილად იბრძოდა.

მაგრამ დანარჩენებმა, რომლებსაც იქნებ აღარც დედები გვყავს და ჩვენი თავის პატრონებად მოვიაზრებით, მთელ ჩვენს არე–მარეს იქით ვპატრონობთ, გავაცნობიეროთ როგორი სიცოცხლე გვსურს.


და ვისაც ეს ლოზუნგი ჭკუასთან ახლოს ეჩვენება _ შევწყვიტოთ ზეიმი ჭამის თანხლებით!

ხვალამდე!

P.S. ჩემი ბლოგი მეორე თვეა რაც არსებობს. ახალი შემოერთებულები იბნევიან ხოლმე, ამიტომ მათ გასაგონად ვამბობ, ვლოგის დასაწყისი ბოლოშია!  ამ ფოტოს ხელმარჯვნივ იპოვით საძიებელს. არ უნდა დაილოცოს წიგნი?! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий