понедельник, 14 марта 2016 г.

თვითგვემა დიეტურად


ფეისბუქის გვერდზე, სადაც თქვენც შეგიძლიათ, რომ დამიმეგობრდეთ, მკაცრად გასაიდუმლოებული ჯგუფი შევქმენით. J

და ამ ‘’მკაცრ საიდუმლოს’’ ამ წუთისთვის უკვე 205 ადამიანი ‘’ვინახავთ’’.

დიახ, სწორედ ამდენი ადამიანია გაწევრიანებული ჯგუფში, რომელსაც არცთუ ორიგინალური, მაგრამ საკმაოდ დამაფიქრებელი სახელი ჰქვია: ‘’ღირსეული სიცოცხლე’’.

ჰოდა, ჩვენ, რაკი ერთი საერთო პრობლემის ფრთის ქვეშ გავერთიანდით ( ან უფრო სწორედ, პრობლემასთან საბროლველად) დაუფარავად ვუმხელთ ერთმანეთს საკუთარ განცდებსა და ოცნებებს.

ამ ოცნებებში კი სიმსუქნის, როგორც დაავადების, ყველა პლასტი იკვეთება, მათ შორის, სინანულიც.

სინანულზე მინდა სწორედ დღეს საუბარი.

იცოდით, რომ სიმსუქნის კლინიკური სურათიდან ერთ-ერთი სწორედ ეს, ფსიქოლოგიური ფაქტორია? _ თვითგვემაში გადასულ სინანული.

არასრულფასოვნების კომპლექსი გვაქვს და თავს იმიტომ ვიგვემთ, რომ ღვთის სამსჯავროზე წარდგომის გვეშინია?

არა, ეს არასდროს არ არის მიზეზი, თორემ კიდევ შესაძლებელი იქნებოდა ამისი გაგება. მაგრამ ჩვენ ხომ თავს იმიტომ ვიგვემთ, რომ იმდენად ამბიციურები ვართ, ისე ძალიან მოგვწონს ჩვენი შინაგანი მე, რომ ვთვლით, მის გარეგნულ განსახიერებას, _ ჩვენს მუცელს, ჩვენს მკლავებს, სხეულს არ ძალუძთ ამ სილამაზის გადმოცემა.

თავს იმიტომ ვიგვემთ, რომ ამქვეყნიური ცხოვრება გვინდა. სრული, სისხლსავსე, ბედნიერი, სადაც იქნება ამ ავადსახსენებელი კამერების გარეშე სექსიც და ბევრი სიყვარულიც. იდეალური, ისეთი როგორსაც მხოლოდ ფილმებში აჩვენებენ.

და ხალხო, კარგია რომ ეს გვინდა, მაგრამ არა იმ ფასად, თვითგვემის ფასად, როგორც გვინდა, რომ მივიღოთ, რადგან ჩვენ ასეთ ბრძოლაში ხელები გვაქვს შეკრული.

ყველაზე დიდ ქრისტიანად არ მინდა, რომ მოგაჩვენოთ თავი, მაგრამ უფალს მსუქნებიც ვუყვარვართ. ეგებ კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ტანკენარნი, რადგან ჩვენი ყველაზე დიდი ცოდვა ნაყროვანებაა, მაგრამ ჩვენ ხომ ამქვეყნიურ ბედნიერებაზე ვლაპარაკობთ?

სიმსუქნე, როგორც დაავადება, მადლობა ღმერთს, არ გახლავთ ფსიქიატრიის განხილვის საგანი, მაგრამ მედიკოსების თქმით, მას შეიძლება ახლდეს ფსიქოლოგური და სომატური გართულებები. მეტიც, ფსიქიატრიაში კვებით აშლილობებს განმარტავენ, როგორც კვების პატერნების დარღვევას, რომელიც განპირობებულია ადამიანის საკუთარ წონასთან და სხეულთან დამოკიდებულებით.

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ კვებითი აშლილობების ურთულეს ფორმებზე,




















 მაგრამ რა ვუყოთ სიმსუქნეს, რომელიც ისევ ვიმეორებ, რომ არ ითვლება ფსიქიკურ აშლილობად, მაგრამ მასთან ბრძოლაში უდიდესი როლი აქვს ფსიქოლოგის, ნევროლოგის ხელს?

ბუნებრივიცაა რომ ეს ასეა, რადგან სწორედ ფსიქოლოგის და ნევროლოგის დახმარებას მოითხოვს განწყობა, რომელიც ჩვენ ბაგეთაგან წარმოთქმისას, ასე ჟღერს:

გამიხმა პირი!

არ მეღირსოს ბედნიერება თუ ისევ შევჭამ!

უნებისყოფო და უთავმოყვარეო ქალი ვარ!

უპრინციპო ძროხა ვარ!

საქონელივით გავიყორე!

... საკმარისია?

გეცნოთ ეს ფრაზეოლოგია?

თუკი ამ განცდებისა და ‘’მსუქნური ფიქრების’’ მატარებელ ადამიანებს ერთ დიდ, გაშლილ მოედანზე შევკრებთ და მათ ამ ფრაზების ამოსათქმელად მიკროფონებს ჩამოვურიგებთ, წარმოიდგინეთ რა მოხდება ზეცაში... განა ეს არ იქნება თვითგვემის მასობრივი რიტუალის ყველაზე ამაზრზენი მაგალითი? განა ის არ გადააჭარბებს სიმძიმით  მუსლიმური თვითგვემის რიტუალს აშურას დღესასწაულზე?

ან, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მიდიხართ დიეტოლოგთან, რომელიც გეუბნებათ, რომ თქვენ ერთი უთავმოყვარეო ადამიანი ხართ, რომელსაც საერთოდ არ აქვს ნებისყოფა... 

გიშველით მისი დანიშნული მკურნალობა? ან მეორედ კიდევ მოინდომებთ მასთან ვიზიტზე მისვლას?

მაშინ რატომ, ან როგორ უნდა ვუშველოთ საკუთარ თავს, როდესაც ასეთი და კიდევ უფრო უარესი ფიქრები ტრიალებს ჩვენს თავში?

ან როგორ უნდა შეგვიყვარონ ადამიანებმა, როდესაც ვთვლით, რომ ქონის ტომრები ვართ, უშნო, უფორმო, უთავმოყვარეო ტომრები?

შეიყვარე შენი თავი! აი, მთავარი მესიჯი, რომელსაც ნებისმიერი კარგი ფსიქოლოგი თქვენი მკურნალობის მთავარ ლაიტმოტივად გამოიყენებს.

შეიყვარე შენი თავი, იქნება ‘’დაბეჭდილი’’ იმ წამლის შეფუთვაზეც, რომელსაც ნევროლოგი გამოგიწერთ თქვენი დაჭიმული ნერვების მოსადუნებლად და დასამშვიდებლად.

როგორი ლამაზი ფორმები გაქვს? გვეუბნება თამუნა იდუკაშვილი როდესაც ‘’სტიმულის’’ პროცედურებისთვის ერთმანეთის და ექიმების დასანახად ვშიშვლდებით და ის, ამ დროს, არასდროს იტყუება, რადგან თამუნა ჩვენი წონის, მოშვებული კანის, ცელულიტაყრილი სხეულის იქით, არასწორი ცხოვრებით, ზედმეტი კალორიებით და ნერვიულბით ფორმადაკარგულ ჩვენს ნამდვილ ფორმებს, სხეულს, ადამიანს ხედავს.

აჰა, გავითათხე თავიც და ჩემთან ერთად ბევრი თქვენგანიც მივაყოლე ( იმედია ყველა არა), მაგრამ საშველი?

როგორ ვუწამლოთ ასეთ დროს თავს?

ყველაზე საუკეთესო წამალი ნევროლოგიაში საკუთარი თავის ხელში აყვანაა, მაპატიეთ, მაგრამ ვიხმარ ამ სიტყვას, დაკიდება, დაკიდებაა ის წამალი, რომელსაც ყველა კარგი და პატიოსანი ნევროლოგი პირველ რიგში ''გამოგიწერთ'', მაგრამ თუ მაინც ვერ აგყავთ ესოდენ დამძიმებული თავი ხელში და ვერაფრით იკიდებთ იმას, რომ თქვენი შემდგომი ცხოვრების 5 თვე ან სულაც ერთი სრული წელიწადი, დიეტასა და ჯანმრთელი ცხოვრების წესს აუღელვებლად უნდა მიუძღვნათ?

ასეთი ადამიანებისთვის მედიკამენტოზური მკურნალობა არსებობს, მაგრამ აქ ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი:

ჩვენი რეალობიდან გამომდინარე _ ექიმის პროფესიონალიზმი და ის შედეგები, რომლითაც ჩვენს შთამომავლობას ჩვენი გადაყლაპული ტაბლეტებით ‘’ვაჯილდოვებთ’’.

ვგულისხმობ იმას, რომ უკვე დადასტურებული ფაქტია, ისეთი კვებითი აშლილობები, როგორიც არის ბულემია და ანორექსია ხშირად ვლინდება იმ პაციენტებთან, რომელთა მშობლებიც ანტიდეპრესიულ, მედიკამენტოზურ მკურნალობას გადიოდნენ.

ფსიქიატრიის ეს ნიშა, კვებითი აშლილობები, შედარებით ახალია, რაკი მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე ასეთი გამოცდილება არ არსებობდა, მაგრამ კიდევ რას იტყვის მედიცინა ამ კუთხით, ჩვენ ჯერ არ ვიცით.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რაც აქ ვთქვით, თუ თავიდან მსგავს ფიქრებს, განცდებს ვერ ვიშორებთ და დაუსრულებელი თვითგვემის რეჟიმში ვიმყოფებით, აუცილებლად უნდა მივაკითხოთ ნევროლოგს და ფსიქოლოგს. ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ამ განცდების, დარდების და წონის საბოლოოდ დამარცხება გვინდა! 

სიცოცხლე გვინდა! 

ცხვირი მაღლა ჩემო მკითხველო!

დაიკიდეთ, დაიკიდეთ, დაიკიდეთ!!!

შევხვდებით.






пятница, 4 марта 2016 г.

როგორ ვებრძოლოთ ფეხმძიმობით გამოწვეულ სიმსუქნეს



მსუქანის ფეისბუქის გვერდმა თვალნათლივ დამანახა, რომ ჩემი აუდიტორიის უდიდესი ნაწილს, ახალგაზრდა ქალბატონები წარმოადგენენ, რაც ძალიან სასიამოვნოა. მახარებს როდესაც თქვენი შვილების ფოტოებს ვათვალიერებ და ვიცი, რომ ამ არაჩვეულებრივი ბავშვების დედიკოებს გააზრებული გაქვთ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობა თქვენი პატარებისთვის, გააზრებუალი გაქვთ, რომ დედობას ბევრი ფიზიკური და მორალური ვალდებულებები ახლავს.

შვილი ერთადერთი არსებაა ამქვეყნად, რომლისთვისაც ჩვენ ყოველთვის ულმაზესები ვართ, მაგრამ რაღაც პერიოდში, როდესაც ბავშვები იზრდებიან და გონიერებაც ემატებათ, მათ აუცილებლად ვუჩენთ სადარდებელს ჩვენი სიმსუქნით, ჩვენი ავადმყოფობით, ჩვენი უუნარობით, მოვიგვაროთ ჯანმრთელობის პრობლემები. არადა ისედაც სტრესულ, რთულ სამყაროში დაბადებულ ამ ბავშვებს, ნამდვილად არ სჭირდებათ დამატებითი დარდი. რომ იცოდეთ როგორ დარდობდნენ ჩემი შვილები, როდესაც ას კილოგრამს მივაღწიე. როგორ მამხნევებდნენ, როგორ მაქეზებდნენ იმისთვის, რომ ძალა მომეკრიბა და აი ეს ბრძოლა წამომეწყო. და როგორი ბედნიერი იყო  ჩემი ვაჟი, როდესაც ორთვიანი განშორების შემდეგ სახლში გამხდარი, გაახალგაზრდავებული და ხალისიანი დავხვდი.
ჩვენი ჭეშმარიტი გულშემატკივრები ამ მხარდაჭერითაც შეგვიძლია ამოვიცნოთ...

ძალიან მნიშვნელოვანია რეალობის აღქმა.
ძალიან მნიშვნელოვანია თავი არ მოიტყუო და პრობლემის გასაიოლებლად ის’’პატიების საბურველით’’ არ დაფარო. ასეთი ‘’საბურველი’’ კი ყველაზე ხშირად ჩვენი ფეხმძიმობაა.

ბავშვი გავაჩინე და ამიტომ გავსუქდი, მიზეზი, რომელიც ნამდვილად რეალურია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც არ არის განაჩენი.

რატომ ვსუქდებით ფეხმძიმობის დროს?

ეს პრობლემა განსაკუთრებით იმ ქალებს ემუქრებათ, რომლებიც ფეხმძიმობამდეც ებრძოდნენ ამა თუ იმ მიზეზით გამოწვეულ ჭარბ წონას და მათაც, რომლებიც არასოდეს ყოფილან მსუქნები, მაგრამ მათი გენეტიკური განწყობა, ამ მხრივ, საიმედო არ არის.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ პერიოდში გასუქების საშიშროების წინ 100 დან 50 ქალი დგება.

ფეხმძიმობა ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანი ჰორმონალური ძვრების პერიოდია, ესტროგენების პერიოდი, რომელთა დახმარებითაც იზრდებიან საშვილოსნო და სარძევე ჯირკვლები. ამ პერიოდში გამომუშავდება სწორედ ორსულობის ჰორმონი, პროგესტერონი, რომელიც საშვილოსნოში ნაყოფის განვითარებაზეა პასუხისმგებელი.

ანუ, ფეხმძიმობა ქალის ორგანიზმის ჰორმონებით გაჯერების პერიოდია, რომელიც თავის მხრივ, სიმსუქნის წინაპირობას ქმნის. მაგრამ ამ ობიექტური მიზეზის მიუხედავად, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავსუქდეთ ფეხმძიმობისგან ან შეუძლებელია, რომ თავი დავიცვათ ამისაგან.

ასე მაგლითად: ძალიან ხშირად, ფეხმძიმობის პერიოდის სიმსუქნეს ვერც გენეტიკას დავაბრალებთ და ვერც ჰორმონებს, რადგან ფეხმძიმეს ცხოვრების არასწორი რეჟიმი და რიტმი ამის საშუალებას არ იძლევა. ქალი ამ პერიოდში ხშირად სიფრთხილის და საღად განსჯის უნარს კარგავს და ფიქრობს, რომ ფეხმძიმობის უმთავრესი საზრუნავი ის არის, რომ ეს 9 თვე მშვიდად, კომფორტულად გაატაროს და ჯანმრთელი ბავშვი მოავლინოს ქვეყნად. ამიტომაც ის საკუთრ თავს ბევრის უფლებებს აძლევს: ხშირად წევს, ჭამს ორი ადამიანის სამყოფს, არაფრით იტვირთავს თავს. არ იცავს გონიერებასთან ახლოს მყოფ კვებით რაციონს. მის რაციონში ჩნდება ბევრი ტკბილი, ცხიმიანი საკვები, ცომეული, ნაირ-ნაირი დელიკატესები, რომელიც, როგორც წესი, რთული შემადგენლობისაა. მოკლედ, ფეხმძიმეც და მისი გარშემომყოფებიც იმით არიან დაკავებულები, რომ მომავალი  დედა გაანებივრონ, სინამდვილეში კი ამის მაგივრად მას სიმსუქნისთვის და სამუდამო განსაცდელისთვის იმეტებენ.

ზოგი ქალი აცხადებს, რომ მას არ სჭირდება დამატებითი ვარჯიში ფორმაში ჩასადგომად, რაკი მთელი მისი ენერგია საოჯახო საქმეებს ეწირება. ესეც მცდარი შეხედულებაა. სამწუხაროდ, ხეხვა-გლეჯა და სადილების კეთება, ვერ ცვლის ვარჯიშს, რომელიც ფეხმძიმობის პერიოდში კიდევ უფრო მეტად არის საჭირო ნებისმიერი ქალისათვის.

დიდი საშიშროება ელის ქალს მეძუძურობის პერიოდშიც. გამეღიმა ეს რომ დავწერე, რადგან მახსოვს ჩემმა ცხონებულმა დედამთილმა სამშობიაროდან ჩვილით ხელში დაბრუნებულს რაღაც უცნაური, თეთრი ფერის ნახარშის დალევა რომ მაიძულა. მე კი უარი ვერ ვუთხარი და დავლიე, მაგრამ მერე საბედნიეროდ სწრაფადვე გავთავისუფლდი მისი მზრუნველობისგან, დედაჩემი კი თვლიდა, რომ ამ ნახარშების ნაცლად გაცილებით უკეთესი იყო ბაბუაჩემის უსასუქოდ მოწეული სიმინდის ფქვილისგან გამომცხვარი მჭადი და ბებიაჩემის ამოყვანილი ყველი მეჭამა, რომელსაც მზრუნველად მიგზავნიდნენ თაფლთან, წაბლთან, ხილთან ერთად ჩვენი ძალიან შორი სოფლიდან.
ეხ, კარგი რამეები გამახსენდა... აღარავინა მყავს ახლა. მაგრამ მოგონებები ხომ მაქვს კარგი?

ისე, მართალი რომ გითხრათ, მაშინ არც მჭადმა მიშველა და არც რაღაც ნახარშებმა, ამიტომაც, ჩემი ვაჟი ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანე... და იცით რატომ?
იმიტომ, რომ ახლადნამშობიარები ზუსტად 110 კილოს ვიწონიდი. აბა როგორ უნდა მოსთხოვო საკუთარ ორგანიზმს ასეთ დროს ჯანსაღი ქალის ორგანისმის მსგავსად იფუნქციონეროს?

კიდევ უფრო უარესი ელით იმ ქალებს, რომლებიც ასეთი მაღალი ხარისხის სიმსუქნის პირობებში ლამობენ დაფეხმძიმებას, რადგან სიმსუქნე უარყოფითად მოქმედებს რეპროდუქციულ ფუნქციაზეც. 

საკვერცხე ისეთივე ენდოკრინული ჯირკვალია, როგორც პანკრიასი ან ფარისებრი, ამიტომაც ის ჰიპოფიზის ჰორმონებით რეგულირდება, სიმსუქნის დროს კი ჩვენი უჯრედები უმნიშვნელოვანესი ჰორმონის, ინსულინის მიმართ მგრძნობელობას კარგავენ, ამიტომაც მისი ოდენობა იზრდება, რაც საკვერცხეების ფუნქციონირების დარღვევას იწვევს. ასე რომ, სიმსუქნე უშვილობის რისკსაც ზრდის. ამისი თანმდევი პროცესებია მენსტრუალური ციკლის მოშლაც, სხეულის გათმიანებაც, ფერისმჭამელებიც, სებორეაც. უშვილობის უდიდესი პროცენტი კი სწორედ მსუქან ქალებზე მოდის.

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ეს ყველაფერი ავირიდოთ?

ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხი არსებობს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ფეხმძიმობიარის პერიოდში ქალის წონის ნორმალური მატება მხოლოდ 10-15 კილოგრამია.

უნდა გვახსოვდეს, რომ ფეხმძიმობა კი არა, სიმსუქნეა დაავადებაJ

არ უნდა ‘’შევიბრალოთ’’ თავი იმის გამო რომ მუცლით ჩვენი სიყვარულის ნაყოფს ვატარებთ და ამის გამო არ უნდა გადავეშვათ ღორმუცლობის მორევში.

არ უნდა ვიწვეთ 24 საათის მანძილზე.

არ უნდა ვჭამოთ დაუსრულებლად

უნდა ვიცხოვროთ ისე,როგორც ვცხოვრობდით ფეხმძიმობამდე ( თუ ამას თქვენი გინეკოლოგი არ გიშლით)

მშობიარობის შემდეგ ქალის ორგანიზმში ჰორმონალური ფონი შემდეგი ორი წლის განმავლობაში უბრუნდება ნორმას. ამიტომაც ის, ვინც გონიერებას იჩენდა ფეხმძიმობის პერიოდში, ძალიან იოლად იბრუნებს მშობიარობამდელ ფორმებს.

ექიმები კატეგორიულად გვირჩევენ,რომ ნამშობიარებმა ქალმა არ უნდა დაიცვას არც მკაცრი დიეტა და არც ზედმეტად არ უნდა დაიტვირთოს თავი, მაგრამ ეს რჩევა სხვა, ნებისმიერ ქალზეც ვრცელდება.

რას სთავაზობს ''სტიმული'' ფეხმძიმობით გასუქებულ ქალებს?

იგივეს, რასაც ყველა ქალს, რომელსაც წონის კორექცია სჭირდება _ არაჩვეულებრივ პროცედურებს, რომელიც მათ სხეულს სიმსუქნის კვალს, რომელიც ცელულიტად მიყვება მთელს ჩვენს სხეულს, მოაშორებს.

ერთადერთი რაც ახლადნამშობიარევ ქალს მოეთხოვება თუკი ''სტიმულში'' გადაწყვიტავს მისვლას ის არის, რომ მას ლაქტაციის პერიოდი ''სტიმულში'' მისვლამდე უკვე უნდა ჰქონდეს დამთავრებული. 

იყოლიეთ ბევრი შვილი და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ეს ორი რამ შესაძლებელია ერთდროულად გააკეთოთ!




ისევ შევხვდებით. 





четверг, 3 марта 2016 г.

მოსიარულე ყვავილები



დღევანდელი დღე, დედის დღე, რომელიც 1991 წლიდან აღინიშნება საქართველოში, ჩემში ორმაგ ემოციას იწვევს. ნეგატიურსა და პოზიტიურს.

ნეგატივი ამ ძალიან კარგი დღის, სხვა, არანაკლებ მშვენიერი დღის ჩანაცვლების მცდელობამ გამიჩინა.

8 მარტის ჩაწიხვლის მცდელობაზე მოგახსენებთ, რომელიც დიდი სიხარულით აიტაცეს გარკვეული ტიპის ადამიანებმა და ეს, ამ ამბავში კლარა ცეტკინის, როგორც უღირსი ქალის როლით ახსნეს.

დიახ, რატომ უნდა აღვნიშნოთ ქალთა დღე, რატომ უნდა მივუტანოთ ქალებს ყვავილები, რატომ უნდა მივეფეროთ მათ, თუნდაც ფორმალურად და რატომ უნდა მივანიჭოთ სიამოვნება, თუკი ამ ამბავში ეს ცუდი ქალი, კლარაა გარეული?

ოღონდ, გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, ვინც ამ მოსაზრებას ემხრობა, გგონიათ ყველამ იცის 8 მარტის იდეის გაჩენის ისტორია? ვინმეს ახსოვს  ნიუ-იორკში, 1911 წელს ტრაიენგლ შირტუეისტ“ (Triangle Shirtwaist) საფეიქრო ფაბრიკაში გაჩენილი ხანძარი და ის 140 ქალი, რომელიც ამ ხანძარმა იმსხვერპლა, ან უფრო ადრე, 1857 წლის 8 მარტის ნიუ იორკის სამკერვალო ფაბრიკის მუშების გაფიცვა მათი აუტანელი სამუშაო პირობების გამო, იმ ქალების, რომლებმაც დიდი დარბევის შემდეგ დააარსეს პირველი პროფკავშირი?

ან სხვა ამბები, რომლებიც ადასტურებს რამდენი შრომა და ღვაწლი, რამდენი თავდადება დასჭირდათ ქალებს, რომ საკუთარი როლი ამ სამყაროში მტკიცედ ფეხმოკიდებული სტერეოტიპიდან გამოეგლიჯათ და მსოფლიოს შენების თანასწორი უფლება მოეპოვებინათ მამაკაცების მხარდამხარ? ამბები, რომელმაც შემდეგ დასაბამი მისცა 8 მარტის დაარსების იდეას?

მითხარით, ამ ამბავში კლარაა მთავარი?
იმედი მაქვს, ეს რიტორიკული კითვაა და პასუხი ცალსახად უარყოფითია.

მე მაინც მგონია, რომ მასინდელი უზენაესი საბჭოს ის გადაწყვეტილება შეეცვალა ერთი, მეორე, უფრო ‘’ჰუმანური’’ მიდგომით, ძალიან ჰგავს იმ ფაბრიკებისა და ქარხნების გაჩანაგებას, რომელიც კომუნისტების დროიდან  მემკვიდრეობად მივიღეთ და სამწუხაროდ, ვერ შევინარჩუნეთ.

ჰოდა, ამიტომაც, როცა კი მინდა 3 მარტი, დედის დღე მივულოცო თავს და გარშემომყოფებს, ყოველთვის პროტესტის გრძნობა მიჩნდება.

პროტესტის გრძნობა იმ მამაკაცების მიმართ, რომელთაც ესიკვდილებათ (არ მინდა ვაკადრო, რომ ენანებათ) ერთი ფოჩი ყვავილი საყვარელ ქალს თუნდაც იმიტომ მიართვან, რომ ასეა მიღებული, სამაგიეროდ კი არ ესირცხვილებათ იმაზე ლაპარაკი, თუ როგორი საძაგელი ქალი იყო ეს კლარა.

კიდევ მეტსაც ვიტყოდი ეს დღესასწაული რომ არა J

მე კი ასე მოვიქცევი: რადგან დღეს ჩემი დღეც არის, ავუნთებ ჩემ დედიკოს სანთელს, მომადგება თვალზე ცრემლი ტრადიციულად... მივეფერები ჩემ შვილებს ერთს სკაიპით და მეორეს აქვე მომჯდარს, ჰოდა, რაკი ‘’ის’’ შორს არის, წავალ და ჩემ თავს მე თავად ვუყიდი ყვავილებს. J იგივეს გავაკეთებ 8 მარტსაც და ყველა იმ დღეს, როდესაც მომინდება რომ თავი კარგად ვიგრძნო.

J სხვათა შორის, სულ ვაპირებდი ამის თქმას და ვერასოდეს მოვიცალე.
თუ თქვენ ყვავილები ჩემსავით გიყვართ, ნუ დაელოდებით, როდის გაჩუქებენ თაიგულს. მიეცით თავს ამ პატარა ბედნიერების უფლება და თავი თავად დაისაჩუქრეთ ფერად-ფერადი ყვავილებით. შემდეგ ყვავილები თქვენთან თავისი ფეხით მოვლენ!

ყვავილები შენს საწერ მაგიდაზე, მისაღებ ოთახში, თუნდაც სამზარეულოში _ ეს კიდევ ერთი დამატებითი სტიმულია იმისთვის, რომ ლამაზი იყო.

ყვავილები (ანუ უკეთესი განწყობა) აჩქარებს წონაში კლების პროცესს. J

გილოცავთ J

შევხვდებით




вторник, 1 марта 2016 г.

ქალი სუსტი თუ ქალი ძლიერი?



დღეს საჩუქარი მივიღე J

აი ეს, არაჩვეულებრივი, კრემ პუდრა.
და ეს არ არის რეკლამა, უბრალოდ კარგი საჩუქარი მივიღე ერთი ძალიან კარგი, ჭკვიანი და საყვარელი ქალბატონისგან კეთილგანწყობის, სიყვარულის ნიშნად, რომელიც ორმხრივია. გამახარა და თავადაც გაიხარა. ნამდვილი ქალია და იცის, როგორი ძვირფასია ჩვენთვის ყურადღება, ასეთი, პატარ-პატარა საჩუქრები, სიხარულები, რომელიც ამ ნაცრისფერ სამყაროს გვიციმციმებს.

თქვენც ხომ გაგიხარდათ? J

ჰოდა, მე მეტი რა მინდოდა და ფიქრი დავიწყე J

არ მიყვარს გაცვეთილი ფრაზები, მაგრამ ხანდახან, მაინც მიხდება მათი გამოყენება, რაკი ისინი ხშირად ჭეშმარიტებას ღაღადებენ. ამიტომაც გეუბნებით: გაუღიმეთ ცხოვრებას და ისიც აუცილებლად გაგიღიმებთ თქვენ.

დღევანდელი დღეც და ჩემი ბოლო პერიოდის ყველა დღე, ამისი დადასტურებაა. მე ვუღიმი ცხოვრებას, რაკი ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. მიხარია გაღვიძება, რადგან ვიცი, ყოველი ახალი დღე კიდევ უფრო ლამაზ დღეებთან მაახლოვებს. მიხარია დაღამებაც ისევ გათენების იმედად. ბედნიერი ვარ.

რა არისო ბედნიერება?

ბედნიერება, რაღაც გაგებით, ცხოვრების იმედიანად ყურების უფლებაცაა. ოღონდ ეს უფლება თავადაც უნდა მოიპოვო.

ადამიანი დამოკიდებული არსებაა:

ამინდზე_ წვიმა, თოვლი, ელჭექი, სიცხე, სიცივე...

პოლიტიკაზე თავის ქვეყანაში,

ქვეყნის გარეთ,

ომსა თუ მშვიდობაზე, რომელშიც უწევს ცხოვრება,

ადამიანებზე _ მათ კეთილგანწყობაზე, მათ სინდის-ნამუსზე,

ახლობლებზე,

უცნობებზე,

მაგრამ ყველა ქალი, ჩვენ, ყველანი ერთად და ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ განწყობას და საკუთარ ბედნიერებას დამოუკიდებლად ვქმნით.

და როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს განცხადება პატარა გოგონებისთვის, რომლებიც ახლა ჩემ ბლოგს კითხულობენ, მინდა ვუთხრა მათ _ იყავთ ბედნიერები იმით, რასაც თავად შეძლებთ, გაუღიმეთ ცხოვრებას და შემდეგ ისიც ღიმილით, სიყვარულით დაგიბრუნებთ უკან ამ ღიმილს.

ქალი სუსტი არსებააო... ჰო, სუსტია, მაგრამ სად არის სისუსტის დრო?

მაგრამ ვის უნდა უყვარდე სუსტი?

ან ვინ არის ისეთი ძლიერი, ყოვლისშემძლე, ისეთი გულუხვი ან ალტრუისტი, რომ ჩვენი სისუსტეების თრევა შეძლოს?

მე თუ მკითხავთ, ასეთი ‘’თრევით’’ გათრეული ცხოვრება არც არავის აბედნიერებს.

ძალიან მომწონს გენდერული თანასწორობის იდეა, რომელიც თუ მე კარგად გავიგე, ვინმეს იგნორირების და  ჩაგვრის იდეა კი არ არის, არამედ, სწორედ ქალურობის უფლების დაცვაა ჩვენი სქესის ადამიანებისთვის. ქალურობის, რომელიც ყველაზე ძვირფასია ყველა ნორმალური ქალისათვის.

მაინც რა არის ეს ქალურობა ან რატომ ვიღებ დაუსრულებლად უიმედო, ტრაგიკულ წერილებს იმ პატარა გოგონებისგან, რომლებიც უიმედოდ ებრძვიან საკუთარ ჯერ-ჯერობით არცთუ საშიშ, ჭარბ წონას?

თქვენ ფიქრობთ, რომ ქალურობა სიგამხდრეა?

თქვენ ფიქრობთ, რომ ლამაზი არა ხართ, თუკი ზედმეტი 10 კილოგრამი გაწევთ მხრებზე?

თქვენ ფიქრობთ, რომ მამაკაცების კეთილგანწყობას, მათ ყურადღებას მხოლოდ იმით ვიმკით, რომ გამხდრები ვართ?

ღმერთო, თუ მართლა ასე ფიქრობთ, არაფერიც არ გცოდნიათ მათ შესახებ. თურმე ძალიან ცუდი თვალით უყურებთ მათ. არა, ასე ფიქრი არ შეიძლება, რადგან საოცრად ამცირებს იმ სქესს, რომელიც მინდა, აღზევებული იყოს ისევ ჩვენი და ჩვენი შვილების ბედნიერებისათვის.

არა, ზედმეტი ათი კილოგრამი არასდროს არის ჩვენი უბედურების ბილეთი.

ჩვენი უბედურების ბილეთი სხვა რამეა _ განწყობა, რომელიც საკუთარი თავის არასწორი შეფასებით იწყება.

მიყურეთ მე და მომბაძეთ!

ნახეთ, რა დღეში ვარ _ თავიდანვე განვაცხადე, რომ მსუქანი ვარ და ეს საშინელაბაა ჩემთვის, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველაფერზე მაქვს ჩემი პოზიცია და მას თამამად გამოვხატავ კიდეც. მე შეიძლება ჩემი სიმსუქნით ჯანმრთელობა მომერყა და ლამაზ კაბებს ვეღარ ვატარებდი, თორემ ამას არანაირად არ გაუფუჭებია არც ჩემი პირადი ცხოვრება და არც დამოკიდებულებები სხვა ადამიანებთან. ჩემი პრობლემა ის არის, რომ მე არა ვარ მსუქანი შინაგანად. J

მე სიმსუქნის ფსიქოლოგიურად დამარცხება არ მჭირდება, მე მას ფიზიკურად ვებრძვი, ამიტომაც ვხდები კიდეც ჩემი ასაკის მიუხედავად.

მე ვუღიმი ცხოვრებას...

მე ვუღიმი ადამიანებს,

ისინიც მიღიმიან,

დღეს ამ ღიმილის დადასტურება იყო ეს საჩუქარიც. J

მომბაძეთ J

დამიმეგობრდით ფეისბუქზე, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ მე ‘’სტიმულის’’ პაციენტი ვარ და არა ექიმი. ვისაც ექიმისგან გჭირდებათ რჩევა, უნდა ''დაალაიქოთ'' ''სტიმულის'' ფეისბუქის გვერდი და რაკი ექიმებს ძალიან ცოტა დრო აქვთ, მხოლოდ მოფიქრებული, აწონილ-დაწონილი და აუცილებელი შეკითხვები გაუგზავნოთ მათ. J

დღეს მე და ჩემმა ექიმმა, თამუნამ, ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ პროცედურებს ორშაბათიდან გავაგრძელებ. ვნახოთ, როგორ იმოქმედებს ეს ‘’შვებულება’’ ანუ დასვენება ჩემს წონაზე. ვნახოთ, რა ეფექტი აქვს დასვენების დღეებს ‘’სტიმულის’’ მეთოდიკაში, ვნახოთ სადამდე მივალ. J

შევხვდებით



понедельник, 29 февраля 2016 г.

გემრიელი დიეტური საკვები


ეჭვი არ მეპარება, რომ ამ სათაურმა იმედი ჩაგისახათ ან, სხვა თუ არაფერი, ინტერესი მაინც გაგიღვივათ, მაგრამ უნდა გაგაწბილოთ, რამეთუ, ჩემი აზრით, (ხაზს ვუსვამ, რომ ეს ჩემი აზრია, იმედის სახელით! J ) არც ერთი დიეტური საკვები გემრიელი არ არის!

რატომ?

ადამიანების გემოვნებას რაკი აღზრდა, ქვეყნის კულტურა და ტრადიციები აყალიბებს ( რომელიც თავის მხრივ, კულტურის ნაწილია) ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს სწორედ ამ ნიშნით განვითარებული გემოვნება გვაქვს. ამიტომაც, ჩვენი საკვები, რომელსაც ყოველდღიურობაში მოვიხმართ, ყოველთვის ჩვენი პირის გემოს ( ანუ გემოვნების) გათვალისწინებით არის მომზადებული.

მაინც რას მიირთმევენ საქართველოს მოქალაქეები ჩვეულებრივ, არასადღესასწაულო სუფრასთან?



პირველ ადგილზე ამ ჩამონათვალში, იმედი მაქვს, დამეთანხმებით, რომ ხაჭაპური უნდა შევიტანოთ. რაკი ჩემი მკითხველების უდიდესი ნაწილი მანდილოსნები ბრძანდებით, იმისი იმედიც მაქვს, რომ ყველა შესაძლებელ შემთხვევაში, თქვენც, ჩემი არ იყოს, ოჯახს აუცილებლად ანებივრებთ ქართული კულინარიის ამ საოცრებით. მით უმეტეს, რომ ამ ‘’ნებივრობაში’’ ყველაფერი გვიწყობს ხელს. პირველ რიგში კი მთელს საქართველოს ინფექციასავით მოდებული სწრაფი კვების ობიექტები, სახაჭაპურეები, რომელთა უმრავლესობა, ისევ ჩემი აზრით, სასწრაფოდ არის დასახური, ეგება და რამენაირად გადავირჩინოთ თავი უვარგის ცხიმზე დამზადებული, ჩვენი ჯანმრთელობისთვის ამიტომაც საზიანო, მაგრამ საკმაოდ გემრიელი საკვებისგან.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ კარგი და თავდადებული დიასახლისების დიდი ნაწილი, იმის ნაცვლად,რომ ოჯახს დილაობით წყალზე მოხარშული სასარგებლო ჰერკულესის ფაფით ან კარგად გახუხული ტოსტის პურით და ერთი ნაჭერი ყველით გაუმასპინძლდეს, ხშირად იწუხებს თავს ხაჭაპურის ცხობით. ამ უალტერნატივო საკვების ცდუნებას კი ძალიან ცოტა ადამიანი თუ უმკლავდება.

ჰოდა, ბევრი ფიქრის გარეშეც შემიძლია ''ვურჩიო'' ჯანმრთელობის სამინისტროს _ თუ მას საკუთარი ერის ჯანმრთელობისტთვის უძგერს გული, შეუძლია დღესვე დაიწყოს ანტიხაჭაპურული კომპანია, რომელიც ჩვენი ერის სისხლძარღვებსაც საგრძნობლად მოუმატებს გამავლობას და ერს შეთხელებაშიც დაეხმარება J

მეორე ადგილზე, რაკი ოჯახურ მენიუზე ვსაუბრობთ, მინდა იმ წვნიანების ჩამონათვალი განვიხილოთ, რომელსაც ნორმალური დიასახლისები ხალისით ვუმზადებთ ოჯახის წევრებს.



უკრაინული ბორში, სუპ ხარჩო, მაწვნის სუპი( ეს თბილისელების საყვარელი კერძია), ქათმის ბულიონი, ჩიხირთმა.
მშვენიერი ჩამონათვალი, რომელიც კი არ გვაჯანსაღებს, არამედ გვასუქებს.

რატომ?

იმიტომ რომ, ამ კერძების მოსამზადებლად ჩვენ ხორცის ცხიმიან ნახარშს ვურევთ ბოსტნეულთან, ქათმის ნახარშს ვამატებთ ფქვილს, კვერცხს, ყველაზე უწყინარ მაწვნის სუპსაც კი ჩვენ ბევრი კარაქის, არაჟნის, კვერცხის და ზოგ შეთხვევაში ფქვილის დამატებით ვამზადებთ.

მესამე ადგილი:



ყველაზე იოლი გამოსავალი დიასახლისისთვის, რომელსაც საკუთარი დრო ეძვირფასება:
კატლეტი.
რითი ვამზადებთ ამ კერძს?

კატლეტზე ცხონებული ბიძაჩემი გამახსენდა, რომელმაც ჭეშმარიტად იცოდა კულინარიის და პირის გემოს ფასი. მას ხშირად ვეკითხებოდი სხვადასხვა კერძების რეცეპტს, ჰოდა, როცა მისი გასაოცარი გემოს კატლეტის რეცეპტი ვიკითხე ( ხუთსულიანი ოჯახი ჰყავდა), სწავლება ასე დაიწყო: ვიღებთ სამ კილოგრამ საქონლის ხორცს და ორ კილოგრამ ღორის ხორცს... დღემდე მეცინება, იმიტომ, რომ იმ ჯერზე ვერაფერი გავიგე იმის არდა, რომ ჩემი ბიძია, რომელიც კვირაში სამჯერ მაინც დადიოდა ბაზარში, თვლიდა, რომ ხუთსულიან ოჯახს მხოლოდ კატლეტის მოსამზადებლად, ორდღიანი მარაგისთვის, 5 კილოგრამი ხორცი სჭირდება. J მაშინ ისიც გავიგე მისი პირიდან, რომ თურმე, კატლეტი, რომელიც ძალიან რთული შემადგენლობისაა, მარწყვივით იჭმევა, ამიტომ ბევრი უნდა იყოს, გავლა-გამოვლაზე თავისუფლად რომ შეგეძლოს აღება. დიახ, სამწუხაროდ, კატლეტი რთული შემადგენლობის საკვებია რაკი მასში ღორის, საქონლის ხორცის გარდა, პურს, ბოსტნეულს, კვერცხს, მწვანილს, სანელებლებს ვუმატებთ და შემდეგ ორცხობილაში ამოვლებულს დიდი რაოდენობით ცხიმში ვწვავთ ( კარაქში და ერბოში უფრო გემრიელია, მაგრამ არც ზეთია ურიგო, მაგრამ ორი კილოგრამი რომ შეწვა, ისევ სამწუხაროდ, ნახევარ ლიტრამდე ზეთი უნდა შეასრუტინო... აი კარაქისა კი არ ვიცი, რადგან ვცდილობ ეს მაინც არ გავაკეთო. )

ახლა წარმოვიდგინოთ, ეს ძვირფასი, ჭეშმარიტად ყოველდღიურობისათვის შესანიშნავი საკვები რასთან ერთად უნდა მივართვათ ოჯახს?  გარნირად კარტოფილის პიურე ან მაკარონი მოგწონთ? გნებავთ წიწიბურა იყოს... გითხრათ ამით რას ვაშავებთ? რას და, ღმერთო მაპატიე ესენი რომ მაქვს მრავლად ნაკეთები... ამით ჩვენ სრულიად შეუსაბამო კომპონენტებით ‘’ვტენით’’ საყვარელ ადამიანებს. L  


მეოთხეადგილოსანი კერძი, რომელსაც ხშირად ვამზადებთ დიასახლისები, ქართველთა და არამარტო ქართველთა საყვარელი აჯაფსანდალია J და თუ შეიძლება ახლა მაინც არ გაგიხეთქოთ გული, არა?! J

კერძი _ ‘’ბოსტნეულის ზეიმი’’, რომელის ყველაზე გემრიელი ვარიანტიც ამ კერძის ყველა კომპონენტის ჯერ სათითაოდ შეწვას და შემდეგ მათ შერევას გულისხმობს.
მაგრამ ამოცანა გვეკითხება, თუ ყველა ამ კომპონენტს ერთმანეთში შერევამდე სათითაოდ შევწვავთ, რამდენი  მზესუმზირის, ან გნებავთ სიმინდის თუ ზეითუნის ზეთის გამოყენება დაგჭირდებათ ამისათვის?

წარმოიდგინეთ სანახევროდ დაცლილი ზეთის ბოთლი?

ჰოდა, რა გამოდის?

გამოდის,  რომ რაკი ქართველის და არა მარტო ქართველის, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქის პირის გემო ნოყიერ, რთული შემადგენლობის საკვებს აღიარებს მხოლოდ, ჩვენ იმდენს ‘’ვახერხებთ’’, რომ ჩვენს ყოველდღიურობაში ჩვენი სამზარეულოდანაც და უცხო ქვეყნების სამზარეულოდანაც მხოლოდ ის კერძები გამოვიყენოთ, რომელიც ჩვენთვის მოსაწონ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

ისევ იმით გავაგრძელებ, რითიც დავიწყე და ახლა ჩემი ჩამოთვლილი რჩეულების დიეტურ, ყოველდღიურობაში, გონიერთათვის მოსხამარ ვარიანტს შემოგთავაზებთ. J

ხაჭაპური. J

ის ვერასოდეს გახდება დიეტური საკვები. ამიტომაც, თუკი დიეტა და გახდომა განიზრახეთ, როდესაც მისი სუნი გეცემათ, თავი დახარეთ ( თვალებს ნუ დახუჭავთ, ქუჩაში საშიშია ) და სასწრაფოდ გადადით ქუჩის მეორე მხარეს.... მაგრამ იმისათვის, რომ დეპრესია არ აიკიდოთ მისი მონატრებისგან, შეგიძლიათ დილაობით ორი სამი ნაჭერი ყველი უცხიმოდ დადოთ ტაფაზე ( კერამიკულ, ტეფალის, ნებისმიერ, რომელიც არ იკრობს უცხიმოდ) და კარგად გააცხელოთ. ის აუცილებლად მოგიკლავთ ხაჭაპურის ჟინს. ან მიირთვათ მხოლოდ ერთი ნაჭერი ხაჭაპური, რომელიც ჩემი ‘’გენიოსობის’’ მიუხედავად, ვერასდროს მოვახერხე.

წვნიანები. J

დღევანდელი ჩემი ჩანაწერი სწორედ ასეთი წვნიანის დამსახურებაა, ამიტომაც ''ცხელ კვალზე'', უცებ მოგიყვებით როგორ მოვამზადე ის, სანამ ''წერად დავჯდებოდი'':

ერთ კოვზ ზეითუნის ზეთში მოვხრაკე ერთი თავი ხახვი, შემდეგ იმავე ქვაბში ჩავყარე დაჭრილი სტაფილო, დავასხი წყალი, ჩავამატე დაფნის ფოთოლი და ვადუღე 3- 5 წუთით. ამას დავამატე ზუსტად ერთი სუფრის კოვზი ბრინჯი და როცა მივხვდი, რომ ბრინჯი მოიხარშა, ქვაბში ჩავუშვი წვრილად დაჭრილი თითო წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა, ერთი პატარა მწვანე, მწარე წიწაკა, ბროკოლი (დაახლოებით 100 გრამი), ორი მცირე ზომის პომიდორი. როცა ეს ყველაფერი კარგად ადუღდა და პომიდორი მიითუთქა, დავამატე ყველანაირი მწვანილი რაც კი გამაჩნდა. ბოლოს ჩავამატე ნიორი და დავასხი ვაშლის ძმარი. J

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ‘’ჯადოქრობისგან’’ მიღებული წვნიანი გადასაყლაპად ვარგისი ნამდვილად იყო, მაგრამ მას არაფერი ჰქონდა საერთო არც ბებიაჩემის მომზადებულ ჩიხირთმასთან არც დედაჩემის საყვარელ შჩისთან.

კატლეტი J

ეს კერძი, სამწუხაროდ, ყოველდღიურობიდან დასავიწყებელი გახლავთ. ან მისი დიეტური ვარიანტის მოსამზადებლად დიდი ოსტატობა უნდა გამოვიყენოთ, რადგან დიეტური კატლეტის მხოლოდ საქონლის უცხიმო ხორცით მომზადებაა შესაძლებელი, ისიც ორთქლზე. ეს კი ჩემს ძალებს აღემატება, ამიტომაც დავივიწყე კატლეტი და მხოლოდ მოხარშული ხორცით ვკმაყოფილდები.

აჯაფსანდალი.

დიეტურად ჯაფსანდალის მომზადების გენიალური ხერხია მისი შემადგენელი კომპონენტების (ბადრიჯანი, კარტოფილი, ხახვი, ბულგარული, სტაფილო) ჯერ ქურაში, ზეთის გარეშე შეწვა. სხვათა შორის, ძალიან კი შეგაშინეთ, მაგრამ ასე მომზადებული აჯაფსანდალი, ყველაზე მეტად აგიჩუყებთ გულს ჩემნაირ გურმანებს.
როდესაც ყველაფერი შეიწვება ( ქურაში უზეთოდ) პროდუქტები შეგიძლიათ მოათავსოთ ქვაბში, მოასხათ ერთი კოვზი ზეთი, დაასხათ პომიდორი,მიაყაროთ მწვანილი, თავი დაახუროთ, დადგათ ცეცხლზე და ქურაში გამომშრალი და გაბრიგინებული ბოსტნეული ორთქლში ჩაარბილოთ J



რაც შეეხება ჩემს მიერ ზემოთ ნახსენებ გარნიერებს _ მაკარონს, კარტოფილის პიურესა და წიწიბურას, მათი საწინააღმდეგო არაფერი აქვთ დიეტოლოგებს, მაგრამ ისინი დამოუკიდებელ კერძებად უნდა განვიხილოთ და არა გარნირებად. 

J დაგღალეთ?

პრინციპში, ვინც ბოლომდე მომყვა, იმედი ამქვს, არ ინანებს, რადგან მე ახლა ჩემი წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება გაგიზიარეთ, რომელიც ჩემთვის აუწონავ სიმდიდრედ გადაიქცა, რადგან თავისუფლად შემიძლია ვიხუმრო საკუთარ გურმანულ მისწრაფებებზე და ჩემი ოჯახის წევრებს, სასარგებლო საკვები შევთავაზო. 

შევხვდებით.

მანამდე კი იმედით, რომ სწორედ გამიგეთ, გთხოვთ დამიმეგობრდეთ ფეისბუქზე, რათა ერთად განვიხილოთ წონის კორექციასთან დაკავშირებული პრობლემები.