понедельник, 14 марта 2016 г.

თვითგვემა დიეტურად


ფეისბუქის გვერდზე, სადაც თქვენც შეგიძლიათ, რომ დამიმეგობრდეთ, მკაცრად გასაიდუმლოებული ჯგუფი შევქმენით. J

და ამ ‘’მკაცრ საიდუმლოს’’ ამ წუთისთვის უკვე 205 ადამიანი ‘’ვინახავთ’’.

დიახ, სწორედ ამდენი ადამიანია გაწევრიანებული ჯგუფში, რომელსაც არცთუ ორიგინალური, მაგრამ საკმაოდ დამაფიქრებელი სახელი ჰქვია: ‘’ღირსეული სიცოცხლე’’.

ჰოდა, ჩვენ, რაკი ერთი საერთო პრობლემის ფრთის ქვეშ გავერთიანდით ( ან უფრო სწორედ, პრობლემასთან საბროლველად) დაუფარავად ვუმხელთ ერთმანეთს საკუთარ განცდებსა და ოცნებებს.

ამ ოცნებებში კი სიმსუქნის, როგორც დაავადების, ყველა პლასტი იკვეთება, მათ შორის, სინანულიც.

სინანულზე მინდა სწორედ დღეს საუბარი.

იცოდით, რომ სიმსუქნის კლინიკური სურათიდან ერთ-ერთი სწორედ ეს, ფსიქოლოგიური ფაქტორია? _ თვითგვემაში გადასულ სინანული.

არასრულფასოვნების კომპლექსი გვაქვს და თავს იმიტომ ვიგვემთ, რომ ღვთის სამსჯავროზე წარდგომის გვეშინია?

არა, ეს არასდროს არ არის მიზეზი, თორემ კიდევ შესაძლებელი იქნებოდა ამისი გაგება. მაგრამ ჩვენ ხომ თავს იმიტომ ვიგვემთ, რომ იმდენად ამბიციურები ვართ, ისე ძალიან მოგვწონს ჩვენი შინაგანი მე, რომ ვთვლით, მის გარეგნულ განსახიერებას, _ ჩვენს მუცელს, ჩვენს მკლავებს, სხეულს არ ძალუძთ ამ სილამაზის გადმოცემა.

თავს იმიტომ ვიგვემთ, რომ ამქვეყნიური ცხოვრება გვინდა. სრული, სისხლსავსე, ბედნიერი, სადაც იქნება ამ ავადსახსენებელი კამერების გარეშე სექსიც და ბევრი სიყვარულიც. იდეალური, ისეთი როგორსაც მხოლოდ ფილმებში აჩვენებენ.

და ხალხო, კარგია რომ ეს გვინდა, მაგრამ არა იმ ფასად, თვითგვემის ფასად, როგორც გვინდა, რომ მივიღოთ, რადგან ჩვენ ასეთ ბრძოლაში ხელები გვაქვს შეკრული.

ყველაზე დიდ ქრისტიანად არ მინდა, რომ მოგაჩვენოთ თავი, მაგრამ უფალს მსუქნებიც ვუყვარვართ. ეგებ კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ტანკენარნი, რადგან ჩვენი ყველაზე დიდი ცოდვა ნაყროვანებაა, მაგრამ ჩვენ ხომ ამქვეყნიურ ბედნიერებაზე ვლაპარაკობთ?

სიმსუქნე, როგორც დაავადება, მადლობა ღმერთს, არ გახლავთ ფსიქიატრიის განხილვის საგანი, მაგრამ მედიკოსების თქმით, მას შეიძლება ახლდეს ფსიქოლოგური და სომატური გართულებები. მეტიც, ფსიქიატრიაში კვებით აშლილობებს განმარტავენ, როგორც კვების პატერნების დარღვევას, რომელიც განპირობებულია ადამიანის საკუთარ წონასთან და სხეულთან დამოკიდებულებით.

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ კვებითი აშლილობების ურთულეს ფორმებზე,




















 მაგრამ რა ვუყოთ სიმსუქნეს, რომელიც ისევ ვიმეორებ, რომ არ ითვლება ფსიქიკურ აშლილობად, მაგრამ მასთან ბრძოლაში უდიდესი როლი აქვს ფსიქოლოგის, ნევროლოგის ხელს?

ბუნებრივიცაა რომ ეს ასეა, რადგან სწორედ ფსიქოლოგის და ნევროლოგის დახმარებას მოითხოვს განწყობა, რომელიც ჩვენ ბაგეთაგან წარმოთქმისას, ასე ჟღერს:

გამიხმა პირი!

არ მეღირსოს ბედნიერება თუ ისევ შევჭამ!

უნებისყოფო და უთავმოყვარეო ქალი ვარ!

უპრინციპო ძროხა ვარ!

საქონელივით გავიყორე!

... საკმარისია?

გეცნოთ ეს ფრაზეოლოგია?

თუკი ამ განცდებისა და ‘’მსუქნური ფიქრების’’ მატარებელ ადამიანებს ერთ დიდ, გაშლილ მოედანზე შევკრებთ და მათ ამ ფრაზების ამოსათქმელად მიკროფონებს ჩამოვურიგებთ, წარმოიდგინეთ რა მოხდება ზეცაში... განა ეს არ იქნება თვითგვემის მასობრივი რიტუალის ყველაზე ამაზრზენი მაგალითი? განა ის არ გადააჭარბებს სიმძიმით  მუსლიმური თვითგვემის რიტუალს აშურას დღესასწაულზე?

ან, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მიდიხართ დიეტოლოგთან, რომელიც გეუბნებათ, რომ თქვენ ერთი უთავმოყვარეო ადამიანი ხართ, რომელსაც საერთოდ არ აქვს ნებისყოფა... 

გიშველით მისი დანიშნული მკურნალობა? ან მეორედ კიდევ მოინდომებთ მასთან ვიზიტზე მისვლას?

მაშინ რატომ, ან როგორ უნდა ვუშველოთ საკუთარ თავს, როდესაც ასეთი და კიდევ უფრო უარესი ფიქრები ტრიალებს ჩვენს თავში?

ან როგორ უნდა შეგვიყვარონ ადამიანებმა, როდესაც ვთვლით, რომ ქონის ტომრები ვართ, უშნო, უფორმო, უთავმოყვარეო ტომრები?

შეიყვარე შენი თავი! აი, მთავარი მესიჯი, რომელსაც ნებისმიერი კარგი ფსიქოლოგი თქვენი მკურნალობის მთავარ ლაიტმოტივად გამოიყენებს.

შეიყვარე შენი თავი, იქნება ‘’დაბეჭდილი’’ იმ წამლის შეფუთვაზეც, რომელსაც ნევროლოგი გამოგიწერთ თქვენი დაჭიმული ნერვების მოსადუნებლად და დასამშვიდებლად.

როგორი ლამაზი ფორმები გაქვს? გვეუბნება თამუნა იდუკაშვილი როდესაც ‘’სტიმულის’’ პროცედურებისთვის ერთმანეთის და ექიმების დასანახად ვშიშვლდებით და ის, ამ დროს, არასდროს იტყუება, რადგან თამუნა ჩვენი წონის, მოშვებული კანის, ცელულიტაყრილი სხეულის იქით, არასწორი ცხოვრებით, ზედმეტი კალორიებით და ნერვიულბით ფორმადაკარგულ ჩვენს ნამდვილ ფორმებს, სხეულს, ადამიანს ხედავს.

აჰა, გავითათხე თავიც და ჩემთან ერთად ბევრი თქვენგანიც მივაყოლე ( იმედია ყველა არა), მაგრამ საშველი?

როგორ ვუწამლოთ ასეთ დროს თავს?

ყველაზე საუკეთესო წამალი ნევროლოგიაში საკუთარი თავის ხელში აყვანაა, მაპატიეთ, მაგრამ ვიხმარ ამ სიტყვას, დაკიდება, დაკიდებაა ის წამალი, რომელსაც ყველა კარგი და პატიოსანი ნევროლოგი პირველ რიგში ''გამოგიწერთ'', მაგრამ თუ მაინც ვერ აგყავთ ესოდენ დამძიმებული თავი ხელში და ვერაფრით იკიდებთ იმას, რომ თქვენი შემდგომი ცხოვრების 5 თვე ან სულაც ერთი სრული წელიწადი, დიეტასა და ჯანმრთელი ცხოვრების წესს აუღელვებლად უნდა მიუძღვნათ?

ასეთი ადამიანებისთვის მედიკამენტოზური მკურნალობა არსებობს, მაგრამ აქ ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი:

ჩვენი რეალობიდან გამომდინარე _ ექიმის პროფესიონალიზმი და ის შედეგები, რომლითაც ჩვენს შთამომავლობას ჩვენი გადაყლაპული ტაბლეტებით ‘’ვაჯილდოვებთ’’.

ვგულისხმობ იმას, რომ უკვე დადასტურებული ფაქტია, ისეთი კვებითი აშლილობები, როგორიც არის ბულემია და ანორექსია ხშირად ვლინდება იმ პაციენტებთან, რომელთა მშობლებიც ანტიდეპრესიულ, მედიკამენტოზურ მკურნალობას გადიოდნენ.

ფსიქიატრიის ეს ნიშა, კვებითი აშლილობები, შედარებით ახალია, რაკი მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე ასეთი გამოცდილება არ არსებობდა, მაგრამ კიდევ რას იტყვის მედიცინა ამ კუთხით, ჩვენ ჯერ არ ვიცით.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რაც აქ ვთქვით, თუ თავიდან მსგავს ფიქრებს, განცდებს ვერ ვიშორებთ და დაუსრულებელი თვითგვემის რეჟიმში ვიმყოფებით, აუცილებლად უნდა მივაკითხოთ ნევროლოგს და ფსიქოლოგს. ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ამ განცდების, დარდების და წონის საბოლოოდ დამარცხება გვინდა! 

სიცოცხლე გვინდა! 

ცხვირი მაღლა ჩემო მკითხველო!

დაიკიდეთ, დაიკიდეთ, დაიკიდეთ!!!

შევხვდებით.






Комментариев нет:

Отправить комментарий